რა უნდა გააკეთოთ მას შემდეგ, რაც სასურველ უნივერსიტეტში ჩაირიცხებით - პირველკურსელის გზამკვლევი - მშობლები

რა უნდა გააკეთოთ მას შემდეგ, რაც სასურველ უნივერსიტეტში ჩაირიცხებით - პირველკურსელის გზამკვლევი

2026-07-15 09:44:08+04:00

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგებისა და უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლების მოპოვების შემდეგ ბევრ აბიტურიენტს ჰგონია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი უკვე დასრულდა. რეალურად კი სწორედ მაშინ იწყება ახალი პროცესი, რომელიც არანაკლებ ყურადღებას მოითხოვს.

თუ ჩარიცხვის შემდეგ აუცილებელ ვადებს ან პროცედურებს გამოტოვებთ, შესაძლოა, სწავლაც კი დაგვიანებით დაიწყოთ. ამიტომ, გთავაზობთ პირველკურსელის გზამკვლევს - რა უნდა გააკეთოთ მას შემდეგ, რაც სასურველ უნივერსიტეტში ჩაირიცხებით:

1. გადაამოწმეთ ოფიციალური ინფორმაცია

პირველი ნაბიჯი უნივერსიტეტის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური ქსელების გვერდების მუდმივი მონიტორინგია. სწორედ იქ ქვეყნდება ინფორმაცია:

  • ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადების შესახებ;
  • საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალზე;
  • რეგისტრაციის ფორმატზე (ონლაინ თუ ადგილზე);
  • სწავლის საფასურის გადახდის წესზე;
  • სასწავლო პროცესის დაწყების თარიღზე.

არ დაეყრდნოთ მხოლოდ მეგობრების ან სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას - ყოველთვის გადაამოწმეთ ოფიციალური წყარო.

2. დროულად გაიარეთ ადმინისტრაციული რეგისტრაცია

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩარიცხვის უფლების მოპოვება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ სტუდენტის სტატუსი უკვე მიიღეთ.

თითოეულ უნივერსიტეტს აქვს ადმინისტრაციული რეგისტრაციის საკუთარი ვადები და პროცედურები. თუ ამ ეტაპს გამოტოვებთ, შესაძლოა, უნივერსიტეტმა თქვენი რეგისტრაცია ვერ დაასრულოს.

როგორც წესი, ადმინისტრაციული რეგისტრაციის დროს, უნივერსიტეტში თქვენს პირად მონაცემებს ავსებენ, ითხოვენ წარსადგენ დოკუმენტებს და გეხმარებიან, რომ ელექტრონული სისტემა გაიაქტიუროთ.

3. მოამზადეთ საჭირო დოკუმენტები

ზუსტი ჩამონათვალი სხვადასხვა უნივერსიტეტში შეიძლება განსხვავდებოდეს, თუმცა, როგორც წესი, პირველკურსელებს სთხოვენ:

  • პირადობის მოწმობას;
  • ფოტოს (ზომით 3X4 - თუ მოთხოვნილია);
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს ან მის ასლს. ზოგიერთი უნივერსიტეტი ატესტატის დედანს ითხოვს. ზოგი ნოტარიულად დამოწმებულ ასლს.
  • ბიჭების შემთხვევაში, სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • სხვა დოკუმენტებს, რომლებიც უნივერსიტეტის წესებითაა განსაზღვრული. მაგალითად, ასეთი შეიძლება, იყოს უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ სრულ ჩამონათვალს თითოეული უნივერსიტეტი თავიანთ ვებგვერდზე აქვეყნებს. ამიტომ, ყურადღებით უნდა იყოთ.

რეგისტრაციამდე აუცილებლად გადაამოწმეთ, ხომ არ არის მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაცია.

4. თუ სწავლა ფასიანია - გაითვალისწინეთ ფინანსური საკითხებიც

2026-2027 სასწავლო წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო იქნება. კერძო უნივერსიტეტებში კი გრანტი აღარ მოქმედებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, შემდეგი საკითხები გაითვალისწინოთ:

  • სწავლის საფასურის გადახდის ვადებს;
  • შესაძლებელია თუ არა თანხის ეტაპობრივად გადახდა - ანუ რამდენიმე ნაწილად გაყოფა, თუ პირველი სემესტრის თანხა ერთიანად უნდა გადაიხადოთ;
  • რა პირობებით მოქმედებს შიდა დაფინანსება ან სტიპენდია.

ეს მნიშვნელოვანი დეტალია იმისათვის, რომ ჯერ რეგისტრაცია გაიაროთ, შემდეგ კი სემესტრის მიმდინარეობისას ფინანსური პრობლემები არ შეგექმნათ. მაგალითად, ზოგიერთი უნივერსიტეტი იმ სტუდენტს, რომელსაც დავალიანება აქვს, შუალედურ და ფინალურ გამოცდაზე არ უშვებს.

5. გააქტიურეთ სტუდენტური ელექტრონული სისტემა

დღეს თითქმის ყველა უნივერსიტეტი იყენებს სტუდენტურ ელექტრონულ პორტალს.

სწორედ ამ სისტემაში ქვეყნდება:

  • სასწავლო ცხრილი;
  • საგნები;
  • შეფასებები;
  • გამოცდების განრიგი;
  • ადმინისტრაციული შეტყობინებები.

პირველივე დღეებში დარწმუნდით, რომ სისტემაში შესვლა შეგიძლიათ და პირადი მონაცემები სწორადაა მითითებული.

ამისათვის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსაც შეგიძლიათ, დახმარება სთხოვოთ. თუ სისტემას არ გაააქტიურებთ, ფაქტობრივად, პროცესს ჩამორჩებით. სწორედ ელექტრონულ სისტემებშია სილაბუსები, დავალებები და სხვა საჭირო რესურსები ატვირთული.

6. გაეცანით სასწავლო პროგრამას

ბევრი პირველკურსელი მხოლოდ სექტემბერში იგებს, რა საგნებს ისწავლის.

სასურველია, წინასწარ გაეცნოთ:

  • სასწავლო პროგრამას;
  • სასწავლო გეგმას;
  • სავალდებულო და არჩევით საგნებს;
  • კრედიტების რაოდენობას;
  • უნივერსიტეტის აკადემიურ წესებს.

ეს დაგეხმარებათ, უკეთ დაგეგმოთ პირველი სემესტრი. ბევრი უნივერსიტეტის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნებულია, რა ისწავლება კონკრეტულ პროგრამაზე და შეგიძლიათ, გადაამოწმოთ.

7. დაიმახსოვრეთ აკადემიური წესები

უნივერსიტეტში სწავლა მნიშვნელოვნად განსხვავდება სკოლისგან.

ყურადღება მიაქციეთ:

  • დასწრების წესს;
  • გამოცდებზე დაშვების პირობებს;
  • გაცდენების ლიმიტს;
  • შეფასების სისტემას;
  • აკადემიური კეთილსინდისიერების წესებს.

პლაგიატი, სხვისი ნაშრომის გამოყენება ან გამოცდაზე წესების დარღვევა უნივერსიტეტებში, როგორც წესი, მკაცრად ფასდება. გარდა ამისა, ყველა ლექტორს შეფასების საკუთარი სისტემა აქვს. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გაცნობითი ხასიათის ლექცია არ გააცდინოთ და პირადად ლექტორისგანაც მოისმინოთ, რაში იწერება ქულა, რა გექნებათ სემესტრის განმავლობაში შესასრულებელი და ასე შემდეგ.

8. მიიღეთ ინფორმაცია სტუდენტური სერვისების შესახებ

ბევრ უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია:

  • ბიბლიოთეკა;
  • კარიერული განვითარების ცენტრი;
  • გაცვლითი პროგრამები;
  • სპორტული და კულტურული კლუბები;
  • სტუდენტური თვითმმართველობა.

ამ შესაძლებლობების გაცნობა სწავლის დაწყებამდეც ღირს. ეს დაგეხმარებათ, რომ სწავლის პარალელურად, ბევრი განსხვავებული გამოცდილება და მოგონება დააგროვოთ.

9. თუ სხვა ქალაქიდან ჩამოდიხართ

რეგიონიდან ჩამოსულმა სტუდენტებმა წინასწარ უნდა დაგეგმონ:

  • საცხოვრებელი;
  • ტრანსპორტი;
  • ყოველდღიური ხარჯები;
  • უნივერსიტეტამდე გადაადგილების დრო.

თუ უნივერსიტეტს სტუდენტური საცხოვრებელი აქვს, რეგისტრაციის პირობებიც დროულად უნდა გადაამოწმოთ.

10. არ შეგეშინდეთ პირველი დღეების

პირველი ლექცია, ახალი გარემო, უცნობი ადამიანები - ეს ყველაფერი ბუნებრივად იწვევს მღელვარებას.

გახსოვდეთ, რომ თითქმის ყველა პირველკურსელი მსგავს მდგომარეობაშია. რამდენიმე დღეში გარემოს შეეჩვევით, გაიცნობთ ჯგუფელებსა და ლექტორებს და სასწავლო პროცესიც ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

მნიშვნელოვანია, ჩარიცხვიდან მალევე გადაამოწმოთ, რა ვადაში შეგიძლიათ, სტუდენტური ბარათის აღება. სტუდენტური ბარათით შეღავათიან ფასში იმგზავრებთ და ამავდროულად, სხვა სერვისებზეც მიიღებთ ფასდაკლებებს.

წარმატებული სტუდენტური ცხოვრების პირველი ნაბიჯი სწორედ ადმინისტრაციული პროცედურების დროული გავლა, საკუთარი უფლებებისა და ვალდებულებების გაცნობა და სწავლისთვის წინასწარ მომზადებაა.

თუ ყველა აუცილებელ ვადას დაიცავთ, რეგისტრაციას დროულად გაივლით და უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ყურადღებით გაეცნობით, სექტემბერში ახალი ეტაპის დაწყებას გაცილებით მშვიდად და თავდაჯერებულად შეხვდებით.

როდის დაიწყება საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლა - თარიღები