რა იცვლება სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტების დაფინანსებაში - ვის აღარ შეეხება სახელმწიფო გრანტი 2026 წლიდან - მშობლები

"ჯარისკაცების და ვეტერანების შვილები კერძოშიც თავისუფლდებიან გადასახადისგან?"..."სოციალურად დაუცველებს კერძო უნივერსიტეტებშიც აფინანსებს სახელმწიფო?" - პასუხი სამინისტროდან

2026-07-22 09:51:44+04:00

"ჯარისკაცების და ვეტერანების შვილები კერძოშიც თავისუფლდებიან გადასახადისგან?"..."სოციალურად დაუცველებს კერძო უნივერსიტეტებშიც აფინანსებს სახელმწიფო?" - ეს შეკითხვები აბიტურიენტთა ჯგუფებში ხშირად ისმის მას შემდეგ, რაც სტუდენტს სახელმწიფი გრანტით სარგებლობა კერძო უნივერსიტეტებში აღარ შეუძლია.

როგორც ცნობილია, 2026-2027 სასწავლო წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო იქნება, კერძო უნივერსიტეტებში კი სტუდენტი გრანტით ვეღარ ისარგებლებს. ამ ცვლილებების ფონზე გაჩნდა კითხვა, კვლავ დაფინანსდებიან თუ არა კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხული ის სტუდენტები, რომლებიც წინა წლებში სოციალური პროგრამის ფარგლებში ფინანსდებოდნენ. მაგალითად, გასულ წლებში სახელმწიფო გრანტით სარგებლოდნენ მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი, სამხედრო მოსამსახურეთა შვილები, მაღალმთიანი რეგიონის მცხოვრებნი და ა.შ. და ეს დაფინანსება კერძო უნივერსიტეტებშიც ეძლეოდათ.

როგორც აღმოჩნდა, ეს პრაქტიკა უქმდება - ახალი სასწავლო წლიდან სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების წესში მნიშვნელოვანი ცვლილებები ამოქმედდა. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტები აღნიშნულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ. ანუ დაფინანსებით ვეღარ ისარგელებენ ის აბიტურიენტები, რომლებიც უნივერსიტეტში სწავლას 2026-2027 სასწავლო წლიდან დაიწყებენ.

ამის შესახებ ინფორმაცია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ვებგვერდზეცაა გამოქვეყნებული.

ვინ შეძლებს სოციალური გრანტის მიღებას?

სამინისტროს განმარტებით, სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენა შეუძლიათ მხოლოდ იმ სტუდენტებს, რომლებიც 2020-2025 (ან კონკრეტული კატეგორიის მიხედვით 2021-2025, 2024-2025 ან 2025) წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხნენ ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში და მიეკუთვნებიან დადგენილ სოციალურ კატეგორიებს.

მათ შორის არიან:

  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა შვილები;
  • უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა შვილები;
  • ომის ვეტერანები და მათი შვილები;
  • სამშვიდობო მისიების დროს დაღუპული სამხედროების შვილები;
  • ობლები;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები;
  • აუტიზმის სპექტრის მქონე სტუდენტები;
  • ინკლუზიური განათლების პროგრამის ბენეფიციარები;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან მიღებული სრული ზოგადი განათლების მქონე სტუდენტები;
  • სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 ან ნაკლებია.

რას ნიშნავს ცვლილება 2026 წლის აბიტურიენტებისთვის?

თუ აქამდე სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებით სარგებლობა შეეძლოთ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებს, 2026 წლის ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული ახალგაზრდები ამ კონკურსში ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას.

ამასთან, განათლების სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, უკვე მოქმედი სტუდენტები სწავლის დასრულებამდე დაფინანსებას შეინარჩუნებენ, ხოლო ცვლილება მხოლოდ ახალ ნაკადს შეეხება.

მათთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა ისედაც უფასო იქნება. კერძო უნივერსიტეტებში კი სოციალური პროგრამის ფარგლებში, გრანტს ვერ მოიპოვებენ.

როგორ უნდა წარადგინონ განაცხადი მოქმედმა, გასულ წლებში ჩარიცხულმა სტუდენტებმა?

ამ ეტაპზე, განცხადებების წარდგენა დაფინანსების მოპოვების მიზნით, შეუძლიათ, 2025 წლის 17 დეკემბრამდე აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ სტუდენტებს.

განცხადებების მიღება მხოლოდ ელექტრონულად, პორტალზე socreg.mes.gov.ge განხორციელდება.

2026 წელს განაცხადების მიღების ვადაა 26 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი. მხოლოდ პორტალზე რეგისტრაცია საკმარისი არ არის - სტუდენტმა რეგისტრაციის შემდეგ აუცილებლად უნდა შეავსოს და გააგზავნოს განაცხადიც.

როგორ ნაწილდება დაფინანსება?

თუ კონკრეტულ კატეგორიაში დაფინანსების მსურველთა რაოდენობა გამოყოფილ ადგილებს აღემატება, გრანტი გაიცემა ერთიანი ეროვნული გამოცდების საგრანტო ქულების მიხედვით.

მაგალითად, თუ ერთ კატეგორიაში 100 სტუდენტი განაცხადს შეიტანს, ხოლო დაფინანსება მხოლოდ 50 ადგილისთვის იქნება გათვალისწინებული, გრანტს მიიღებს ის 50 სტუდენტი, რომელსაც ყველაზე მაღალი საგრანტო ქულა ექნება.

რა ოდენობისაა სოციალური გრანტი?

სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა 2250 ლარია სასწავლო წლის განმავლობაში.

თუ სტუდენტის სწავლის საფასური ამ თანხას აღემატება, სხვაობას თავად ფარავს, ხოლო თუ სწავლების საფასური 2250 ლარზე ნაკლებია, სახელმწიფო სრულად აფინანსებს სწავლის ღირებულებას.

შეუძლიათ თუ არა ნაწილობრივი გრანტის მქონე სტუდენტებს მონაწილეობა?

სტუდენტებს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე ნაწილობრივი სახელმწიფო გრანტი მოიპოვეს, შეუძლიათ სოციალური პროგრამის კონკურსში მონაწილეობა გრანტის სრული - 2250-ლარიანი ოდენობის შევსების მიზნით.

როდის გახდება ცნობილი შედეგები?

სამინისტროს ინფორმაციით, დაფინანსებულ სტუდენტთა სიის გამოქვეყნება სავარაუდოდ ნოემბერში იგეგმება, ხოლო შედეგების შესახებ ინფორმაცია სტუდენტები რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებენ.

ვრცლად ინფორმაციას შეგიძლიათ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ვებგვერდზე გაეცნოთ.

თამარ იაკობაშვილი