მოცეკვავე, ქორეოგრაფი, 4 შვილის დედა თეა დარჩია პოდკასტში "სტუმრად ანნასთან" საუბრობს, რატომ დატოვა მისმა უფროსმა ქალიშვილმა, მოცეკვავე მარიამ მათიაშვილმა სუხიშვილები და როგორ შეხვდა თავად ამ გადაწყვეტილებას:
- მარიამი ჩემი სიამაყეა. მერე სუხიშვილების, მერე მთელი საქართველოს. წამოვიდა სუხიშვილებიდან, დატოვა დიდი სცენა. ქართული გაგებითა და უსამართლო მიდგომით, ალბათ, ცუდი დედა ვარ - ისეთი ყურადღებიანი დედიკო ვერ ვიყავი, შვილები სკოლაში რომ მიჰყავთ, გამოჰყავთ და პედაგოგებთან ურთიერთობენ. ეს უბრალოდ არ შემეძლო. თუმცა, სხვა გაგებით კარგი დედა ვარ, რადგან ჩემმა შვილებმა ზუსტად იციან, როგორ არ უნდა მოიქცნენ. მე მათთვის იმის ცოცხალი მაგალითი ვარ, თუ როგორ არ უნდა იყო, რომ გადაახტნენ ბევრ ტკივილს, ბევრ განსჯას, ბევრ კრიტიკას, ბევრ ლანძღვასა და ბევრ გინებას.
ამავდროულად აღმოჩნდა, რომ შვილები გადასარევი მოკლე გზებით ვატარე, თანაც საკუთარი მაგალითით და არა ჩიჩინით. მარიამი რომ მოვიდა, მითხრა: "დედა, ახალი ამბავი უნდა გითხრა, ოღონდ არც კი გაიფიქრო, რომ აზრი შემიცვალოო", იცოდა, რაც დამემართებოდა, რადგან მისი ცხოვრებით ვცხოვრობდი - რა ხდებოდა ახალი, სად მიდიოდნენ, როგორი იყო... მისი იქ ყოფნით მეც ვიხანგრძლივებდი სიცოცხლეს და იმ საშინელ, მწარე დანაკლისს ვივსებდი, რომლის სიტყვებით აღწერაც შეუძლებელია. მითხრა, რომ ანსამბლიდან მოდიოდა. ეს რომ მითხრა, თითქოს მეხი დამეცა… ფეხქვეშ მიწა რომ გამოგეცლება, გულში ლახვარი ჩაგესობა - აი, ყველაფერი ერთად დამემართა. "რატომ?" - რომ ვეკითხები, მიპასუხა: "შენს შვილებს მამა მაინც ჰყავდათ გვერდით, ჩემსას კი მამაც არ ჰყავს გვერდით, მთელი 24 საათი მუშაობს. მე კი 24 საათი მოგზაურობასა და რეპეტიციებზე ვარ. ძიძა ჩემს შვილს ჩემზე მეტად რომ უყვარდეს, მე ამას ვერ გადავიტანო."