ანჯელინა ჯოლის ძმამ, 53 წლის ჯეიმს ჰეივენმა, მეუღლესთან, რომი იმბელისთან განქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ, საკუთარი გეი სტატუსის შესახებ გამოაცხადა. ერთი დღით ადრე, ჯონ ვოიტის ვაჟმა ყოფილი ცოლის Substack გვერდზე პირდაპირ ეთერში გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღსარების წერილი წაიკითხა.
"ბავშვობაში ვგიჟდებოდი დისნეის პრინცესებზე. ლოყებზე ფერუმარილს ვისვამდი, წამწამებს ვიპრეხდი და ამ მომენტებში თავს ჯადოსნურად ვგრძნობდი. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რატომ მაბედნიერებდა ასე ეს ყველაფერი. არასდროს მითამაშია ვინმე სხვა, უბრალოდ თავს უფლებას ვაძლევდი, ვყოფილიყავი ის, ვინც ვარ", - აღნიშნა ჯეიმსმა.
მსახიობის თქმით, ასაკის მატებასთან ერთად, მან დაიწყო ფიქრი იმაზე, ღირდა თუ არა საკუთარი პიროვნების ამ მხარის დამალვა, რათა სხვების მოლოდინებს მორგებოდა. „ბევრი სხვა მსგავსი ბავშვივით, ბევრად ადრე გამიჩნდა შეკითხვები ჩემი იდენტობის შესახებ, სანამ მათ დაფასებას ვისწავლიდი. "ქამინგ-აუთი" არ ნიშნავს ახალ ადამიანად ქცევას, ეს ნიშნავს იმას, რომ სხვა ადამიანებს მივცე შესაძლებლობა, გაიცნონ ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის იყო მათ გვერდით“.
დასასრულს, ჰეივენმა იმედი გამოთქვა, რომ მისი ახლობლები განსჯის გარეშე მიიღებენ მის აღიარებას: „ვიმედოვნებ, რომ ჩემი ოჯახი და სხვები აირჩევენ სიყვარულს შიშის ნაცვლად, გაგებას განსჯის ნაცვლად და ურთიერთობას იმ შეხედულებების ნაცვლად, რაც შეიძლება ჩვენ გვყოფდა. ვიმედოვნებ, ისინი იარლიყებს მიღმა გაიხედავენ და უბრალოდ დამინახავენ იმავე გულით, იმავე სიცილით, იმავე სულით, როგორსაც ყოველთვის მიცნობდნენ.“

გადაცემის დროს იმბელიმ მხარი დაუჭირა ყოფილ ქმარს და აღიარა, რომ დიდი ხანია ეჭვობდა მის ორიენტაციაზე, მაგრამ ამის მიღება უჭირდა. „მე ვეჭვობდი, მაგრამ მაინც არ მინდოდა ამის დაჯერება, რადგან ეს ნიშნავდა, რომ მე შენ, როგორც ქმარს, დაგკარგავდი და არ შემეძლო ამის დაშვება“, - თქვა მან და განმარტა, რომ შინაგანი ბრძოლა ჰქონდა ჰეივენის მხარდაჭერის სურვილსა და სიმართლის მიღების მოთხოვნილებას შორის.
„ჩვენ ყოველთვის ოჯახის წევრები ვიქნებით ერთმანეთისთვის. შენ ჩემი მხოლოდ ახლო მეგობარი არ ხარ. შენ ჩემი სიყვარული ხარ. და ასე გამოვიდა, რომ გეი ხარ... და მე აქ იმისთვის არ მოვსულვარ, რომ ვამხილო ჩემი საყვარელი მამაკაცი, არამედ იმისთვის, რომ დავხმარებოდი მას საკუთარი თავის გათავისუფლებაში. სანაცვლოდ, მან მე გამათავისუფლა.“


ჯეიმს ჰეივენი და რეალითი შოუს ვარსკვლავი რომი იმბელი, რომლებიც 20 წელზე მეტი ახლო მეგობრები იყვნენ, 2024 წელს დაქორწინდნენ. ქორწილიდან სულ რაღაც ორი კვირის შემდეგ, წყვილმა სცადა ქორწინების გაუქმება, მაგრამ იურიდიული გართულებების გამო შეეშვნენ შემდეგ ამ საქმეს. ერთი წლის შემდეგ, წყვილი საბოლოოდ დაშორდა - იმავე წელს, როგორც ახლა გაირკვა, ჰეივენმა ცოლს გაუმხილა საკუთარი ორიენტაციის შესახებ.

ჯეიმს ჰეივენი ანჯელინა ჯოლის უფროსი ძმა და ჯონ ვოიტისა და მარშელინ ბერტრანის ვაჟია. მსახიობები მაშინ განქორწინდნენ, როდესაც მათი შვილები პატარები იყვნენ და ჯეიმსი და ანჯელინა დედამ გაზარდა.



დიდი ხნის განმავლობაში და-ძმა ძალიან ახლოს იყო, ხშირად ერთად ესწრებოდნენ ღონისძიებებს, მონაწილეობდნენ ფილმებში და სკანდალებშიც კი ედგნენ გვერდით ერთმანეთს.


თუმცა, 2007 წელს მარშელინ ბერტრანის გარდაცვალების შემდეგ, მათი ურთიერთობა გაუარესდა. განხეთქილება იმით დასრულდა, რომ ჯოლი ძმის ქორწილს არ დაესწრო. მედიაში გავრცელდა ჭორები, რომ მსახიობი არ იწონებდა მის არჩევანს. მოგვიანებით, კიმბელისთან განქორწინების შემდეგ, ჰეივენმა განაცხადა, რომ მისმა დამ ვერ შეძლო მისთვის საჭირო მხარდაჭერის გაწევა რთულ პერიოდში. ჯოლი, თავის მხრივ, ძმას გაუნაწყენდა, რადგან მათი განქორწინების დროს მისმა ძმამ ბრედ პიტის მხარე დაიჭირა. ბოლო წლებში და-ძმამ თითქმის მთლიანად გაწყვიტეს კონტაქტი.