როგორც ცნობილია, მომღერალი ირაკლი ფირცხალავა 12 წლის შემდეგ ყოფილ მეუღლეს, ელენა გრებენშჩიკოვას დაუბრუნდა და მასთან ერთად რეალითი შოუში „ფსონი სიყვარულზე“ გამოჩნდა (წყვილი 2009 წელს დაქორწინდა და ორი ვაჟი - 15 წლის ილია და 13 წლის ალექსანდრე შეეძინათ, თუმცა 2014 წელს დაშორება გადაწყვიტეს. ახლა კი ეცადნენ, ყველაფერი თავიდან დაეწყოთ).
„რეალითი შოუში მონაწილეობა იმის გააზრების მცდელობაა, აქვს თუ არა ჩვენს ურთიერთობას მომავალი, თუ დროა, ყველაფერი დავასრულოთ“, - აღიარეს მაშინ ყოფილმა მეუღლეებმა.


აღსანიშნავია, რომ ბევრს არ სჯეროდა, რომ წყვილი ამდენი წლის შემდეგ ნამდვილად შერიგდა. ინტერნეტის მომხმარებლები თვლიდნენ, რომ ისინი უბრალოდ შოუს მიმართ ინტერესს აღვივებდნენ.
თუმცა შოუს ფინალში, რომელშიც საბოლოოდ მათ ვერ გაიმარჯვეს, მორიგი დაძაბული შეჯიბრის შემდეგ, მოხდა მთელი სეზონის ყველაზე რომანტიკული მომენტი. ირაკლიმ მოულოდნელად კვლავ სთხოვა ელენას ხელი. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი რამდენიმე წლით ადრე დაქორწინებული და განქორწინებული იყო, მათი ისტორია გაგრძელდა. ელენა დათანხმდა და სხვა კონკურსანტებიც ამ მომენტს აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
12 წლის წინ, როცა წყვილი ერთმანეთს დაშორდა, მუსიკოსმა აღიარა, რომ სურდა ამის საიდუმლოდ შენახვა, მაგრამ მოუწია ამ ვითარების შესახებ საუბარი, რათა მის ოჯახს კითხვებით შეწუხება შეეწყვიტა.
„დიახ, უკვე რამდენიმე თვეა მარტო ვცხოვრობ; სახლი დავტოვე. მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა იციან: როდესაც დავქორწინდი, მეგონა, რომ ეს სამუდამოდ იყო. ამას ძალიან სერიოზულად ვეკიდები. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი განზრახვები არ ემთხვეოდა ღვთის გეგმებს. მივხვდი, რომ ზოგიერთი სიტუაცია ადამიანის კონტროლს სცილდება. და არის შემთხვევები, როდესაც უბრალოდ უნდა შეეგუო ცხოვრებას ისეთს, როგორიც არის. ბოლო დროს ჩვენი ურთიერთობა ჩიხში შევიდა. არ ვიცი, რა მოხდება შემდეგ - ეს ყველაფერი ღვთის ნებაა. მაგრამ მე რატომღაც შევეგუე ამ სიტუაციას“, - აღიარა ირაკლიმ.


ირაკლი ფირცხალავა 1977 წლის13 სექტემბერს დაიბადა მოსკოვში. მამამისი, ნიკოლოზ ქსნელაშვილი, თბილისში ცნობილი გინეკოლოგი იყო, თუმცა შვილის დაბადებიდან მალევე დედას, ნანა ფირცხალავას დაშორდა. პროფესიით ინჟინერმა დედამ ირაკლი მარტო გაზარდა.
ბავშვობაში ირაკლიმ 5 სკოლა გამოიცვალა და სწავლობდა სპორტულ სკოლა-ინტერნატში ფრანგული განხრით. ბავშვობიდან ფეხბურთელობაზე ოცნებობდა, მაგრამ დედის დაჟინებული სურვილით, 5 წლის ასაკში მუსიკალურ სკოლაში ჩაირიცხა. 13 წლისამ მიატოვა მუსიკალური სასწავლებელი და 2 წელი საფეხბურთო კლუბ "ლოკომოტივში" ვარჯიშობდა. მოგვიანებით, მიხვდა, რომ წარმატებული საფეხბურთო კარიერის შესაქმნელად უკვე ძალიან დიდი იყო და იმის გააზრებით, რომ მუდმივად მეორე შემადგენლობაში ითამაშებდა, დატოვა საყვარელი კლუბი. შენდეგ დაიწყო მუსიკალური კარიერა და რამდენიმე ჰიტის დამსახურებით, რუსული ესტრადის ვარსკვლავი მალევე გახდა.
ამჟამად ირაკლი ბათუმში ცხოვრობს, სადაც ბიზნესს მართავს და შემოქმედებით საქმიანობას აგრძელებს.