ხრაშუნა პური, ე.წ. ხლებცები, თითქმის ყველა ადამიანის რაციონში შედის, ვისაც ჯანსაღი კვება აქვს გადაწყვეტილი. სურსათის ექსპერტი და ფსიქონუტრიციოლოგი თენგიზ კალანდაძე საუბრობს იმის შესახებ, თუ რამდენად რეალურად „დიეტურია“ ეს პოპულარული პროდუქტი, როგორ მოქმედებს ის ორგანიზმზე და სისხლში შაქრის დონეზე:
„ხლებცები, ერთ-ერთი საინტერესო პროდუქტი, რომელიც ალბათ ბევრს უყვარს და ხანდახან ექიმებიც უნიშნავენ დიეტის დროს — თითქოს ის დიეტური პროდუქტია, მაგრამ არ არის ის დიეტური პროდუქტი და მინდა კარგად აგიხსნათ, რა არის ხლებცები. ხლებცები არის სხვადასხვა სახის: ეს არის ხორბლის, სიმინდის, წიწიბურას, ბრინჯის, შვრიის და ასე შემდეგ. ხლებცების დამზადება ხდება შემდეგნაირად: ამას ქვია ექსტრუზია. არის სპეციალური აპარატი — ექსტრუდერი, ამ ექსტრუდერში ჩაიყრება ეს პროდუქტი, სადაც ვითარდება მაღალი წნევა და მაღალი ტემპერატურა. ამ დროს ხდება გრანულების, ანუ სახამებლის გაჯირჯვება და შემდგომ მისი გასკდომა, ამას ეწოდება ჟელატინიზაციის პროცესი და ამ შემთხვევაში სახამებელი ხდება გაცილებით უფრო ადვილად ასათვისებელი ჩვენი ორგანიზმისთვის. და თუ მაგალითად ბრინჯს, ხორბალს ჩვეულებრივი კვების დროს ექნებოდა, დავუშვათ, 40-55 გლიკემიური ინდექსი, ხლებცების შემთხვევაში, ანუ ექსტრუზიის შემთხვევაში ეს გლიკემიური ინდექსი ძალიან მატულობს და გაცილებითად ადვილად შეთვისებადი ხდება ეს პროდუქტი. ანუ მას ორგანიზმი გაცილებით სწრაფად შეიწოვს და სწრაფად ხდება სისხლში შაქრის მომატება. ასეთივე პროდუქტია მაგალითად ბურბუშელა, თუმცა ამას ცოტა სხვა ტექნოლოგია აქვს, ეს არის პაფინგ ტექნოლოგია, სადაც ცხელი ჰაერით ხდება სხვადასხვა მარცვლეულის გაცხელება, მაგრამ ამ დროსაც ხდება გაჯირჯვება სახამებლის მოლეკულის და მისი გასკდომა, რომელიც ისევ ადვილად ასათვისებელი ხდება. ანუ გაითვალისწინეთ, ხლებცები — ეს არის ძალიან ადვილად ასათვისებელი შაქრები, ანუ სახამებელი უფრო მარტივად ასათვისებელი ხდება და იგი ძალიან სწრაფად ზრდის გლუკოზის რაოდენობას სისხლში. რა თქმა უნდა, ერთი, ორი, სამი ცალი და როცა თუ მოგწონთ და გემრიელია მიირთვით, მაგრამ ეს არ არის დიეტური პროდუქტი და იგი სწრაფად ზრდის შაქარს სისხლში, რომ ვიცოდეთ" - ამბობს თენგიზ კალანდაძე.