ანი ტყებუჩავას პოდკასტ "მეხუთე ელემენტის" სტუმრები იყვნენ მსახიობები ნანკა კალატოზიშვილი და ეკა დემეტრაძე, რომლებიც წლებია, მეგობრობენ და ერთმანეთს მხარში უდგანან, როგორც მარტოხელა დედები. სხვა თემებთან ერთად, ისაუბრეს შვილების აღზრდაზე და კარიერასთან ერთად მარტოხელა დედობის სირთულეებზე. ეკას თქმით, საკმაოდ რთული იყო მისთვის მსახიობის დატვირთული რეჟიმი და თან შვილის აღზრდა, ხშირად უწევდა მისი მარტო დატოვებაც, როცა დამტოვებელი არ იყო, ან თან დაჰყავდა რეპეტიციებზე და გადაღებებზე. ამბობს, რომ ამას თავისი პლუსიც აღმოაჩნდა - მისი შვილი დამოუკიდებელი ადამიანია და ადრე განივითარა ეს უნარები. ნანკამ კი აღიარა, რომ დედასთან ცხოვრობს და დედის დახმარების და ჩართულობის წყალობით, ამ ტიპის სირთულეები ნაკლებად ჰქონდა. ორივემ აღნიშნა ასევე, რომ შვილებთან უფრო მეგობრული ურთიერთობა აქვთ, გარკვეული საზღვრების დაცვით.
ეკა დემეტრაძე:
- თომა ცოტა რომ წამოიზარდა, მაშინ მივხვდი, რომ ბავშვისთვის ძალიან რთულია, როცა დედაც მსახიობია და მამაც. ისედაც სულ გადარბენაზე ვიყავით. პატარა რომ იყო, ამბობდა: „გავტეხავ რეპეტიციას“, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ლაპარაკი ახალი დაწყებული ჰქონდა. ძალიან დიდი სტრესი ჰქონდა. „რეპეტიცია“ ეგონა რაღაც ნივთი. როცა ვეუბნებოდი, რეპეტიციაზე მივდივარ, ალბათ ეგონა, რომ რეპეტიცია რაღაც კონკრეტული ადგილი ან სცენა იყო. ახლა რომ ვეკითხები, აღარ ახსოვს.
მერე თეატრში რომ დამყავდა, იქ ყოფნაც არ მოსწონდა, რადგან სულ ვეუბნებოდი: „ჩუმად დაჯექი, არ გაინძრე“, იმიტომ რომ ერთხელ-ორჯერ სცენაზეც შემობოდიალდა. გადაღებაზეც არ უყვარდა, იქაც დიდი ქაოსი იყო.მერე, ძლივს რომ მოვიცლიდით და სადმე ერთად წავიდოდით, უცებ ბავშვები დაგვესეოდნენ, რომ ჩვენთან ფოტოები გადაეღოთ. მახსოვს, ძალიან ღიზიანდებოდა. თითქოს ისედაც სულ დაკავებული მშობლები ჰყავდა, და როცა ერთად ვიყავით, სხვა ბავშვები კიდევ ართმევდნენ ჩვენს თავს. ჩვენც სულ ვეუბნებოდით: „თომა, ერთი წუთი მოიცადე“, და ისევ სხვებს ვუთმობდით დროს.
ამ ყველაფერს მერე ისიც დაემატა, რომ მე და გიორგი გავშორდით. მაშინ მივხვდი, რა შეიძლებოდა ხდებოდეს მის გულში, ტვინში და პირად სივრცეში. ხუთი-ექვსი წლის იყო. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ამ ყველაფერს ბევრად მეტი ყურადღება სჭირდებოდა.
ახლა უკვე დიდია, თან ცოტა მოსწონს კიდეც, რომ დედამისი მსახიობია. შეეჩვია. მაგრამ თავიდან შევამჩნიე, რომ მეგობრები სახლში არ მოჰყავდა. ერთხელ-ორჯერ რომ მოიყვანა, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, ბავშვებმა მე რომ დამინახეს, ყურადღება მთლიანად ჩემზე გადმოვიდა — ფოტოები უნდოდათ, კითხვებს მისვამდნენ, იმიტომ, რომ ტელევიზორში მხედავდნენ. მივხვდი, ეს თომასთვის სტრესი იყო. მისი პირადი სივრცე უბრალოდ კი არ ილახებოდა — საერთოდ არ არსებობდა. ბავშვი ვერ ქმნიდა საკუთარ ბიოგრაფიას, ვერ აყალიბებდა ურთიერთობებს. და ამაში ხელის შემშლელი მე ვიყავი.
მას შემდეგ წლების განმავლობაში ვცდილობდი, რაც შეიძლება ნაკლებად ჩავრეულიყავი მის სასკოლო ცხოვრებაში. ხშირად მისი კლასელებიც კი არ ვიცოდი. სკოლაში რომ მივაკითხავდი, კლასში არ შევდიოდი — ვეუბნებოდი, გარეთ გამოსულიყო. მინდოდა, თავისი ცხოვრება თვითონ აეშენებინა.
სერიალებსაც არასოდეს უყურებდა. აშკარად სტრესი ჰქონდა. მერე, ცოტა რომ წამოიზარდა, პერიოდულად ვეკითხებოდი ამაზე. ერთხელ მითხრა: „ყველა მეკითხება, შენც მსახიობი გამოხვალო, და მე ვამბობ — არა“. ვკითხე, რატომ. მითხრა: „როცა გავიზრდები და ოჯახი მეყოლება, მინდა, შვილებისთვის დრო მქონდეს“.თერთმეტი თუ თორმეტი წლის იყო, ეს რომ მითხრა. ჩემთვის ძალიან რთული მოსასმენი იყო...
ამ თემაზე ძალიან ბევრს ველაპარაკებოდი. მილიონჯერ მაქვს მისთვის ბოდიში მოხდილი — იმ მარტო გატარებული საათებისთვის, ყველაფრისთვის. ვეუბნებოდი: „მაპატიე, დედა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა“.საბოლოოდ, ყველაფერი ისე დალაგდა, რომ მიუხედავად იმ სტრესებისა, რაც გამოიარა და რომელთა ვერბალიზებაც ალბათ ბოლომდე არც შეეძლო, დღეს თომაზე უფრო ობიექტური გულშემატკივარი არავინ მყავს.ზუსტი შეფასების საოცარი უნარი აქვს. ჩემს ნამუშევრებს რომ უყურებს, ხანდახან მართლა შოკში მაგდებს თავისი კომენტარებით. უფრო მეტიც, ახლა თვითონ მეჩხუბება: „რატომ არ გყავს საერთაშორისო აგენტი? პორტფოლიო განაახლე. მე დაგეხმარები“. აშკარად თვითონაც ბევრს კითხულობს და სულ ამ თემებზე მელაპარაკება.
თავიდან ძალიან რთული იყო, მაგრამ მერე რაღაც შეიცვალა. მახსოვს, „ხელოვნური სუნთქვის“ ბოლო სეზონის გამოსვლის დროს კინოში იყო წასული კლასელებთან ერთად. მირეკავს და მეუბნება: „კავეასთან მოვდიოდით და შენი უზარმაზარი პოსტერი ვნახეთ. ჩემმა კლასელებმა მკითხეს — ეს დედაშენი არ არისო? ვუთხარი — კიო“.ვკითხე: „და როგორი იყო?“ მიპასუხა: „კარგი იყო“. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მისთვის ეს ყველაფერი ისეთი მძიმე აღარ იყო, როგორც ადრე...
მერე ვკითხე, ინტიმურ თუ სიშიშვლის სცენებზე რას ფიქრობდა. მაინტერესებდა, როგორც თინეიჯერი, როგორ აღიქვამდა ამას — მეგობრების, კლასელების ფონზე.მითხრა: „რატომ მეკითხები? ეგ შენი კარიერაა. საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს ამას?“მერე დავაზუსტე: „ზოგადად რას ფიქრობ?“მიპასუხა: „თუ მსახიობის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი და საინტერესო როლია და მაგას არ აკეთებ, მაშინ ცუდი მსახიობი ხარ“.
ეს რომ მითხრა, გამეცინა... რეალურად, თომასთვის ეს ძალიან რთული გზა იყო. და ამ ყველაფრის უამრავი პატარა, ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი დღემდე მახსოვს... რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ამას ზრუნვა და ფიქრი სჭირდება. ბავშვს უნდა მისცე სივრცე, რომ თავისი ბიოგრაფია თვითონ ააწყოს. კი არ იყოს ვიღაცის შვილი, არამედ იყოს თვითონ. მერე კი გაიგონ, რომ — „უი, ესენი თომას მშობლები არიან“, და არა — „თომა მათი შვილია“.
ნანკა კალატოზიშვილი:
დანი პატარა იყო, მე და კედო რომ დავშორდით — ორი წლის და ხუთი თვის იყო. იმ ასაკში ბავშვები ყველაფერს ბოლომდე ვერ აღიქვამენ. ექვსი წლის ბავშვისთვის ეს, ალბათ, გაცილებით მძიმე იქნებოდა...
მე და კედოს რამდენიმე თვე დაგვჭირდა, რომ ეს ტრანსფორმაცია გაგვევლო ისე, რომ დანის ეს სიმძიმე არ ეგრძნო. ახლა კი უკვე იმ ასაკშია, რომ არ ვიცი, რამდენად მაქვს უფლება, მასზე რაღაცები მოვყვე. ხომ იცი, როგორი ასაკია — „ეს ფოტო არ დადო“, „ეს არ თქვა“. ერთხელ ვიდეო დავდე და ორი კვირა მიბრაზდებოდა. ამიტომ დღეს ბევრ რამეს უკვე ვეკითხები და მის ნებართვას ველოდები...
მიუხედავად იმისა, ჩვენ ერთად აღარ ვართ, ბავშვმა ეს არ უნდა იგრძნოს. მისთვის უნდა არსებობდეს განცდა, რომ ჩვენ მაინც ერთი ოჯახი ვართ. ვინც არ უნდა ჰყავდეს კედოს, ან მე ვისთანაც არ უნდა ვიყო, ეს არაფერს ცვლის.ხალხს ხშირად ეცინება, მაგრამ მე მართლა ასე ვფიქრობ — ყოფილი ქმარი საბოლოოდ შენი ნათესავი ხდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი გაკავშირებთ — თქვენი შვილი. გინდა თუ არ გინდა, ეს კავშირი ყოველთვის არსებობს. დღეს ყველაზე მეტად მინდა, რომ ჩემი „ნათესავი“ ბედნიერი იყოს. ზუსტად ვიცი, კედოსაც ძალიან უნდა, მეც ბედნიერი ვიყო. არ აქვს მნიშვნელობა — ვისთან. უბრალოდ, ორივეს გვინდა, კარგად ვიყოთ.
ამ გადალაგებას სწორედ ამას ვეძახი — როცა ერთმანეთთან შეხვედრა აღარ არის დისკომფორტი, აღარ არის კონფლიქტი. სინამდვილეში, მე და კედოს არც გვქონია დიდი ჩხუბები. შეიძლება წყენა იყო, მაგრამ კონფლიქტი, რომელსაც ბავშვი დაინახავდა, არასოდეს ყოფილა.დანის ეს ყველაფერი არ უნახავს. ამიტომ, როცა ეს რთული პერიოდი გავიარეთ, თითქოს საბოლოოდ „დავნათესავდით“. დღეს უკვე ოჯახის წევრებივით ვართ.
ხშირად გვეკითხებიან: „თქვენ ისევ ხომ არ რიგდებით?“ ვერ ხვდებიან, რომ ჩვენს შორის ქალისა და კაცის ურთიერთობა დასრულებულია. დარჩა მხოლოდ პატივისცემა, მეგობრობა და ის კავშირი, რომელსაც შვილი ქმნის... რა თქმა უნდა, ეს ყველა ყოფილ წყვილზე არ ვრცელდება. გააჩნია, რა გადაიტანეთ, რა ტკივილი იყო, როგორ მოექცა ადამიანი შენს შვილს. მაგრამ კედოს ჩემგან ასეთი დამოკიდებულება ნამდვილად არ დაუმსახურებია.
რაც არ უნდა მომხდარიყო ჩვენს პირად ურთიერთობაში, არ მესმის, რატომ უნდა შეხებოდა ეს ბავშვს. ბავშვი ამ ყველაფრისგან დაცული უნდა იყოს. დღემდე გვაქვს საერთო ვახშმები. დანის ყოველთვის ვაგრძნობინებ, რომ მამამისს დიდ პატივს ვცემ. შეიძლება რაღაცები არ მომწონდეს, რაღაცებზე ვილაპარაკოთ კიდეც, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა პატივისცემაზეა აშენებული.
...თუ მკითხავენ, რა არის ყველაზე მთავარი, რისი სწავლებაც შვილებისთვის მინდა, ერთი პასუხი მაქვს — პატივისცემა. პატივისცემა ადამიანების, მათი პირადი სივრცის, მათი პირადი ცხოვრების, მათი დროის.და ამავე დროს, უნდა იცოდნენ, რომ სხვებისგანაც მოითხოვონ პატივისცემა საკუთარი პირადი სივრცის, საკუთარი დროისა და საკუთარი საზღვრების მიმართ.ჩემი აზრით, სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ადამიანი ადამიანად ჩამოყალიბდეს — გააცნობიეროს, რომ მის გარდა სხვა ადამიანებიც არსებობენ და მათაც ისეთივე მნიშვნელობა აქვთ.