2026-2027 სასწავლო წლიდან თბილისის მერიის სტუდენტთა დაფინანსების სოციალური პროგრამა იცვლება.
როგორც თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიცხადეს, ახალი სასწავლო წლიდან სოციალური პროგრამის ფარგლებში კერძო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები აღარ დაფინანსდებიან.
ცვლილება უკავშირდება იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო ხდება. შესაბამისად, მერიის განმარტებით, პროგრამა კერძო უნივერსიტეტებში ახლად ჩარიცხულ სტუდენტებზე აღარ გავრცელდება.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ცვლილება არ შეეხება იმ სტუდენტებს, რომლებიც თბილისის მერიის დაფინანსებით უკვე სარგებლობენ. მერიაში განმარტავენ, რომ მათთვის დაფინანსება სწავლის დასრულებამდე გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროშიც განმარტავენ, რომ 2026-2027 სასწავლო წლიდან სახელმწიფო სოციალური გრანტი კერძო უნივერსიტეტებში ახალ ნაკადზე აღარ გაიცემა, თუმცა უკვე დაფინანსებული სტუდენტები გრანტს შეინარჩუნებენ.
თბილისის მერია სოციალური პროგრამის ფარგლებში სწავლის საფასურს უფინანსებდა:
პროგრამით სარგებლობა შეეძლოთ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, თუ ისინი დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდნენ.
სემესტრული დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა 1125 ლარს შეადგენდა. თანხის მოცულობა დამოკიდებული იყო როგორც სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე, ისე მის სოციალურ სტატუსზე. გარკვეულ შემთხვევებში სტუდენტები სემესტრული გადასახადის სრულ დაფინანსებას იღებდნენ, ხოლო სხვა კატეგორიებისთვის ფინანსდებოდა სწავლის საფასურის 70 ან 50 პროცენტი.
პროგრამით სარგებლობისთვის სტუდენტებს თბილისის მერიაში შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა უწევდათ, მათ შორის - სტუდენტის სტატუსის, აკადემიური მოსწრებისა და სოციალური კატეგორიის დამადასტურებელი ცნობების.
თბილისის მერიაში აღნიშნავენ, რომ პროგრამის მოქმედი ბენეფიციარებისთვის პირობები უცვლელი რჩება. დეტალები კი მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
აღსანიშნავია კიდევ ერთი სიახლე - მიმდინარე წლის შემოდგომის სემესტრიდან წარმატებული მაგისტრანტების სტიპენდია სემესტრულად 562,5 ლარის ნაცვლად 1 000 ლარი გახდება. ასევე, ამოქმედდება ახალი პროგრამა სახელწოდებით "ახალგაზრდა მეცნიერები თბილისისთვის".
"პროგრამის ფარგლებში, კვლევითი გრანტებით დავაფინანსებთ იმ ახალგაზრდა მკვლევარებს, რომლებიც დედაქალაქის გამოწვევების გადაჭრასა და ინოვაციური იდეების შემუშავებაზე იმუშავებენ, მუნიციპალური საჭიროებების გათვალისწინებით დეფიციტური სფეროების განსაზღვრა კი ყოველწლიურად განხორციელდება. ასევე გაგრძელდება იმ სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა, რომლებმაც 2026-2027 სასწავლო წლამდე მოიპოვეს სწავლის უფლება სახელმწიფო ან კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში", - განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
თამარ იაკობაშვილი