ის, რაც ბავშვმა აუცილებლად ოჯახში უნდა ისწავლოს - ამ საქმეში სკოლის იმედზე ვერ იქნებით - მშობლები

ის, რაც ბავშვმა აუცილებლად ოჯახში უნდა ისწავლოს - ამ საქმეში სკოლის იმედზე ვერ იქნებით

2026-07-14 07:39:28+04:00
მიაჩვიეთ გოგონები არას თქმას და ნუ შეაქებთ მხოლოდ სისუფთავისა და დამჯერი ხასიათისთვის - როგორ გავზარდოთ თავდაჯერებული ქალიშვილი
ზოგი ბავშვი ბუნებრივად თავდაჯერებულია, ზოგს კი ამ უნარის გაძლიერება სჭირდება - როგორ გავუზარდოთ ბავშვს თავდაჯერება

როდესაც ბავშვი სკოლაში მიდის, ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ სწორედ იქ ჩამოყალიბდება ის ნამდვილ პიროვნებად. თუმცა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს: ვერც მასწავლებლები, ვერც წიგნები და ვერც „კარგი გარემო“ ვერ აღზრდის შვილებს ჩვენ ნაცვლად.

არსებობს საბაზისო უნარები, რომლებიც ბავშვს თანდათან სწორედ მშობლებმა უნდა განუვითარონ, რათა მან ცხოვრებაში თავი თავდაჯერებულად და უსაფრთხოდ იგრძნოს.

1. უსაფრთხოების წესები

უსაფრთხოების საფუძვლები მნიშვნელოვანი საგანია, ბევრი წესი ბავშვმა სკოლამდე უნდა იცოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მარტო გაშვება წარმოუდგენელია. როგორ გადავიდეს გზაზე, რატომ არ შეიძლება უცხოს სადმე გაჰყვეს, არ აიღოს მათგან საჩუქრები და არ შეჰყვეს ლიფტში, როგორ გამოიძახოს სასწრაფო დახმარება ან რა ქნას კრიტიკულ სიტუაციაში — ეს ყველაფერი ბავშვს უნდა ასწავლოთ.

3. ფულთან მოპყრობა

ბავშვს უნდა შეეძლოს სკოლის სასადილოში სადილის ყიდვა და ხურდის სწორად დათვლა. ასევე აქტუალურია საბანკო ბარათებისა თუ სმარტფონების გადახდის სისტემების გამოყენება. მოსწავლემ არა მხოლოდ პინ-კოდი უნდა იცოდეს, არამედ უნდა ესმოდეს, რომ მისი სხვებისთვის გაზიარება კატეგორიულად არ შეიძლება.

მნიშვნელოვანია აუხსნათ, რომ ფულის სესხება ან რაიმეს ყიდვა მხოლოდ მშობლებთან შეთანხმებით ხდება, ხოლო ცოტა დიდი თანხები საიმედოდ უნდა შეინახოს. ესაუბრეთ ფასებზე, ფულზე, ოჯახის მატერიალურ შესაზლებლობებზე. ბავშვმა უნდა იცოდეს, რა არის ხელფასი და სავალდებულო გადასახადები. აუხსენით, რატომ არ უნდა ენდონ ყოველთვის მაღაზიის აქციებს.

4. ბუნებაზე ზრუნვა

ესაუბრეთ ბავშვს პლასტმასისა და სხვა ნარჩენების გადამუშავებაზე. აჩვენეთ თვალსაჩინო მასალები იმის შესახებ, თუ რა ზიანი მოაქვს გაუაზრებელ მოხმარებასა და ბუნებისადმი გულგრილობას. რაც მთავარია, თავად იყავით მაგალითი: ნუ დაყრით ნაგავს ქუჩაში, დაახარისხეთ ნარჩენები და ერთად მიიღეთ მონაწილეობა დასუფთავების აქციებში.

გასართობი ზოოპარკების ნაცვლად, ზოგჯერ ესტუმრეთ ცხოველთა თავშესაფარს (რა თქმა უნდა, გემროელი საჩუქრებით). ეს ბავშვს ცხოველებისადმი სიყვარულსა და პასუხისმგებლობას ბევრად უკეთ ჩაუნერგავს, ვიდრე გალიაში გამოკეტილი ცხოველების თვალიერება. შესაძლებლობის შემთხვევაში, აიყვანეთ შინაური ცხოველი — ეს ბავშვში ჰუმანურობასა და მზრუნველობას განავითარებს.

5. ტექნიკასთან მუშაობა

უკვე დაწყებით კლასებში ბავშვებს პრეზენტაციების მომზადება უწევთ, ამიტომ კომპიუტერთან მუშაობა, სმარტფონის, ფლეშ-ბარათის, პრინტერის გამოყენება აუცილებელი უნარია და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე პლანშეტში თამაში.

ასევე, ბავშვმა უნდა იცოდეს სახლში არსებული საყოფაცხოვრებო ტექნიკის (მტვერსასრუტი, მიკროტალღური ღუმელი, სარეცხი მანქანა) სწორად ჩართვა-გამორთვა და უსაფრთხოების წესები, რათა თავიდან აიცილოს დაზიანებები.

6. კერძების მომზადება

თუ გარკვეულ ასაკამდე (მაგალითად, 10 წლამდე) ბავშვს არ შეუძლია მარტივი სალათის, ომლეტის, ბუტერბროდის მომზადება ან კვერცხის მოხარშვა, დიდია ალბათობა, რომ მოგვიანებით საერთოდ აღარ მოინდომოს ამის სწავლა და მშიერი დაგელოდოთ ან მავნე სწრაფი კვების პროდუქტებით ჩაანაცვლოს სადილი.

ბავშვებს თავისუფლად შეუძლიათ მაგიდის გაწყობა, ჭურჭლის გარეცხვა და მარტივი საუზმის მომზადება, თუკი ამის საშუალებას მისცემთ და წაახალისებთ. კრიტიკა („შენ მაინც არ გამოგივა, მე თვითონ გავაკეთებ“) ყოველგვარ სურვილს უკლავს ბავშვს. მოტივაციისთვის შეგიძლიათ შესთავაზოთ მისი საყვარელი ფილმის გმირების კერძების მომზადება — ინტერნეტში ბევრი მარტივი რეცეპტია.

7. უფლებები და კანონები

აქციეთ წესად, რომ პერიოდულად ბავშვს მარტივი მაგალითებით აუხსნათ ქვეყნის კანონები. ბევრს არ ესმის, რა ქმედებაა დასჯადი, თუმცა ინტუიციურად გრძნობს, რომ აშავებს.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკუთარი უფლებების ცოდნა — როგორც მოქალაქის, პიროვნებისა და მოსწავლის. განათლებული ბავშვი ამ ცოდნას საჭირო სიტუაციაში სწორად გამოიყენებს და არა უბრალოდ პროტესტის ნიშნად.

8. უარის თქმის უნარი

ამ უნარის არქონა ხშირად ხდება მიზეზი იმისა, რომ ბავშვი ცუდ კომპანიაში ან სახიფათო ავანტიურაში აღმოჩნდეს, რაც განსაკუთრებით თინეიჯერობისას ვლინდება.

  • „წამო, გაკვეთილები გავაცდინოთ?“ — „არა!“

  • „წამო ჩვენთან, სანამ მშობლები არ არიან?“ — „არა!“

  • „ეს დალიე...“ — „არა!“

ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ აქვთ სრული უფლება უარი თქვან იმაზე, რაც არ სურთ, თუნდაც ამას უფროსები ან თანატოლები აიძულებდნენ. მშვიდი, მტკიცე „არა“ ბავშვს არასასურველი გავლენებისგან იცავს.

9. პასუხისმგებლობა

პუნქტუალურობა მხოლოდ დროზე კი არა, პასუხისმგებლობაზეა. ასწავლეთ ბავშვს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. აუხსენით ლოგიკური კავშირი ქმედებებსა და შედეგებს შორის. მიეცით ასაკის შესაბამისი დავალებები: მაღაზიაში გასვლა, მრიცხველის ჩვენების აღება თუ წერილის გაგზავნა მას ნამდვილად შეუძლია.

ოჯახური მოვალეობებიც ამ პუნქტში შედის. ბავშვობიდანვე უნდა დაინერგოს სიტყვა „საჭიროა“, რათა სამომავლოდ თავიდან აირიდოთ ზარმაცი და სხვებზე დამოკიდებული ზრდასრულის ჩამოყალიბება.

10. სისუფთავე და ჰიგიენა

სასკოლო ფორმა, სამუშაო მაგიდა, საკუთარი ოთახი და პირადი ჰიგიენა — ყოველივე ამას ბავშვი პატარა ასაკიდანვე დამოუკიდებლად უნდა უვლიდეს. ჩაუნერგეთ მას მოუწესრიგებლობისა და ჭუჭყის მიმართ შეუწყნარებლობა.

დაუვარცხნელი თმა, დაკუჭული რვეულები თუ უსუფთაო ტანსაცმელი ყურადღებას იქცევს როგორც მასწავლებლების, ისე თანატოლების მხრიდან, რაც შესაძლოა დაცინვის მიზეზიც გახდეს.

11. მიზანდასახულობა

ყველა როდი იბადება ლიდერად, თუმცა ეს სულაც არ არის აუცილებელი სასურველის მისაღწევად. ასწავლეთ ბავშვებს მარცხის შიშის დაძლევა, საკუთარი სურვილების განსაზღვრა, მიზნების დასახვა და მათი ეტაპობრივი შესრულება. და, რა თქმა უნდა, ასწავლეთ წაგების ღირსეულად მიღება — ეს ოცნებისკენ მიმავალ გზაზე გარდაუვალია.

12. საკუთარი აზრის დაცვა

ბავშვს უნდა შეეძლოს საკუთარი პოზიციის ღიად, აგრესიის გარეშე გამოხატვა. ყველას აქვს თავისი შეხედულების უფლება, თუნდაც ის მცდარი იყოს. აუხსენით ბავშვს, რომ საპირისპირო აზრს ნუ შეხვდება მტრობით. სჯობს ყურადღებით მოუსმინოს სხვას და შემდეგ არგუმენტირებულად წარადგინოს საკუთარი ხედვა.

13. თვითგანათლება

ეს არ ეხება მხოლოდ სასკოლო პროგრამას. სკოლა მნიშვნელოვანია, მაგრამ ცოდნისადმი სიყვარულის გარეშე სწავლა მხოლოდ ნიშნებისა და მშობლების მოსაწონად დაზუთხვად იქცევა. ერთად გაიგეთ ახალი ამბები, იკითხეთ ხმამაღლა, გაუზიარეთ ერთმანეთს აღმოჩენები. მალე შეამჩნევთ, როგორ გაუჩნდება ბავშვს დამოუკიდებელი შემეცნების ნამდვილი ლტოლვა.

14. ემოციების შეგრძნება და გამოხატვა

სიხარული, სიყვარული, სევდა თუ ბრაზი — ეს ცხოვრებისებრი, ნორმალური გრძნობებია. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ ამ ემოციების უფლება აქვთ და არ არსებობს „არასწორი“ გრძნობა.

ასევე, უნდა ვასწავლოთ მეგობრობა, თანაგრძნობა და სხვისი დახმარება, თუმცა ისე, რომ საკუთარი თავით მანიპულირების საშუალება არავის მისცენ. მათ პატივი უნდა სცენ სხვის გრძნობებს და არასდროს დასცინონ სხვას.

15. საკუთარი თავის სიყვარული

ადრე თუ გვიან ბავშვს გაუჩნდება მეგობრების მხრიდან აღიარების ან ვინმეს მიბაძვის სურვილი. გაჩნდება ეჭვები საკუთარ სილამაზესა თუ ფასეულობაში. დაეხმარეთ მას საკუთარ თავში განსაკუთრებული თვისებების პოვნაში და ნებისმიერ სიტუაციაში თავის შეყვარებაში.

სწორედ ასეთი ადამიანი არ მისცემს სხვას მასთან ცუდად მოპყრობის უფლებას და მომავალშიც ღირსეულ პარტნიორს აირჩევს.