საზოგადოება აქტიურად ადევნებს თვალს 12 წლის წინ გაუჩინარებულ 17 წლის ბიჭის საქმეს. ამდენი წლის შემდეგ დედამ, რომელსაც ეჭვი აქვს, რომ მისი შვილი ხევში ჩამოწოლილ მეწყერში გაუჩინარდა, საზოგადოების მხარდაჭერით შვილის ძებნა განაგრძო. საქმეში ჩაერთო ადვოკატი ტარიელ კაკაბაძეც.
როგორც ცნობილია, 17 წლის გურამ დადიანიძე 13 ადამიათან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდა, ყველა მათგანი შინ უვნებელი დაბრუნდა გურამის გარეშე, იმავე ღამით კი იმ ადგილას მეწყერი ჩამოწვა. მას შემდეგ დედამ არც ის იცის, რა გარემოებებში გაუჩინარდა მისი შვილი და დღემდე მეწყერის გაწმენდასაც ვერ მიაღწია.
ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ამ ეტაპზე არსებულ ვითარებაში გარკვეულ საეჭვო გარემოებებზე ამახვილებს ყურადღებას:
"რამდენიმე დღეა, რაც ჩავერთე აღნიშნულ საქმეში და ყოველ დღე ვაწყდები ახალ-ახალ სირთულეებს, სიურპრიზებს.
ვხედავ, რომ ყველაზე მეტად აიგნორებენ ჩვენს თხოვნას, რომ დაგვეხმარონ და მოგვაწოდონ მეტი ინფორმაცია ის ადამიანები, ვის ინტერესშიც ყველაზე მეტად უნდა იყოს აღნიშნული საქმის გახსნა და მეტი ინფორმაციის შეგროვება აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე.
ამ შემთხვევაში მე ვსაუბრობ მხოლოდ და მხოლოდ მამიდასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ ბევრი სხვა მიმართულებით და მე ვხედავ, რომ ადამიანები, ნამდვილად არ არიან დაინტერესებულნი იმით, რომ ეს საქმე გაიხსნას და პასუხი გაეცეს კითხვას — სად არის ის ბავშვი, ის ბიჭი, რომელიც 12 წლის უკან გაუჩინარდა?
აღნიშნულ პრობლემებს წავაწყდით როგორც სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის დროს, ასევე იმ ადამიანებთან ურთიერთობის დროსაც, რომლებიც კიდევ ვიმეორებ, ყველაზე მეტად უნდა იყვნენ დაინტერესებული.
მე არ ვაპირებ დღეს, რა თქმა უნდა, კარტების გახსნას და ყველა ინფორმაციის წინასწარ მოწოდებას, იმიტომ რომ ჩვენ ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ, თუმცა,
ჩემი პოსტი ეხებოდა მამიდის რეაქციებს, რომელსაც რამდენიმე დღეა ვთხოვ შეხვედრას, უკვე თითქმის შეთანხმებულები ვიყავი შეხვედრასთან დაკავშირებით, მე ვიცოდი, რომ დღეს უნდა შევხვედროდი, ისიც იცოდა მან, რომ მნიშვნელოვანი შეკითხვები მქონდა.
მაქვს კითხვები, ძალიან მნიშვნელოვანი კითხვები, ის კითხვები, რომელიც აწუხებს საზოგადოებას და დამატებით ის კითხვები, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩემთვის, როგორც ადვოკატისთვის.
და ვფიქრობ, რომ თავად მამიდის ინტერესში უნდა იყოს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. მაგრამ მე ვხედავ, რომ აღნიშნული ქალბატონი უარს აცხადებს ჩემთან შეხვედრაზე და უარს აცხადებს ინფორმაციის მოწოდებაზე.
რა თქმა უნდა, ეს საზოგადოებაში აჩენს უამრავ კითხვის ნიშანს, აჩენს უამრავ ეჭვს და მინდა გითხრათ, რომ ყველა ეს ეჭვი და ვარაუდი, რომელიც გაუჩნდა საზოგადოებას აღნიშნულ ქალბატონთან დაკავშირებით, არის ლეგიტიმური.
ყველა ეჭვს და ვარაუდს აქვს არსებობის უფლება, მანამ სანამ მე არ დავინახავ, რომ ეს ადამიანი და ასევე სხვა ადამიანები, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ, მიაწვდიან გამოძიებას სწორ ინფორმაციას.
სამწუხაროდ, საგამოძიებო ორგანოს არა აქვს ჩატარებული ეფექტურად საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე და მეც ასე გეტყვით, აღნიშნული ბავშვების მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია, როგორც ჩანს და როგორც ვხედავ, არ არის გულწრფელი და ჩნდება ვარაუდი, რომ ეს ბავშვები ძალიან ბევრ რამეს მალავენ და ჩვენი მიზანი არის, რომ ფარდა ავხადოთ ყველა იმ საკითხს, რაც საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.
მინდა შეგახსენოთ, რომ 12 წლის განმავლობაში არა თუ საქმის გამოძიება არ ჩატარებულა ნორმალურად, არამედ ფაქტობრივად მიმდინარეობდა საქმის ჩაფარცხვის ოპერაცია.
როდესაც 12 წლის განმავლობაში არ ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, უკვე ძალიან რთულია რეალურად შეკრიბო ობიექტური მტკიცებულებები, მით უმეტეს, როდესაც არ თანამშრომლობენ ფაქტობრივად ის ადამიანები, რომლებიც იმყოფებოდნენ კონკრეტულ ადგილზე და ვხედავთ, რომ მამიდაც კი ძალიან საეჭვოდ იქცევა და ისიც კი უარს ამბობს ადვოკატთან შეხვედრაზე.
წესით და რიგით, თუ ეს ადამიანი გულწრფელია და თუ მას ნამდვილად გული ტკივა იმის გამო, რომ მისი ძმისშვილი დაიკარგა, თვითონ უნდა იყოს პირველ რიგში დაინტერესებული, რომ შეხვდეს, თვითონ უნდა მთხოვდეს შეხვედრას, თვითონ უნდა მისვამდეს კითხვებს და თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს ამ საქმეზე.
რა თქმა უნდა, მე მაქვს სხვა უამრავი შეკითხვა, მუშაობა მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით და გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, წინასწარ ამ ყველაფრის გაჟღერებას არ ვაპირებ.
მე მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს რაიმე სახის ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით, მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვინც 12 წლის განმავლობაში მალავს სიმართლეს, რომ გამოვიდნენ, კეთილი ინებონ და სწორი ინფორმაცია მიაწოდონ საგამოძიებო ორგანოს.
კინუ დაიმალებიან, არამედ ჩვენთან ითანამშრომლონ, ვინაიდან სიმართლე აუცილებლად გაირკვევა, აუცილებლად დადგინდება და მათივე სამართლებრივი მდგომარეობისთვის აჯობებს, რომ ნუ დამალავენ სიმართლეს და შეცდომაში ნუ შეიყვანენ გამოძიებას.
რაც შეეხება მამიდას, აი წარმოიდგინეთ მოცემულობა, როდესაც მამიდა ბავშვის გაუჩინარებიდან დაახლოებით 4-5 დღეში წერს პოსტს და ფაქტობრივად გამოიგლოვა ეს ბავშვი და ამბობს სხვადასხვა ინტერვიუებში ჩემი ინფორმაციით, იმას თითქოს რამდენიმე კვირის განმავლობაში ეძებდა ბავშვს.
მაგრამ მე მაქვს ასევე ინფორმაცია, რომ მის მიერ გაჟღერებული სხვადასხვა ინფორმაცია, მათ შორის საგამოძიებო ორგანოს მიმართ, ნამდვილად არ შეესაბამება რეალობას.
ასე რომ, ჩემი კითხვები, რომელიც მე ამ ქალბატონის მიმართ მქონდა, არის აბსოლუტურად ლეგიტიმური. მე ხელს არავის ვადებ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დაუშვებელია ვინმეს რაიმე სახის დანაშაული დააბრალო უტყუარი მტკიცებულებების გარეშე, მაგრამ ამ ქალბატონის ქმედებები, სხვა არაერთი პირის ქმედება ბადებს ეჭვებს.
ასევე საგამოძიებო ორგანოს უმოქმედობა, კონკრეტულად საქმეზე მომუშავე გამომძიებლების უმოქმედობა აჩენს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, ვინმეს ხომ არ ფარველობენ.
მე ერთ ფაქტს მოგიყვანთ, გამომძიებელი, რომელიც 3-4 წლის განმავლობაში მუშაობდა ამ საქმეზე, შეიცვალა.ამ ძველ გამომძიებელს ქალბატონი სოფიო ხვდება სრულიად შემთხვევით, სრულიად შემთხვევით და უნდა, რომ გარკვეული კითხვები დაუსვას ამ საქმესთან დაკავშირებით და ეს პიროვნება ეუბნება, რომ ის არასდროს ყოფილა საქმის გამომძიებელი და მას წარმოდგენაც კი არა აქვს ამ საქმესთან დაკავშირებით.
აი წარმოიდგინეთ, ამას ეუბნება ის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ხვდებოდა და ინფორმაციას აწვდიდა საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით.
აქ ძალიან ბევრი საეჭვო დეტალი იმალება, ჩვენ ვმუშაობთ და საზოგადოებას ჩავაყენებთ საქმის კურსში აუცილებლად." - ამბობს ტარიელ კაკაბაძე ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.