ბევრი ჩვენგანი კვერცხსა და რძეს ყოველდღიურად მიირთმევს, თუმცა იშვიათად ვფიქრობთ, რა განსაკუთრებული თვისებები აქვთ ამ პროდუქტებს და რა წესები უნდა დავიცვათ მათი გამოყენებისას. კვერცხი ერთ-ერთ ყველაზე სრულფასოვან საკვებად მიიჩნევა, თუმცა, სპეციალისტების თქმით, მისი მთავარი საფრთხე კვებით ღირებულებაში კი არა, არასწორად გამოყენებასა და ჰიგიენის წესების უგულებელყოფაშია.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ფსიქონუტრიციოლოგი და სურსათის ექსპერტი, თენგიზ კალანდაძე, სწორედ ამ თემაზე საუბრობს და განმარტავს, რატომ არის რძე და კვერცხი უნიკალური პროდუქტები, რატომ არ არის რძის რეგულარული მიღება აუცილებელი ზრდასრულ ასაკში, ასევე და რა წესები უნდა დავიცვათ კვერცხის მიღებისას, რომ დსარგებელზე მეტი სიავე არ მივიღოთ.
„მსოფლიოში არსებობს მხოლოდ ორი პროდუქტი — რძე და კვერცხი, რომლებსაც დამოუკიდებლად შეუძლიათ ცოცხალი ორგანიზმის გაზრდა. ანუ ისინი შეიცავს ყველა იმ აუცილებელ ნუტრიენტს, რომელიც ცოცხალი ორგანიზმის განვითარებისთვის არის საჭირო. დედამიწაზე სხვა მსგავსი პროდუქტი არ არსებობს.
რაც შეეხება რძეს, დაბადებიდან დაახლოებით სამი-ოთხი წლის შემდეგ ის ადამიანის აუცილებელ საკვებად აღარ ითვლება, რადგან ზრდასრულ ორგანიზმს ხშირად აღარ აქვს საკმარისი რაოდენობით ის ფერმენტი, რომელიც რძის სრულფასოვნად მონელებას უზრუნველყოფს. თუმცა, თუ რძე გიყვართ და მისი მიღება დისკომფორტს არ გიქმნით, მისი დალევა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ.
რაც შეეხება კვერცხს, ის იმდენად სასარგებლო პროდუქტია, რომ მისი მიღება შეიძლება დილით, შუადღესაც და საღამოსაც. დღეში ორი, სამი ან თუნდაც ხუთი კვერცხიც კი, ჯანმრთელი ადამიანისთვის, პრობლემას არ წარმოადგენს. კვერცხი თითქმის ყველა აუცილებელ ნუტრიენტს შეიცავს.
მაგრამ რატომ შეიძლება იყოს კვერცხი საშიში?
საფრთხე თავად კვერცხი კი არა, მისი ჰიგიენაა. კვერცხი ჩვენს სამზარეულოში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული პროდუქტია. წარმოშობის მიხედვით, ის მიწიან კარტოფილზეც კი უფრო ბინძურია. ყველამ ვიცით, საიდან მოდის კვერცხი, თუმცა მაღაზიაში მოხვედრამდე ის არ ირეცხება და არ გადის დეზინფექციას.
სწორედ ამიტომ, კვერცხი მაცივარში ცალკე კონტეინერში უნდა ინახებოდეს და სხვა პროდუქტებთან უშუალო შეხება არ უნდა ჰქონდეს. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ თანამედროვე მაცივრებში კარზე განკუთვნილი კვერცხის ჩასადებები ბევრ მოდელში აღარ არის — ეს სწორედ ჰიგიენური რეკომენდაციების გათვალისწინებით მოხდა.
როდესაც კვერცხს ხელს მოკიდებთ, გატეხავთ ან გამოიყენებთ, იმავე ხელით არ უნდა შეეხოთ სხვა საკვებს — არც პურს, არც კარაქს, არც მარილს და არც სხვა პროდუქტებს. გამოყენებული თეფში, დანა და სხვა ჭურჭელი მაშინვე ნიჟარაში უნდა მოათავსოთ, ხელები საფუძვლიანად დაიბანოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელოთ სხვა პროდუქტებთან მუშაობა.“ - ამბობს თენგიზ კალანდაძე.