ვერაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული 43 წლის, ადრე ნასამართლევი ნიკა კაპანაძეა - დეტალები - მშობლები

ვერაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული 43 წლის, ადრე ნასამართლევი ნიკა კაპანაძეა - დეტალები

2026-07-23 12:52:52+04:00
წუხელ ვერაზე მომხდარი დანაშაულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო წერს:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 ივლისს, თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილებს შორის 2 არასრულწლოვანია.
ოთხივე მათგანი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული დაზიანების შედეგად, ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს.
ბრალდებულმა დაკავებისას სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. დაკავებისას ბრალდებულმა ხელის თითებზე დაზიანება მიიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს".
დაკავებული 43 წლის ნიკა კაპანაძეა. მის ფოტოს ტვ-პირველი აქვეყნებს.
"კურიერის" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თავდამსხმელი საკუთარ სახლში დააკავეს. ის სხვადასხვა დანაშაულისთვის უკვე ნასამართლევია.

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა. კერძოდ კი, კაფედან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა. არსებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულის შემდეგ განახორციელა დაკავებულმა გასროლა.

როგორც ირკვევა, ავტომანქანაში მყოფი ოთხი პირიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია სამს მოხვდა, მძღოლი კი არ დაშავებულა.

რაც შეეხება მეოთხე დაჭრილს, ის ტაქსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას გასროლილი ტყვია მოხვდა.

რაც შეეხება დაკავებულს, ის კლინიკაშია გადაყვანილი, ვინაიდან, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, მან დაკავებისას დაზიანება მიიღო, რადგან უწყების ცნობით, სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.

სკოლა წელს დაასრულა, ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა... - რას წერენ ვერაზე სროლის დროს გარდაცვლილ ბიჭზე
ცნობილია ვერაზე მოკლული ბიჭის ვინაობა... - თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა