თუ აბიტურიენტი არ ეთანხმება მიღებულ შეფასებას, მას შეუძლია ცალკეულ საგამოცდო საგანში მიღებული ქულა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილ ვადებში გაასაჩივროს. ამ შემთხვევაში მან ელექტრონულად უნდა შეავსოს ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განცხადება. დეტალები ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდებზე: www.naec.ge; online.naec.ge.
ჯერჯერობით, 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საპრეტენზიო განცხადებების მიღება არ დაწყებულა. განცხადებების გაგზავნა მას შემდეგ შეგეძლებათ, რაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყველა საგანში პირველად შედეგებს გამოაქვეყნებს.
საპრეტენზიო განცხადებებთან დაკავშირებით ვრცელი ინფორმაცია კი აბიტურიენტთა 2026 წლის ცნობარში წერია.
საპრეტენზიო განცხადების განხილვის საფასურია 50 ლარი (ერთი საგნისათვის). ქულის ცვლილების შემთხვევაში თანხა სრულად ბრუნდება განცხადების საფუძველზე. ასევე იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი საპრეტენზიო განცხადების წარდგენის ვადის ამოწურვამდე არ წარადგენს საპრეტენზიო განცხადებას ან აღნიშნული ვადის ამოწურვამდე უარს განაცხადებს საპრეტენზიო განცხადებაზე, ან განსაზღვრულზე მეტი ოდენობით საფასურს გადაიხდის, მის მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე თანხა უკან დაუბრუნდება.
საპრეტენზიო განცხადების განხილვის საფასურის გადახდის დანიშნულებაში საქართველოს მოქალაქე უთითებს აბიტურიენტის პირად ნომერს. უცხო ქვეყნის მოქალაქე, ასევე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, რომელიც დარეგისტრირდა, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, უთითებს აბიტურიენტის გვარს, სახელს, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის/პასპორტის სერიას და ნომერს (პასპორტის სერიის ყველა სიმბოლო, იქნება ეს ციფრები თუ ასოები, ივსება მიყოლებით, სივრცის დატოვების გარეშე).
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:
- "საქართველოს ბანკის" გადახდების პლატფორმით – bogpay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი + 1,2%;
- "საქართველოს ბანკის" თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
- "საქართველოს ბანკის" ინტერნეტ ბანკის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი;
- "საქართველოს ბანკის" მობილური აპლიკაციით – mBank – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი.
განცხადებაში მითითებული უნდა იყოს იმ ტესტური დავალებების ნომრები, რომელთა შეფასებასაც აბიტურიენტი არ ეთანხმება.
- გასწორებისას შემოწმდება მონიშნული ტესტური დავალება მთლიანად. თუ დავალება არ არის მონიშნული, სწორდება მთლიანი ნაშრომი. საგნობრივი კომისია გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო განცხადებების წარმოდგენის დასრულებიდან არაუმეტეს 20 დღის ვადაში.
- საგნობრივი კომისიის ნებისმიერი სახის გადაწყვეტილება აისახება აბიტურიენტის პირად სარეგისტრაციო გვერდზე და შედეგის ნახვა მხოლოდ მისთვის იქნება შესაძლებელი.
- იმ შემთხვევაში, თუ ნაშრომის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განცხადების საფუძველზე შეიცვლება ქულა, ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში აბიტურიენტმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოს განცხადება (ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით) ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე.
- თანხა დაბრუნდება განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, აბიტურიენტის მიერ განცხადებაზე დართულ საბანკო რეკვიზიტებზე.
სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქცია
- აპელაციისათვის განკუთვნილ ბმულზე გადასვლის შემდეგ შესაბამის ორ ველში უნდა შეიყვანოთ პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი;
- მითითებული სიმბოლოების შეყვანის შემდეგ უნდა დააჭიროთ ღილაკს "შესვლა", შემდეგ კი "განაცხადის შევსებას" და დაიწყოთ იმ გამოცდების მონიშვნა, რომელთა გასაჩივრებაც გსურთ;
- საგნის მითითების შემდეგ უნდა აირჩიოთ დავალებები. თუ გსურთ გაასაჩივროთ მთელი ნაშრომი, უნდა მონიშნოთ სათითაოდ ყველა დავალება;
- თქვენ მიერ დამუშავებულ ინფორმაციას სისტემა ინახავს, როგორც დროებითს. დროებით განაცხადში არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა;
- გაითვალისწინეთ: დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ დააჭერთ ღილაკს "გაგზავნა". გაგზავნის შემდეგ განაცხადში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ;
- გაითვალისწინეთ:ორი ან მეტი გამოცდის შედეგის აპელირებისას უნდა შეავსოთ შესაბამისი ინფორმაცია ყველა გამოცდისათვის სისტემიდან გამოსვლის გარეშე და მხოლოდ ამის შემდეგ გააგზავნოთ განაცხადი. თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, საგანს ვერ აირჩევთ.
გასაჩივრების შემდეგ შესაძლოა, აბიტურიენტს ქულა მოემატოს, დააკლდეს ან უცვლელი დარჩეს. ამასთან დაკავშირებით, სტატიასა და წინა წლის სტატისტიკას შეგიძლიათ, Mshoblebi.ge-ს ვებგვერდზე გაეცნოთ.
აქვე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ზუსტ ინფორმაციას, 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის როდის დაიწყება საპრეტენზიო განცხადებების მიღება, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოაქვეყნებს.
თამარ იაკობაშვილი