საშიშია თუ არა მიკროტალღურ ღუმელში საკვების გაცხელება - სპეციალისტი საუბრობს - მშობლები

საშიშია თუ არა მიკროტალღურ ღუმელში საკვების გაცხელება - სპეციალისტი საუბრობს

2026-07-08 10:29:35+04:00

მიკროტალღური ღუმელი თითქმის ყველა ოჯახის განუყოფელი ნაწილი გახდა. თუმცა, მისი გამოჩენის დღიდან არ წყდება დისკუსია იმის შესახებ, თუ რამდენად უსაფრთხოა მასში საკვების მომზადება ან გაცხელება. საზოგადოებაში ხშირად გაიგონებთ აზრს, თითქოს მიკროტალღები საკვებს „ასხივებს“ ან რადიაციულად სახიფათოს ხდის.

რეალურად რა პროცესები მიმდინარეობს ღუმელში საკვების მოთავსებისას, როგორ მოქმედებს ტალღები პროდუქტში არსებულ წყალზე და რა წესები უნდა დავიცვათ მისი გამოყენებისას? ამ აქტუალურ შეკითხვებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ფსიქონუტრიციოლოგი და სურსათის ექსპერტი, თენგიზ კალანდაძეპასუხობს, რომელიც მოწყობილობის მუშაობის პრინციპს მარტივი მეცნიერული ენით გვიხსნის.

- ყველას გვაინტერესებს, საშიშია თუ არა მიკროტალღურ ღუმელში საკვების გაცხელება. პირდაპირ გეტყვით, რომ საშიში არ არის. ეს პროცესი საფრთხეს რომ შეიცავდეს, მაშინ ამ ღუმელს უბრალოდ არ გაყიდდნენ. თუმცა, გარკვეული წესების დაცვა მაინც აუცილებელია. ​

მინდა, აგიხსნათ, როგორ მუშაობს მიკროტალღური ღუმელი. წარმოვიდგინოთ ორი ჭიქა: ერთში ცივი წყალი ასხია, მეორეში კი - ცხელი. დავსვათ კითხვა: რა განსხვავებაა ცივსა და ცხელ წყალს შორის? ცივი წყალიც H2O-ის მოლეკულებისგან შედგება და ცხელიც. მას ქიმიურად არაფერი ემატება, თუმცა გაცხელებისას წყალი სითბურ ენერგიას იღებს.

ეს ენერგია H2O-ის მოლეკულების ძალიან სწრაფ მოძრაობას იწვევს. ცხელ წყალში ხელის ჩაყოფისას ტკივილსა და დამწვრობას სწორედ წყლის მოლეკულების ეს უსწრაფესი რხევა განაპირობებს. აი, ეს არის ცხელი წყალი. ​რას აკეთებს ამ დროს მიკროტალღური ღუმელი? მას აქვს სპეციალური მოწყობილობა, რომელსაც მაგნეტრონი ეწოდება. იგი გამოყოფს ძალიან მცირე მანძილზე გავრცელებად მიკროტალღებს, რომელთა სიხშირე 2.45 -ია (2.45 GHz). ეს ტალღები უშუალოდ საკვებში არსებულ წყალზე მოქმედებს. ისინი წყლის მოლეკულებს (H2O) ენერგიას გადასცემენ და მათ სწრაფ რხევას იწვევენ. წყლის მოლეკულების ეს მოძრაობა კი მიკროტალღურ ღუმელში მოთავსებულ საკვების ულუფას მთლიანად აცხელებს. ​

დაუკვირდით: თეფში ან პლასტმასის კონტეინერი, რომელშიც წყალი არ არის, თავისით არ ცხელდება. რაშიც წყალი არ არის, ის ნივთი არ გაცხელდება, რადგან მიკროტალღები მხოლოდ წყლის მოლეკულებზე მოქმედებს. პლასტმასის კონტეინერი შეიძლება შეთბეს, მაგრამ ეს მხოლოდ მასში მოთავსებული საკვებისგან სითბოს გადაცემის გამო ხდება. ​

ბოლოს, მცირე რეკომენდაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ მიკროტალღურ ღუმელთან: ჩართულ ღუმელს შიგნიდან სპეციალური დამცავი ეკრანი აქვს, რომელიც ტალღების გარეთ გამოსხივებას უშლის ხელს, თუმცა მუშაობის პროცესში მისგან 1 მეტრის დისტანციის დაცვა მაინც სასურველია. გათიშვის შემდეგ კი ღუმელი არანაირ საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

​კიდევ ერთი საკითხი: როდესაც ღუმელი გამოირთვება და ჩვენ ცხელ საკვებს გამოვიღებთ, მასში მხოლოდ ენერგიით გააქტიურებული წყლის მოლეკულები ხვდება. საკვებში არანაირი რადიაცია ან მიკროტალღები არ რჩება, ამიტომ იგი ადამიანის ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა.

ამ მარტივი ხრიკით დაადგენთ, სილიკონის საცხობი და ნიჩბები უსაფრთხოა თუ ქიმიური მინარევები აქვს დამატებული: გამოყოფს ტოქსინებს და შეიძლება გადავიდეს საკვებში
რით შევინახოთ პროდუქტი საყინულეში - რომელია ყველაზე უსაფრთხო მასალა, რომელშიც საკვებს საიმედოდ გავყინავთ