28 წლის ჯიმი დონალდსონი, რომელსაც მთელი მსოფლიო MrBeast-ის სახელით იცნობს, პლანეტის ყველაზე პოპულარული იუთუბერია. მან პლატფორმის ისტორიაში პირველმა გადალახა 500-მილიონიანი გამომწერის ზღვარი. მისი მთავარი სტილი მასშტაბური ვიდეო-გამოწვევებია უზარმაზარი ფულადი პრიზებით, რთულად შესასრულებელი დავალებებითა და საქველმოქმედო აქციებით. ამ აქციების ფარგლებში იგი მილიონობით დოლარს გასცემს, სახლებს აშენებს, ხეებს რგავს და სხვადასხვა ოპერაციას აფინანსებს. კადრს მიღმა ჯიმი უბრალოდ ბლოგერი კი არა, დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის ღირებულების კომპანია Beast Industries-ის ხელმძღვანელია. იგი ასევე შოკოლადის ბრენდ Feastables-ს ფლობს და რეალითი-შოუ Beast Games-ს ქმნის.

ახლახან ჯიმის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ბლოგერმა თავის რჩეულზე, თეა ბოისენზე იქორწინა. პირად ბლოგში მან საქორწინო ფოტოები გამოაქვეყნა: "I found MrsBeast and it was the best day of my life" ("მე ვიპოვე მისის ბისტი და ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღე იყო“).

ცერემონია ნეკერ-აილენდზე - ბრიტანელი მილიარდერის, რიჩარდ ბრენსონის კერძო კუნძულზე გაიმართა. კუნძულის ფართობი თითქმის 30 ჰექტარს შეადგენს. დღესასწაული 14 ივლისს დაიწყო და მთელ კვირას გაგრძელდა. სულ 70-მდე სტუმარი იყო - მხოლოდ ყველაზე ახლობელი მეგობრები და ოჯახის წევრები.

ქორწილამდე მოწვეული სტუმრები კაითსერფინგითა და სნორკელინგით ტკბებოდნენ. ისინი კუნძულზე მცხოვრებ ლემურებსა და ფლამინგოებს კვებავდნენ და სამაგიდო თამაშებს თამაშობდნენ. თვითონ ცერემონია ოჯახის მეგობარი პასტორის თანდასწრებით ჩატარდა. ამის შემდეგ წყვილმა პირველი ცეკვა ლედი გაგასა და ბრუნო მარსის სიმღერაზე "Die With a Smile” შეასრულა.

იმ ადამიანისთვის, ვის ვიდეოებსაც ასობით მილიონი მაყურებელი უყურებს, ქორწილი გასაოცრად დახურული აღმოჩნდა. MrBeast-მა მასშტაბურ ზეიმზე გააზრებულად თქვა უარი. მას სურდა, ეს დღე დაფარულად დარჩენილიყო და YouTube-ისთვის მორიგ კონტენტად არ ქცეულიყო. ცერემონიაზე მხოლოდ პროფესიონალი ფოტოგრაფი მუშაობდა - ყოველგვარი გადამღები ჯგუფებისა და პირდაპირი ეთერების გარეშე.

"იშვიათად ვისვენებ, რადგან ყოველთვის სამუშაოთი ვარ დაკავებული. ამიტომ მინდოდა, ქორწილი ორივესთვის ახლობლებთან დროის გატარების შესაძლებლობად ქცეულიყო“, - განმარტა ბლოგერმა ცერემონიამდე.
28 წლის თეა ბოისენი უბრალოდ ცნობილი ადამიანის ცოლი კი არა, თავადაც ვარსკვლავია. იგი სამხრეთ აფრიკიდანაა. თეა ცნობილია როგორც გეიმერი და კონტენტ-კრეატორი ფსევდონიმით TheaBeasty. მას YouTube-ზე თითქმის 140 ათასი გამომწერი ჰყავს. იგი ასევე სამხრეთაფრიკული კიბერსპორტული ორგანიზაცია Nixuh-ის თანამფლობელია.

თუმცა განსაკუთრებით შთამბეჭდავი მისი აკადემიური განათლებაა. თეამ 2022 წელს სტელენბოშის უნივერსიტეტი სამართლის ბაკალავრის ხარისხითა და ფსიქოლოგიის დარგში წარჩინებით დაამთავრა. 2024 წელს კი ედინბურგის უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხი ნეიროფსიქოლოგიის მიმართულებით მიიღო. მან წიგნიც დაწერა - "The Marked Children".

თეასა და ჯიმის ისტორია 2022 წელს დაიწყო. მაშინ MrBeast ვიდეოს გადასაღებად სამხრეთ აფრიკაში ლოგან პოლთან და კეისი ნეისტატთან ერთად გაემგზავრა. თუმცა მთელი გუნდი კორონავირუსით დაავადდა და გადაღებები გაუქმდა. ქვეყანაში იძულებითი ყოფნისას საერთო მეგობარმა ჯიმი ვახშამზე მიიწვია და თეაც თან წაიყვანა. პირისპირ შეხვედრისას ბოისენი გაოცებული დარჩა: "მეგონა, იუთუბერობა უბრალოდ იმიჯი იყო. მაგრამ მასთან შეხვედრისას გავოცდი, როცა დავინახე, რომ იგი მართლაც კარგი ბიჭია და ეგო საერთოდ არ აქვს“.

აშშ-ში დაბრუნების შემდეგ MrBeast-მა მას სოციალურ ქსელში წიგნის შესახებ ჰკითხა. ასე დაიწყო მათი ურთიერთობა დისტანციურად. საზოგადოების წინაშე ერთად პირველად 2022 წლის აპრილში, Kids‘ Choice Awards-ზე გამოჩნდნენ. 2024 წლის შობას MrBeast-მა მას ხელი ახლობლების წრეში სთხოვა.
ბოისენი დარწმუნებულია, რომ ქორწილის შემდეგ მათი ცხოვრება არ შეიცვლება: "სახლში, ჩვენს ძაღლებთან და კატებთან დავბრუნდებით, შემდეგ კი ახალ მოგზაურობებს გავაგრძელებთ. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ახლა ყველამ იცის, რომ ცოლ-ქმარი ვართ“.