პირველად რომ შეხვდნენ ერთმანეთს, ლამინ იამალი 5 თვის იყო... - ორი ფენომენური ფეხბურთელი ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დაუპირისპირდება - მშობლები

პირველად რომ შეხვდნენ ერთმანეთს, ლამინ იამალი 5 თვის იყო... - ორი ფენომენური ფეხბურთელი ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დაუპირისპირდება

2026-07-17 12:02:05+04:00

ყველა დროის უდიადესი ფეხბურთელი და "ბარსელონას" მარჯვენა ფლანგზე მისი სამეფო გვირგვინის მემკვიდრე ერთმანეთს პირველად შეხვდებიან. ეს ისტორიული მატჩი კვირას, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, არგენტინისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის შედგება.

ლიონელ მესი უკვე 39 წლისაა, ხოლო ლამინ იამალი - 19-ის. პირველის დაუღალავი შეუპოვრობისა და მეორეს ნაადრევად სრულად გამოვლენილი ნიჭის დამსახურებაა, რომ სპორტის უმთავრეს არენაზე ისინი ერთმანეთს შეხვდებიან.

თუმცა, მათი გზები ახლა პირველად ნამდვილად არ იკვეთება...

ეს ჯერ კიდევ 2007 წელს მოხდა. მაშინ 20 წლის მესი "ბარსელონას" ძირითად შემადგენლობაში ახალი გადასული იყო. ლამინ იამალი კი ამ დროს მხოლოდ ხუთი თვის გახლდათ.

ეს შეხვედრა ფოტოგრაფ ჟოან მონფორტის მიერ გადაღებულ ფოტოების სერიაშია ასახული.

ფოტოებმა დღის შუქი ორი წლის წინ ხელახლა იხილა. მაშინ იამალი ესპანეთს ევრო 2024-ის მოგებაში ეხმარებოდა. მამამისმა ერთ-ერთი სურათი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და მას ასეთი წარწერა გაუკეთა: "ორი ლეგენდის დასაწყისი".

ფოტოებზე მომღიმარი მესი ხელში აყვანილ პატარა ჩვილს აბანავებს. ამ ბავშვს მომავალში, აუხსნელი მიზეზით, მისი საფეხბურთო გზა თითქმის იდენტურად უნდა გაემეორებინა…

"ეს ბედისწერის ნამდვილი სასწაულია", - აღნიშნავს მონფორტი BBC Sport-თან საუბარში.

lamin-iamali-2-1784275881.jpg

lamin-iamali-1-1784275834.jpg

"ეს არის ბედნიერი შემთხვევა - როდესაც პოულობ რაღაც განსაკუთრებულს, იმაზე ბევრად დიდებულს, ვიდრე ოდესმე წარმომედგინა. ფილმისთვის რომ დაგეწერა ეს სცენარი, რეალური არც კი მოგეჩვენებოდა", - ამბობს ფოტოგრაფი.

ფოტოსესია "ბარსელონას" სტადიონზე, "კამპ ნოუს" სტუმართა გასახდელში ჩატარდა.

ლამინ იამალის ოჯახმა იქ მოსახვედრად კონკურსში გაიმარჯვა.

მისი მშობლები - მაროკოში დაბადებული მუნირ ნასრაუი და ეკვატორული გვინეიდან დევნილი შეილა ებანა – ერთმანეთს კატალონიაში შეხვდნენ. ისინი იქ ბავშვობაში, საკუთარ ოჯახებთან ერთად გადასახლდნენ.

lamin-iamali-4-1784275897.jpg

ლამინ იამალი მათი უფროსი შვილია. მისი დაბადებიდან მალევე, მშობლებმა კატალონიურ გაზეთ Sport-ისა და Unicef-ის ერთობლივ გათამაშებაში მიიღეს მონაწილეობა.

შემთხვევითი პრინციპით შერჩეულ ბავშვებს პროფესიონალურ ფოტოებს "ბარსელონას" პირველი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად უღებდნენ.

გამარჯვებულთა შორის ლამინ იამალიც აღმოჩნდა. კლუბში მისულ ოჯახს კენჭისყრით სწორედ მესი შეხვდა.

"2024 წლამდე წარმოდგენაც არ მქონდა, ფოტოზე ლამინი თუ იყო. ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ მამამისმა სურათი Instagram-ზე ატვირთა", - იხსენებს მონფორტი.

"მესი ძალიან ჩაკეტილი, მორიდებული და მორცხვი ადამიანია. ის გასახდელში შემოვიდა და უცებ პატარა ჩვილთან ერთად ფოტოების გადაღება მოუწია. ის ბავშვი კი არა, სულ პაწაწინა ჩვილი იყო. მესის სახეზე მაშინვე დაეტყო, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა უნდა გაეკეთებინა! ახალგაზრდა კაცისთვის ეს რთული მომენტია. თუმცა, ლამინი ძალიან მხიარული და მომღიმარი ბავშვი გამოდგა. დედამისი, შეილა, ძალიან დაგვეხმარა. ის ახალგაზრდა გოგონა იყო. ოჯახი ძალიან ღარიბულად ცხოვრობდა, მაგრამ მათთან მუშაობა სასიამოვნო აღმოჩნდა.ვმესი მსგავს საქმეებს ყოველთვის პროფესიონალურად უდგებოდა და სიტუაციას ალღო ძალიან სწრაფად აუღო", - თქვა ფოტოგრაფმა.

lamin-iamali-6-1784275911.jpg

იამალს ორშაბათს შეუსრულდა 19 წელი. ამ დროისთვის მას უკვე ფანტასტიკური შედეგი - 56 გოლი აქვს გატანილი. მას სამჯერ ლა ლიგა, ერთხელ ესპანეთის თასი და ევრო 2024 აქვს მოგებული.

რეალურად, იამალი ფეხბურთელის გვარი კი არა, მისი მეორე სახელია.

მისი სრული სახელია ლამინ იამალ ნასრაუი ებანა. "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების მაისურებზე ის პირველ ორ სახელს ატარებს. ეს არის პატივისცემის გამოხატვა იმ ორი ადამიანის მიმართ, რომლებიც მის ოჯახს სიღარიბის დროს დაეხმარნენ.

ესპანურ მედიაში ფართოდ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იამალის მამამ შვილს სახელი სწორედ იმ ორი მეგობრის პატივსაცემად დაარქვა, რომლებიც ოჯახს მატერიალურად ეხმარებოდნენ. იმ პერიოდში ოჯახს ფინანსურად ძალიან უჭირდა.

არაბულად "ლამინი" გავრცელებული მამაკაცის სახელია და ქართულად "პატიოსანსა" თუ "სანდოს" ნიშნავს. "იამალი" კი ჯამალის ვარიანტია და "სინაზესა" თუ "სილამაზეს" გამოხატავს.

იამალი როკაფონდაში გაიზარდა. ეს არის მუშათა უბანი მატაროში, რომელიც ბარსელონიდან ჩრდილოეთით, 20 მილის დაშორებით მდებარეობს.

lamin-iamali-7-1784275935.jpg

ეს უბანი 1960-იან წლებში ესპანეთის სხვა რეგიონებიდან გადმოსახლებულთათვის აშენდა. როდესაც ისინი უფრო შეძლებულ უბნებში გადავიდნენ, 1990-იან წლებში იქ მიგრანტები სხვა ქვეყნებიდან ჩავიდნენ.

გატანილ გოლებს იამალი ხშირად თითებით გამოსახული ჟესტით "3-0-4" აღნიშნავს. ეს როკაფონდას საფოსტო ინდექსია.

"როდესაც ფული არ გაქვს, შვილს ფეხბურთის თამაშში ძალიან ძნელად თუ დაეხმარები. ჩემმა მშობლებმა კი ამ ყველაფრის მიღწევა შეძლეს. ეს არის ვალი, რომლის გადახდასაც მე მათთვის ვერასოდეს შევძლებ", - განაცხადა იამალმა ტურნირის დასაწყისში El Pais-თან ინტერვიუში.

lamin-iamali-11-1784276062.jpg

მონფორტისთვის, როგორც კატალონიელი "ბარსელონას" გულშემატკივრისთვის, მოედანზე ამ ორის დაპირისპირება თითქმის ორი ათეული წლის წინ დაწყებული ისტორიის იდეალური დასასრულია.

"ვფიქრობ, ჩვენ მათი ისტორიის ციკლს ვასრულებთ", - აღნიშნავს ახლა უკვე 58 წლის მონფორტი. - "ეს ბედნიერი ფინალია.

"მე ბარსელონას ქომაგი ვარ. ვფიქრობ, მესისთვის იდეალური იქნება კარიერის მსოფლიო ჩემპიონატის მეორედ მოგებით დასრულება. ის ამას ნამდვილად იმსახურებს.

lamin-iamali-10-1784276077.jpg

"ლამინს კი მსოფლიო თასის მსგავსი ჯილდოების მოსაგებად ჯერ კიდევ ბევრი დრო აქვს. თუმცა, ესპანეთი და ლამინი ახლა საუკეთესო ფორმაში არიან. ამ ტიტულის ახლა მოპოვება მისთვის სხვა ჯილდოებზე გაცილებით ძვირფასი იქნება. ჩემთვის ეს არჩევანი ძალიან რთულია. გული პირდაპირ ორ ნაწილად მეყოფა", - ამბობს ფოტოგრაფი, რომელმაც ისტორიული ფოტოები გადაიღო.

მედიაში ფოტოს ნამდვილობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა. თუმცა, რამდენიმე საათის წინ UNICEF-მა საბოლოოდ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ვირუსულად გავრცელებულ კადრებში მართლაც ლეო მესი და ლამინ იამალი არიან.

ლიონელ მესი იუბილარია - 5 წლის ასაკში დაწყებული დიდი გრძნობა და საშინელი ტრაგედია, რომელმაც ცხოვრების მთავარი ქალი აჩუქა
ის ესპანეთის ყველაზე ღარიბი და მივარდნილი, მიგრანტების რაიონიდან არის და ახლა მთელი თემისთვის იმედის სხივად იქცა - რას უჩვენებს თითებით გოლის შემდეგ იამალი და როგორ იქცა ვარსკვლავად