ნადია სულემანს, ამერიკელს ირანული ფესვებით, მსოფლიო იცნობს "ოქტოდედის" სახელით . ნადიას 14 შვილი ჰყავს და მარტოხელა დედაა, თუმცახშირად კიცხავენ სხვადასხვა ნაბიჯის გამო და ადანაშაულებენ იმაში, რომ შვილები სახელის მოსახვეჭად გააჩინა. სახელის მოხვეჭა კი მისი ერთ-ერთი მთავარი აკვიატება იყო ახალგაზრდობიდან.
რამდენიმე წლის წინ ანჯელინა ჯოლისთან მიმსგავსება გადაწყვიტა და რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. ძირითადად, მკერდი და ტუჩები გაიდიდა, სახის ნაკვთებიც შეიცვალა და მსოფლიოს გააცნო თავი, როგორც ანჯელინა ჯოლის ორეულმა. თუმცა ეს არ აღმოჩნდა მისთვის საკმარისი.
1996 წელს გათხოვდა და სანამ ქმართან ცხოვრობდა, ხელოვნური განაყოფიერებით მოასწრო სამი შვილის გაჩენა. მერე ქმარს გაეყარა და კიდევ სამი გააჩინა. მაგრამ არც ეს იკმარა და როდესაც მისი უფროსი შვილების ასაკი 2-დან 7 წლამდე იყო, სწორედ მაშინ დაგეგმა "გრანდიოზული პროექტი" - 8 ტყუპის გაჩენა. მშობიარობის შემდეგ რეალური შოუს ჩვენება იგეგმებოდა, რომელიც ნადიასა და მისი 14 შვილის ცხოვრებას ასახავდა.
მოგვიანებით, როცა ნადია უპასუხისმგებლობაში და შვილებით სპეკულირებაში დაადანაშაულეს, მან სცადა ყველაფერი ექიმებისთვის დაებრალებინა. თითქოს ერთი ბავშვის გაჩენას გეგმავდა, თუმცა ექიმებმა ბევრი ემბრიონი გადასვეს. თუმცა ექიმმა მაიკლ კამრავამ მაშინვე განაცხადა, რომ ნადია ტყუოდა და მან ყველაფერი იცოდა. საბუთებზეც წინასწარ მოაწერა ხელი. მაგრამ კამრავას მოგვიანებით მაინც ჩამოართვეს ლიცენზია და ჯარიმის გადახდაც მოუწია, რადგან სამედიცინო თვალსაზრისით ზედმეტად სარისკო და რეზონანსული საქმე აღმოჩნდა.
ნადია მთელი ორსულობის პერიოდში იღებდა ფოტოებს, მონაწილეობდა სხვადასხვა გადაცემაში, საბოლოოდ, 2009 წელს წარმატებით იმშობიარა და ახალშობილებს, ისევე როგორც მის უფროს შვილებს, ბიბლიური სახელები დაარქვა, თუმცა რვავეს მეორე სახელი ერთნაირი აქვს - ანგელოზი.
მოგვიანებით, როგორც "პროექტით" ივარაუდებოდა, საბუთებიც შეიტანა ბრენდის - "ოქტოდედის" დასარეგისტრირებლად და რეალური შოუს გადაღებების კონტრაქტსაც მოაწერა ხელი. თუმცა მერე აღიარა, რომ საკუთარი ძალები ვეღარ გათვალა... "გავაფუჭე ყველაფერი, ჩემს შვილებსაც დავუნგრიე ცხოვრება... ნეტავ რაზე ვფიქრობდი? რა გავაკეთე? მაგრამ ძლიერი უნდა ვიყო"...
ნადიას არა მხოლოდ ამდენი შვილის მოვლა გაუჭირდა, არამედ მუქარასაც ვერ გაუძლო საზოგადოების იმ წარმომადგენელთა მხრიდან, ვისაც მიაჩნდა, რომ ამდენი შვილი მხოლოდ და მხოლოდ ანგარების მიზნით გააჩინა. 14 შვილიდან სამს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ნადია ინვალიდობის შემწეობას იღებს. გარდა ამისა, მათი რჩენაც გაუჭირდა და სხვადასხვა პროვოკაციაზე თანხმდებოდა ამის გამო. რაღაც პერიოდი სტრიპტიზკლუბშიც ცეკვავდა, რომ ფული ეშოვა. მერე გადასახადებისგან თავის არიდებაში დაადანაშაულეს და კინაღამ ციხეშიც მოხვდა.
ამას დაემატა დედის გარდაცვალება, მამის მძიმე დაავადება და ნადია დეპრესიაში ჩავარდა - ალკოჰოლსა და ანტიდეპრესანტებს მიეძალა. "რომ არ გავჩერებულიყავი, ნამდვილად მოვკვდებოდი. ერთ დღესაც შემზიზღდა ასე ცხოვრება და გადავწყვიტე, რომ ჩავდგებოდი ფორმაში და სამაგალითო დედა გავხდებოდი", - აღიარა შემდეგ.
მართლაც, სულ მალე იშოვა სამსახური ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ცენტრში. ახლაც იქ არის, დეპრესიულ ადამიანებს ეხმარება თავისი გამოცდილებით, განსაკუთრებით იმ ქალებთან მუშაობს, ვისაც მშობიარობის შემდგომი დეპრესია აქვთ. ვარჯიშობს, ცდილობს ჯანსაღად იკვებოს და ამბობს, რომ ბავშვების ცხოვრებაში მთლიანად არის ჩართული, გაკვეთილების მომზადებაშიც კი ეხმარება ტყუპებს. ქორწინების გაგონებაც აღარ უნდა და თავის შვილებთან უცხო მამაკაცის ყოფნა დაუშვებლად მიაჩნია. ამბობს, რომ ხელახლა გათხოვების არც დრო და არც ნერვები აქვს. ახლა მის ცხოვრებაში მთავარი ოჯახი და სამსახურია და ყველანაირ მსხვერპლზე წავა, რომ ეს ორი მთავარი რამ არ დაკარგოს.
2024 წელს, 49 წლის ასაკში ბებიაც გახდა. მის უფროს ვაჟს შვილი ეყოლა. "მადლობა ჩემს შვილს და რძალს ამ შესანიშნავი საჩუქრისთვის. ძალიან ბედნიერები ვართ. პატარავ, გვიყვარხარ და მოუთმენლად ველოდებით იმის ხილვას, თუ როგორ იზრდები!" - დაწერა ნადიამ სოციალურ ქსელში.
2025 წლის იანვარში 15-წლიანი დუმილი დაარღვია და People-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. ინტერვიუში თქვა, რომ წლების განმავლობაში თავს არიდებდა მედიას, რადგან შვილების დაცვა სურდა, მაგრამ ახლა, როცა ისინი უკვე მოზარდები არიან, გადაწყვიტა საკუთარი ისტორია თავად მოეყოლა.
ამავე წელს Lifetime-მა გამოუშვა მხატვრული ფილმი „I Was Octomom“; და ექვსსერიიანი დოკუმენტური ფილმი „Confessions of Octomom“.
კადრი ფილმიდან
დოკუმენტურ ფილმში მისი შვილებიც გამოჩნდნენ.
მათ თქვეს, რომ დედა საზოგადოებისგან განსხვავებით მათთვის მოსიყვარულე და თავდადებული მშობელია. ისინი აღნიშნავენ, რომ მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა, ნატალი ყველაფერს აკეთებდა მათი კეთილდღეობისთვის.
დღეს ნატალი კალიფორნიაში ცხოვრობს. მისი რამდენიმე უფროსი შვილი უკვე დამოუკიდებელია, ხოლო რვა ტყუპი 2025 წელს 16 წლის გახდა. ნატალი ამბობს, რომ ოჯახი ძირითადად ვეგანურ კვებას მისდევს და ცდილობს მაქსიმალურად ჩვეულებრივი, მშვიდი ცხოვრება ჰქონდეს.