გადაუვადდებათ თუ არა პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს სამხედრო სამსახური და კიდევ ვინ ისარგებლებს ამ შესაძლებლობით - დეტალები - მშობლები

რა შემთხვევაში გადაუვადდებათ პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს სამხედრო სამსახური და კიდევ ვინ ისარგებლებს ამ შესაძლებლობით - დეტალები

2026-07-29 16:06:05+04:00

პროფესიულ სასწავლებელში ჩაბარება ვაჟებს სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან არ ათავისუფლებს, თუმცა კანონმდებლობა მათთვის სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია საქართველოს კანონში "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" წერია.

როდის გადაუვადდება პროფესიული სტუდენტისთვის სამხედრო სამსახური?

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება პირს, რომელიც პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული პროფესიული სტუდენტია.

გადავადება მოქმედებს შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე.

თუმცა, ამ შეღავათით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს მანამდე სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებით არ უსარგებლია უმაღლეს სასწავლებელში სწავლის ან რეზიდენტურის საფუძველზე.

ეს ნიშნავს, რომ თუ პირმა უკვე მიიღო გადავადება უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის ან რეზიდენტურის გამო, პროფესიულ სასწავლებელში ჩარიცხვა მას ამავე საფუძვლით კიდევ ერთხელ გადავადების უფლებას აღარ მისცემს.

ხოლო, თუ ახლა პირველად ითხოვს სამხედრო სამსახურის გადავადებას, შეძლებს სარგებლობას.

კიდევ რა შემთხვევაშია შესაძლებელი სამხედრო სამსახურის გადავადება?

კანონი სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების არაერთ საფუძველს ითვალისწინებს. მათ შორისაა:

  • ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისთვის დროებითი ან შეზღუდული ვარგისიანობა;
  • სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობა;
  • საქართველოს ან კანონით აღიარებული უცხოური უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტის სტატუსი – სწავლების თითოეული საფეხურის დასრულებამდე;
  • რეზიდენტურაში სწავლა;
  • სკოლის მოსწავლის სტატუსი - 20 წლის ასაკამდე;
  • ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, საერთო სამაგისტრო გამოცდებზე, დოქტორანტურაში ან რეზიდენტურაში ჩარიცხვის პროცესთან დაკავშირებული გარდამავალი პერიოდები;
  • პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხვის მოლოდინი;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრთან მუდმივი ცხოვრება კანონით განსაზღვრული პირობების დაცვით;
  • ორი ან მეტი შვილის ყოლა;
  • ერთი შვილის ყოლა - შვილის დაბადებიდან სამი წლის განმავლობაში;
  • არასრულწლოვანი დის ან ძმის კმაყოფაზე ყოფნა;
  • მღვდელმსახურის სტატუსი ან სასულიერო სასწავლებელში სწავლა;
  • დედისერთობა;
  • სოფელში მასწავლებლად ან ექიმად მუშაობა;
  • პრემიერ-მინისტრის მიერ გადავადების უფლების მინიჭება;
  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირისთვის, რომელიც ეწევა პედაგოგიურ ან სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გადაამოწმოთ ცხელ ხაზზე: 32 220 02 20

ვრცლად კი შეგიძლიათ, კანონს საკანონმდებლო მაცნეს გვერდზე გაეცნოთ.

თამარ იაკობაშვილი

თუ ეროვნულ გამოცდებზე ზღვარი ვერ გადალახეთ - რა შანსები გაქვთ საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე
მინიმალური ზღვარი საგნების მიხედვით - რა შემთხვევაში ეთვლება აბიტურიენტს გამოცდა ჩაბარებულად