ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ არაერთი აბიტურიენტი აღმოაჩენს, რომ ერთ ან რამდენიმე საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა. მიუხედავად იმისა, რომ ეს უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის გზას ართულებს, არსებული შედეგი ყოველთვის საბოლოო განაჩენი არ არის. გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლებელია შედეგის გასაჩივრება, ქულათა გათანაბრების შედეგად ბარიერის გადალახვა, ან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელება.
რა შესაძლებლობები აქვთ აბიტურიენტებს ასეთ დროს, უფრო კონკრეტულად ქვემოთ მოგიყვებით:
თუ აბიტურიენტი მიიჩნევს, რომ მისი ნაშრომი არასწორად არის შეფასებული, მას უფლება აქვს, შედეგი გაასაჩივროს. განხილვის შედეგად ქულა შესაძლოა, უცვლელი დარჩეს, გაიზარდოს ან, იშვიათ შემთხვევებში, შემცირდეს.
აპელაციის ვადებსა და წესებს ყოველწლიურად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ცალკე განსაზღვრავს, ამიტომ აბიტურიენტებმა შესაბამისი ინფორმაცია ოფიციალურ განცხადებებში უნდა გადაამოწმონ.
თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ თუკი ტექსტი მხოლოდ არჩევითბოლოიანი პასუხებისაგან შედგება, მის გასაჩივრებას, ფაქტობრივად, აზრი ეკარგება, რადგანაც მას სრული სიზუსტით კომპიუტერი ამოწმებს. ხოლო, თუ თვლით, რომ თქვენ მიერ წერილობით შესრულებული ესე, ანალიზი, ამოცანის ამოხსნა არასათანადოდაა შეფასებული, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, გაასაჩივროთ. აპელაციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია, როგორც აღვნიშნეთ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც აბიტურიენტები ყველა საგანში პირველად შედეგებს გაიგებენ.
თუ ბარიერი ვერ გადალახეთ, კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობას ჯერ კიდევ ინარჩუნებთ.
უფრო ზუსტად, ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომლებიც შედარებით რთული ვარიანტი წერეს და ზღვარს მიუახლოვდნენ, მაგრამ გამსვლელ ქულაზე ნაკლები მიიღეს. ამ შემთხვევაში რთულად მიიჩნევა ის ვარიანტი, რომელშიც ნედლი ქულით პროცენტულად უფრო მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრებოდა.
დააგროვა თუ არა აბიტურიენტმა გამსვლელი ქულა, საბოლოო შედეგების გამოცხადებისას გახდება ცნობილი.
თუ თქვენ, ამ ეტაპზე, ბარიერი ვერ გადალახეთ, მაგრამ ზღვართან მიახლოებული ქულა გაქვთ, უნივერსიტეტების დალაგების პროცესს ნუ უგულებელყოფთ. შესაძლოა, გათანაბრების შემდეგ, მოგემატოთ იმდენი ქულა, რომ ზღვარი გადალახოთ. მაგრამ, იმის გამო, რომ მხოლოდ ისეთი უნივერსიტეტები ან პროგრამები გექნებათ მონიშნული, სადაც კონკურენცია მაღალია და ცოტა ადგილია, შესაძლოა, ვერ მოხვდეთ. ამიტომ, ეს პერიოდი უნივერსიტეტებისა და პროგრამების კარგად შერჩევასა და დალაგებას დაუთმეთ. გახსოვდეთ, რომ უნივერსიტეტების პარალელურად, შეგიძლიათ, მონიშნოთ პროფესიული სასწავლებლებიც.
თუ აბიტურიენტმა უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად საჭირო მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა, მას კვლავ შეუძლია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა.
მოქმედი წესის მიხედვით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოსახვედრად შესაბამის საგანში მიღებული ქულა უნდა აღემატებოდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებით ამ საგნისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ნახევარს.
მაგალითად, თუ კონკრეტულ საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 15 ქულაა, პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აბიტურიენტს 7,5 ქულაზე მეტი უნდა ჰქონდეს მიღებული.
შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტთა ცნობარში ზუსტადაა მითითებულ, რომელ პროფესიულ სასწავლებელში რა საგნების ჩაბარებასა და ზღვარს ითხოვენ.
საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე მნიშვნელოვანია, ყველა ეტაპს ყურადღებით ადევნოთ თვალი, არ გამოტოვოთ დადგენილი ვადები და გადაწყვეტილებები სრულყოფილი ინფორმაციის საფუძველზე მიიღოთ.
თამარ იაკობაშვილი