"სკოლა წელს დაასრულა, ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა..." - რას წერენ ვერაზე სროლის დროს გარდაცვლილ ბიჭზე - მშობლები

"სკოლა წელს დაასრულა, ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა..." - რას წერენ ვერაზე სროლის დროს გარდაცვლილ ბიჭზე

2026-07-23 11:37:56+04:00
წუხელ ვერაზე სროლის შედეგად დაღუპული არასრულწლოვანი ნიკოლოზ ღუნაშვილია. როგორც აღმოჩნდა, ნიკოლმა წელს წარმატებით დაასრულა ეროვნული გამოცდები და სტუდენტობისთვის ემზადებოდა.
მის შესახებ სოციალურ ქსელში მაია კობახიძე წერს:
"ეს შემზარავი ამბავი არ უნდა მომხდარიყო?! არ ვიცი რა დავწერო?! უდიდესი ტკივილით და გადაჭარბების გარეშე გეტყვით, რომ თავისი ცხოვრების წესით და აღზრდით ნიკოლოზი მიწიერი ანგელოზი იყო და ალბათ, ამიტომ პატარა ასაკში გაფრინდა, გადაიქცა ზეციურ არსებად!
სკოლა ამ წელს დაასრულა, ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, 1 აგვისტოს 18 წლის გახდებოდა…. 22 ივლისის არასრულწლოვნებზე თავდასხმამ ნიკოლოზის სიცოცხლე დაასრულა, ჩააქრო ოჯახის იმედი! დედას რა ვუთხრათ, რა იმედი მივცეთ?! ეს დასასრულია აზროვნებისაც და სიცოცხლისაც! ღმერთმა გააძლიეროს ჩემი უტკბილესი, საამაყო ოჯახი!
უმცროსი ძმასავით ამშვენებდა დედ-მამას და ყველას აბედნიერებდა ნიკოლოზი" - ნათქვამია პოსტში.
გავრცელებული ცნობით, თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა. კერძოდ კი, კაფედან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა. არსებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულის შემდეგ განახორციელა დაკავებულმა გასროლა.

როგორც ირკვევა, ავტომანქანაში მყოფი ოთხი პირიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია სამს მოხვდა, მძღოლი კი არ დაშავებულა.

რაც შეეხება მეოთხე დაჭრილს, ის ტაქსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას გასროლილი ტყვია მოხვდა.

რაც შეეხება დაკავებულს, ის კლინიკაშია გადაყვანილი, ვინაიდან, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, მან დაკავებისას დაზიანება მიიღო, რადგან უწყების ცნობით, სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.

ვერაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული 43 წლის, ადრე ნასამართლევი ნიკა კაპანაძეა - დეტალები

რა მოხდა ვერაზე, სადაც სროლას არასრულწლოვანი ემსხვერპლა: ბრმა ტყვიამ ტაქსიშიც შეაღწია, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა