"გთხოვთ, ამ ქვეყნიდან ისე ნუ წავალ, რომ ჩემი ერთადერთი შვილის ძვლები მაინც არ მაპოვნინოთ" - დედა 12 წელია, სალოცავიდან გამქრალ შვილს ეძებს - მშობლები

"გთხოვთ, ამ ქვეყნიდან ისე ნუ წავალ, რომ ჩემი ერთადერთი შვილის ძვლები მაინც არ მაპოვნინოთ" - დედა 12 წელია, სალოცავიდან გამქრალ შვილს ეძებს

2026-07-30 08:49:01+04:00

12 წელია დედა, სოფო ბაბილაშვილი, 17 წლის ვაჟს ეძებს, რომელიც თბილისიდან ლომისობაზე ჩავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. გურამი მლეთაში მეგობარი ახალგაზრდების ჯგუფს გაჰყვა. ყველა მათგანი, 13 ადამიანი, თბილისში ისე დაბრუნდა, რომ არც ერთ მათგანს არ აქვს პასუხი, სად გაქრა მათი მეგობარი გურამი და რატომ არ დაბრუნდა მათთან ერთად.

მას შემდეგ 12 წელია, დედა ელოდება პასუხებს, ეძებს შვილს და ამბობს, რომ გამომძიებელი მასთან არასოდეს მისულა, არასოდეს დაუკითხავთ, გურამთან ერთად ლომისობაზე მყოფი ახალგაზრდებმა კი მასთან არანაირი კონტაქტი არ ისურვეს და სოციალურ ქსელებშიც დაბლოკეს.

როგორც დედა პოდკასტში "შენი ამბავი თაიასთან" იხსენებს, გურამი მამიდასთან იყო სტუმრად თბილისში და მეზობელ ბავშვებთან ერთად ექსკურსიაზე წავიდა.

"ექსკურსიაზე მივდივართო, მითხრა. ღამის 10 სათზე წასულან ბავშვები, 14-ნი იყვნენ სულ. მაღლა ავიდნენ მთაზე ტაძარში, მოილოცეს და დაბლა ბრუნდებოდნენ. ყველა 17 წლის ასაკის იყო, ერთი უფროსი ახლდათ კახა გელაშვილი. ორი გოგო ჰყავს, იმათ გავყევიო, როგორც თვითონ იძახის ეხლა. მაშინ ვიცოდი, რომ ბავშვები წაიყვანა ექსკურსიაზე. ბიჭებიც იყვნენ და გოგოებიც, არ ვიცნობ მათ, სახელი და გვარებიც არ ვიცი. ვისიც ვიცი, გურიკას მეგობრებიდან დავიმატე და იმათაც დამბლოკეს... რომ ჩამოვიდნენ, მამიდამისს უთხრეს, რომ გურიკას გზა აერიაო და აქ ხომ არ მოვიდაო. იქნებ მარშრუტკას ვერ მიაგნოო. თავიდან მითხრა გელაშვილმა, რომ გზა ერიაო და მოვაო. რამდენი დღის მანძილზეც ვიარეთ მოსაძებნად, იმდენი დღე იძახდა, რომ მოვაო. დღესაც რომ დავურეკოთ ტელეფონზე, დღესაც გეტყვით, რომ გურამი დაიმალა და მოვა... თქვეს, რომ გურამი ქვაზე დაჯდა და გაქრა. ორ წამში გაქრაო. რას ნიშნავს „გაქრა“. ამ სიტყვას ამბობდა გამომძიებელიც. ერთი ბავშვი გამჩნდა ამ ორი წლის უკან. დამირეკა ქალბატონო სოფო, მე არ დამინახია გურიკა რომ ქვაზე იჯდაო. ესენი ამბობენ, რომ ქვაზე იჯდა, დანარჩენები ქვემოთ ჩავიდნენ, გვითხრაო, „იარეთ, დაგეწევითო.“ ვკითხეთო, „გურიკა, ცუდად ხომ არა ხარო?“ და არაო, გვითხრა: „იარეთ, დაგეწევითო.“ ამ ბავშვებმა ვერ გათვალეს, რომ გურიკა ღამის სამ საათზე მარტო, თუნდაც ქვაზე, არ დაჯდებოდა. რამხელა ტყუილს მელაპარაკებიან, აი, დღემდე რას მელაპარაკებიან. ზემოთ გადასავარდნი ხევია. ზუსტად იმ ხევში მეწყერი ჩამოწვა გამთენიისას, სანამ ესენი თბილისში ჩამოვიდნენ," - იხსენებს დედა.

სწორედ იმ ღამეს, გამთენიისას, როდესაც გურამის გარეშე ჯგუფი თბილისში ბრუნდებოდა მლეთაში, სალოცავთან მდებარე ხევში მეწყერი ჩამოწვა.

დედა ვარაუდობს, რომ გურამი ჯერ კიდევ ზემოთ დაიკარგა, არ ჩამოსულა იმ ქვამდე, რომელზეც გამოძიება საუბრობს და რომელიც, მისი თქმით, მომხდარიდან 10 წლის შემდეგ ერთ-ერთმა ახალგაზრდამაც დაუდასტურა.

"მაღლიდანვე დაკარგეს ამათ გურიკა. უბრალოდ, ჩემი ვერსია თავიდანვე ასეთი იყო: გურიკა მაღლიდანვე დაკარგეს. არც არავის დაბადებია კითხვა — იქნებ ბავშვს მაღლიდან ფეხი დაუცურდა. კახამ, რადგან უფროსი იყო და ბავშვები ჩაბარებული ჰყავდა, ალბათ იფიქრა, რომ ამას მე დამაბრალებენო. ამიტომ თავიდანვე თქვა, რომ გურამი ქვაზე დაჯდა. მას თავიდანვე რომ ეთქვა: „მე არ მახსოვს, გურიკა რა დროს დაიკარგა“, მაშინვე იმ მეწყერს გაწმენდდნენ...

მე მაშინაც ვთქვი და ახლაც ვიძახი. მე არავის ვადანაშაულებ, რომ სპეციალურად ჩემს შვილს ვინმემ რამე დაუშავა. არც ისეთი ფიქრი მაქვს, რომ ვინმეს გურამი არ უყვარდა ან სპეციალურად მოუწყო ეს ყველაფერი. უბრალოდ, ვადანაშაულებ იმაში, რომ თავიდანვე ყველაფერი ტყუილი თქვეს.

გურამის დროს წვიმიანი ამინდი იყო და კეტები ეცვა. ფეხი რომ მეც დამიცურდეს, მეც მოვკვდები იმ ხევში რომ გადავვარდე.

მე 12 წლის განმავლობაში ამ ხევში შევდივარ, ხმამაღლა ვყვირი, აი, ბოლო ხმაზე ვყვირი, და ჩემი ყვირილი არავის ესმის. იცი რატომ? იქ ხალხი ქეიფობს, მაგიდები აქვთ გაშლილი. გურამი იქ რომ ჩავარდნილიყო და ცოცხალი ყოფილიყო, ხმას მაინც ვერ მიაწვდენდა.დილით მეწყერი ჩამოწვა. ფეხი რომ მოსტეხოდა, იმხელა ხევია...ხევში შევიდა ჩემი ძმა ბოლომდე, მაგრამ მიწა უკვე ჩამოყრილი იყო. მიწის ქვეშ რა არის, ვინ იცის? თუ ბავშვი იმ მეწყერში არ არის... მე ხომ ეს აზრი მაქვს, დედა ვარ. თუ გურამი იმ მეწყერში არ არის, აბა სად არის. გაწმინდონ მეწყერი.

პირადად გთხოვთ, ამ ქვეყნიდან ისე ნუ წავალ, რომ ჩემი ერთადერთი შვილის ძვლები მაინც არ მაპოვნინოთ. თუ იქ არ არის, იმ 50 მეტრ მიწაში, ჩემი შვილი, მე ხომ დავრწმუნდები და ამ ფიქრით აღარ ვიცხოვრებ..." - ამბობს სოფო ბაბილაშვილი, რომლის ისტორია მხოლოდ წლების შემდეგ გახმაურდა და უამრავი ადამიანი შეძრა.

მისი დახმარების სურვილით ბევრი ადამიანი გაერთიანდა, რათა მიაღწიონ დამეწყრილი ხევის გაწმენდას. საქმეში ჩაერთო ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ დაიცავს სოფო ბაბილაშვილის ინტერესებს.

13 წლის დაკარგული გოგონა 30 წლის შემდეგ მოულოდნელად იპოვეს - საქმე, რომელიც ბევრს აოცებს
დაკარგული ბავშვი, რომელსაც 8 დღე ეძებდნენ, საკუთარ ოთახში იპოვეს: ისტორია, რომელიც დღემდე ყველას საეჭვოდ ეჩვენება