19 წლის ლამინ იამალი, მცირე ასაკის მიუხედავად, უკვე ლეგენდაა. ჯერ კიდევ წინა მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიბრწყინა, ახლა კი, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებულის რანგში დაასრულა. ესპანეთის გამარჯვებაში მას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი და ფენომენურ ფეხბურთელზე კვლავ მსოფლიო საუბრობს.
ის, რომ ლამინი მიგრანტების ოჯახის წევრია და საკმაოდ მივარდნილ რაიონში გაიზარდა, სიღარიბეში, ცნობილი ამბავია. ბარსელონასთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ მატაროში დაიბადა 2007 წლის 13 ივლისს, და ძალიან უყვარს ეს ადგილი.
ლამინმა ერთხელ მოყვა, როგორ მოხვდნენ მისი მშობლები ესპანეთში - ბებია მაროკოდან არალეგალურად გადავიდა ესპანეთში და ერთდროულად სამ ცვლაში მუშაობდა, რათა შვილიც (მუნირი) ჩამოეყვანა. დედა ეკვატორული გვინეიდან ბებიასთან ერთად ჩავიდა ბარსელონაში.
საფირმო ნიშანი 304, რომელსაც ის თითებით აკეთებს ტრიუმფის მომენტში, იმ რაიონის პატივისცემის ნიშნად არის, რომელშიც გაიზარდა - როკაფონდა 304. ეს რაიონი მიიჩნევა ყველაზე ღარიბ და მივარდნილ უბნად არა მხოლოდ კატალონიაში, არამედ მთელ ესპანეთში და ამ რაიონიდან წამოსული ბიჭის წარმატებები, ძალიან დიდი მოტივაციაა იქ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. იქ ძირითადად იმიგრანტები ცხოვრობენ, ისევე, როგორც არიან ლამინის წინაპრები. დედამისი ეკვატორული გვინეიდან არის, მამა - მაროკოელია. მამას უყვარდა ფეხბურთი და ლამინი ამბობდა, რომ სწორედ მამისა და ბიძის თამაშმა შეაყვარა ფეხბურთი. ბავშვობიდან მთელ დღეებს ქუჩაში ატარებდა, ბურთს დასდევდა. მერე კი მამამ, რომელიც იმ დროისთვის უკე გაშორებული იყო ცოლს, თუმცა შვილს ყურადღებას არ აკლებდა, ბიჭუნა საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" აკადემიაში მიიყვანა. იქ მაშინვე მიხვდნენ, ვისთან ჰქონდათ საქმე და იამალის დატოვება გადაწყვიტეს, თუმცა მამამ მოითხოვა პირობა - თუ იამალი დარჩებოდა, მას იქვე უნდა მიეღო განათლება.
ესპანეთში ამბობენ, რომ იამალის წარმატება არ არის მხოლოდ მისი წარმატება, ეს არის იმედი მთელი იმ თემისთვის, რომელიც წლები მიდიოდა დეგრადირებისკენ და იგნორირებული იყო დანარჩენი მოსახლეობის მიერ. ეს არის იმედი იმ ხალხისთვის, რომელსაც იმედიც გაუქრა ამ ჩაკეტილი წრის გარღვევის.
არასრულწლოვანი მშობლები
ის, რაც ნაკლებად არის ცნობილი, ლამინის მშობლების ასაკია მისი დაბადების მომენტში. ლამინს საკმაოდ ახალგაზრდა მშობლები ჰყავს. აღმოჩნდა, რომ დედამისი, შეილა ებანა, 16 წლის იყო, ლამინი რომ გააჩინა, ხოლო მამამისი, მუნირ ნასრაუი, 15 წლის. ოფიციალურად არ იყვნენ დაქორწინებულები (ამის დამადასტურებელი სანდო ინფორმაცია არ არსებობს). და გარკვეულ ხანს არასლრულწლოვანი წყვილი, ახალშობილით, სპეციალურ ახალგაზრდულ ცენტრში, საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა, სადაც გარკვეულ სოციალურ მხარდაჭერას იღებდნენ.
„დედაჩემმა 16 წლისამ გამაჩინა, მამაჩემი კი ყველანაირად ცდილობდა, სახლში საჭმელი მოეტანა. აი, ეს არის ნამდვილი წნეხი. მე მხოლოდ ფეხბურთი უნდა ვითამაშო.“ - აღნიშნა ერთხელ ლამინმა, - „ჩემმა მშობლები აქ (ესპანეთში) გაიცნეს ერთმანეთი. ცხოვრება დავიწყეთ ახალგაზრდა მშობლების რეზიდენციაში, სადაც საერთო სასადილო იყო. შემდეგ კი იქ ვცხოვრობდით, სადაც შევძლებდით — ხან მეგობარი გვათხოვებდა ოთახს, სანამ მშობლები არ დაშორდნენ...“
როდესაც ლამინი 3 წლის იყო, მისი მშობლები დაშორდნენ ერთმანეთს, თუმცა ორივე აქტიურად იყო ჩართული შვილის აღზრდაში და მისი კარიერის განვითარებაში.
„თუ ფული არ გაქვს, ძალიან რთულია, ბავშვმა ფეხბურთი ითამაშოს. ძალიან რთულია, დღესასწაულზე საჩუქარი უყიდო. ჩემმა მშობლებმა ეს ყველაფერი მაინც მოახერხეს და ამას ვერასოდეს გადავუხდი.“ - ამბობს ლამინი, - „ვხედავდი, როგორ იტანჯებოდა დედაჩემი და ყველაფერს აკეთებდა, რომ მე ბედნიერი ვყოფილიყავი. სწორედ ამან მაიძულა, ძალიან ადრე გავზრდილიყავი...“
დაშორების შემდეგ, ლამინის დედა სწრაფი კვების ობიექტში მუშაობდა, რათა ლამინი ერჩინა, ხოლო მამა სხვადასხვა სამუშაოს ასრულებდა. დღეს ორივე ძალიან ამაყობს შვილით.