ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, პროფესორი, მედიცინის დოქტორი, ნათია ფანჯიკიძე, გადაცემაში "მარი მალაზონია პირადი ექიმი" საუბრობს, როგორ უნდა გავუმკლავდეთ წყენას და რა მნიშვნელობა აქვს ასეთ დროს სწორ კომუნიკაციას:
- არ უნდა შევინახოთ წყენა ყოველთვის, რადგან ზოგჯერ ადამიანები უნებლიეთაც გვაწყენინებენ ხოლმე. აუცილებლად უნდა მივცეთ მათ შანსი, რომ თავი გაიმართლონ და საკუთარი პერსპექტივა გვითხრან. ორმაგად აუცილებელია, რომ ჩვენც ვუთხრათ მათ, როდესაც გვწყინს. ერთი იმიტომ, რომ გულში არ დავიტოვოთ და წყენამ ფესვები არ გაიდგას, ხოლო მეორე იმიტომ, რომ იმ ადამიანმა გვითხრას: „ვაიმე, არ მინდოდაო" და აღმოჩნდეს, რომ ეს შემთხვევით დაემართა ან ვერც შეამჩნია.
მეორე ვარიანტი კი ის არის, რომ როდესაც პასუხს ერთხელ მოვამზადებთ, მსგავს სიტუაციაში უკვე ყოჩაღები ვართ. ეს პასუხი უკვე არის ჩვენს არსენალში. ასე თუ ისე, სიტუაციები მაინც მეორდება, რადგან გრძნობები არ არის იმდენი, რამდენიც სიტუაცია. გრძნობა მაინც ერთი და იგივეა - შეურაცხმყვეს, მატკინეს, გამახარეს, შემიყვარეს. სიყვარული, ბრაზი, ზიზღი... ეს გრძნობები თითებზე დაგვეტევა. სიტუაცია შეიძლება მრავალნაირად გათამაშდეს, მაგრამ დარტყმა გრძნობაზე მაინც ერთსა და იმავეზე მოდის. ასე რომ, შეგვიძლია გამოცდილება შევიძინოთ და სტრესებს უფლება არ მივცეთ, რომ წაგვაქციოს.
ნათია ფანჯიკიძე ასევე საუბრობს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ტრავმის სწორად აღქმასა და გააზრებას:
- ფსიქიკურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რამდენად გვაცდის დრო, რომ ტკივილი მოვიშუშოთ. ამოვისუნთქოთ. უმძიმესი ტრავმის შემდეგაც კი ადამიანი ცხოვრებას აგრძელებს. შეიძლება, ის აღარასდროს იყოს ისეთი, როგორიც ამ საშინელ ტრავმამდე იყო - იქნება ეს ომის ტრავმა, ძალიან ძვირფასი ადამიანის დაკარგვა, გაუპატიურება, სხეულის მთლიანობის დარღვევა თუ ისეთი სერიოზული ტრავმა, რომელსაც ადამიანი პასუხს ვერ უძებნის.
იყო ასეთი ძალიან საინტერესო მეცნიერი, ანტონოვსკი, რომელიც იმით კი არ ინტერესდებოდა, თუ ადამიანები რატომ ხდებიან ავად, არამედ იმით, თუ ავადმყოფობაშიც კი როგორ შეუძლიათ ადამიანებს ჯანმრთელები დარჩნენ. იგი იყენებს ასეთ ტერმინს - „სალუტოგენეზი". ეს ტერმინი სწორედ მას ეკუთვნის. სალუტოგენეზი არის სამკომპონენტიანი ფენომენი. ანტონოვსკი ამბობს, რომ ადამიანისთვის მთავარია, მისთვის ცხოვრება გასაგები დარჩეს - ანუ გაიგოს, რაც მოხდა, მიხვდეს, რა არის ეს. შემდეგ იგი უნდა იყოს მართვადი, ანუ მიხვდეს, რომ თუმცა ეს გაიგო, ახლა საკითხავი ის არის, თუ რა შეუძლია გააკეთოს ამ სიტუაციაში. მესამე და ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ ამ ყველაფერს ჰქონდეს მნიშვნელობა. ანუ: ყველაფერი გაიგო, ისიც მიხვდა, რა გააკეთოს, მაგრამ რატომ გააკეთოს, რა აზრი აქვს ამ ყველაფერს? აი ეს აზრი და საზრისი უნდა ვიპოვოთ, რომ ამ ტრავმას გავუძლოთ.
თუ ტრავმას სახელს დავარქმევთ, იგი ასატანი გახდება. მაგალითად, ბავშვისთვის შეიძლება ტრავმა იყოს მშობლის გარდაცვალება, მაგრამ რაღაც მომენტში, როცა სახელს დაარქმევს, იტყვის: „სამწუხაროა, რომ ადრე გარდამეცვალა, მაგრამ, ზოგადად, ნორმალურ შემთხვევაში მშობელი შვილზე ადრე მიდის. ეს მძიმე ტრავმაა, მაგრამ გავუძლებო". ხოლო როდესაც პირიქით ხდება და მშობელს შვილი გარდაეცვლება, აქ ტრავმა კიდევ უფრო დიდი ხდება, რადგან ეს არაკანონზომიერია. რაც შეეხება დიდ სტრესებს, მაგალითად, დევნილობაც ტრავმაა. ამ დროს ადამიანთა გარკვეულმა პროცენტმა შეიძლება ემოციური და ფსიქიკური ჩამოშლა ან პოსტტრავმული აშლილობა განიცადოს, ხოლო გარკვეულმა პროცენტმა ცხოვრება გააგრძელოს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ადამიანს დამატებით რამდენიმეჯერადი ტრავმა არ ჰქონდეს. განმეორებითი ტრავმა იმდენად რთული რამ არის, რომ მას ძალიან ცუდ და მძიმე შედეგებამდე მივყავართ - ადამიანი შეიძლება ტრანსფორმირების ნაცვლად, ფაქტობრივად, განადგურდეს და გადასკდეს. ამიტომ, ადამიანის აღდგენისთვის აზრზე მოსვლისა და დროის მიცემას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.