ქალი 7 წელი ითხოვდა უფლებას, დაებრმავებინა კაცი, რომელმაც ის დააბრმავა და დაასახიჩრა... თუმცა ბოლო მომენტში სასჯელი ვერ აღასრულა - ქორწინებაზე უარის გამო შეცვლილი ცხოვრება - მშობლები

ქალი 7 წელი ითხოვდა უფლებას, დაებრმავებინა კაცი, რომელმაც ის დააბრმავა და დაასახიჩრა... თუმცა ბოლო მომენტში სასჯელი ვერ აღასრულა - ქორწინებაზე უარის გამო შეცვლილი ცხოვრება

2026-07-18 00:02:57+04:00

სამწუხაროდ, ირანში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში, სადაც ქალებს ჯერ კიდევ უწევთ ელემენტარული უფლებებისთვის ბრძოლა, ქალის ჩვეულებრივ უარს შეხვედრაზე, ქორწინებაზე, თუ განქორწინების სურვილს, ხშირად მოჰყვება სასტიკი "შურისძიება" უარყოფილი მამაკაცების მხრიდან და ყველაზე "ტრადიციული" მეთოდი სახეში მჟავას შესხმაა, რის მსხვერპლიც ასობით ქალი ხდება.

ამენე ბაჰრამი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ირანელი ქალია, რომელმაც ბოლომდე იბრძოლა, რომ მისი ხმა ყველას გაეგონა.

2004 წელს თეირანში მისმა თანაკურსელმა, მაჯიდ მოვაჰედიმ, ამენეს სახეში გოგირდმჟავა შეასხა მას შემდეგ, რაც ბაჰრამიმ რამდენჯერმე უარი უთხრა ქორწინებაზე.

images-1-1784319603.jpg

090304-blinded-vmed-830a-1784319603.webp

თავდასხმის შედეგად ბაჰრამი ორივე თვალით დაბრმავდა და მძიმე დამწვრობები მიიღო.

ირანის სამართალში არსებობს ქისასის პრინციპი, რომელიც განზრახ მძიმე დაზიანების შემთხვევაში დაზარალებულს აძლევს უფლებას, მოითხოვოს „საპასუხო სასჯელი“ („თვალი თვალის წილ“). სწორედ ამ საფუძველზე ბაჰრამიმ მოითხოვა, რომ თავდამსხმელსაც დაეკარგა მხედველობა.

7 წელი ელოდა ქალი სამართალს და სასამართლომ მართლაც დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა. სასჯელი უნდა აღსრულებულიყო საავადმყოფოში, ექიმის ზედამხედველობით, და გავრცელებული ინფორმაციით, ბაჰრამის ან მისი წარმომადგენლის მონაწილეობით დამნაშავის თვალებში მჟავის წვეთები უნდა ჩაეწვეთებინათ. თუმცა 2011 წლის 31 ივლისს, სასჯელის აღსრულებამდე ბოლო წუთებში, ამენე ბაჰრამიმ მოულოდნელად თავდამსხმელი შეიწყალა და უარი თქვა ქისასის აღსრულებაზე. მან განაცხადა, რომ პატიება მისი პირადი გადაწყვეტილება იყო, თუმცა ამით არ უარყოფდა იმას, რომ მჟავით თავდასხმა მკაცრად უნდა ისჯებოდეს. მოგვიანებით მან კომპენსაცია (ე.წ. „სისხლის ფული“) მოითხოვა.

16110768742431-1784319603.jpg
თავდამსხმელი მაჯიდ მოვაჰედი

ამენეს ცხოვრება დღეს...

2004 წლის თავდასხმის შემდეგ, წლების განმავლობაში ქალს 17-ზე მეტი ოპერაცია ჩაუტარდა, ძირითადად ესპანეთში, თუმცა მხედველობის აღდგენა ვერ მოხერხდა.

თავდაპირველად საცხოვრებლად ესპანეთში, ბარსელონაში გადავიდა, სადაც მკურნალობას აგრძელებდა. მიუხედავად სიბრმავისა, დამოუკიდებლად ცხოვრებასაც სწავლობდა — გადაადგილებას, საჭმლის მომზადებას და ყოველდღიურ საქმიანობას.მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელი შეიწყალა, კომპენსაცია (დია), რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა მიეღო, მისი თქმით, სრულად არ მიუღია. სწორედ ამის გამო არაერთხელ დაბრუნდა ირანში, რათა სამართლებრივი პროცედურები გაეგრძელებინა და მკურნალობის ხარჯებისთვის თანხა მიეღო.

რაც შეეხება მის დამოკიდებულებას თავდამსხმელის მიმართ, ბაჰრამი წლების შემდეგ ამბობდა, რომ პატიება მისთვის შურისძიებაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, თუმცა ეს არ ნიშნავდა, რომ დამნაშავე პასუხს არ უნდა აგებდეს. პირიქით, ის დღემდე აქტიურად საუბრობს მჟავით თავდასხმების პრობლემაზე და ითხოვს, რომ ასეთი დანაშაულები მკაცრად ისჯებოდეს.

images-1784319603.jpg

ბაჰრამი არაერთ ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ ყველაზე მძიმე არა მხოლოდ სიბრმავე, არამედ სახის დამახინჯება იყო. და ასევე, მისი თქმით, მას სურდა, საზოგადოებას ის მხოლოდ როგორც „მჟავით თავდასხმის მსხვერპლი“ კი არა, არამედ როგორც ძლიერი ადამიანი დაემახსოვრებინა, რომელმაც ცხოვრება თავიდან დაიწყო...

როგორ ცხოვრობს ქალი, რომელსაც 20 წლის წინ უარყოფილმა საქმრომ გოგირდმჟავა შეასხა და მას მერე 200 ოპერაცია გადაიტანა?
ირანელი ქალი, რომელსაც მჟავა შეასხეს ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო... - ის გადარჩა და დღესაც იბრძვის
მამამ თმა მოკლედ შეაჭრა და ბიჭივით გაზარდა, რომ დაეცვა სხვა ავღანელი ქალების ხვედრისგან და თავისუფლება მიეცა ... - ცნობილი ავღანელი ჟურნალისტის ამბავი