ნინა ბლომის ისტორია განსაკუთრებით მძიმეა. ყველას ეგონა, რომ ის უბრალოდ უცნობი დაავადების მქონე, დატანჯული ბავშვი იყო, რეალური მიზეზი კი მისივე დედის ქმედებები აღმოჩნდა...
ნინა ბლომი ნიდერლანდებში გაიზარდა. ბავშვობაში ჩვეულებრივი, მხიარული გოგონა იყო — უყვარდა მუსიკა, სიმღერა და ცეკვა. თავის დასთან ერთად სხვენში თამაშის თბილი მოგონებებიც აქვს. თუმცა დედა თანდათან არწმუნებდა ყველას, რომ ნინას ჯანმრთელობასთან სერიოზული პრობლემები ჰქონდა.
ნინა მოგვიანებით იხსენებდა, რომ პირველად საავადმყოფოში ჯერ კიდევ ჩვილობის პერიოდში მოხვდა. ერთ-ერთი ადრეული მიზეზი იყო თითქოს სხეულის პოზასთან დაკავშირებული პრობლემა. დედა ექიმებთან ხშირად მიდიოდა და აცხადებდა, რომ ბავშვს სხვადასხვა სიმპტომი ჰქონდა.
შემდეგ მდგომარეობა უფრო და უფრო დამძიმდა.
დაახლოებით 4 წლის ასაკში დედა უკვე პირდაპირ ეუბნებოდა, რა უნდა ეთქვა ექიმისთვის. ნინას ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მოგონებაა, როგორ ჩააცვა დედამ ექიმთან წასასვლელად და უთხრა, რომ ექიმისთვის ეთქვა, თითქოს მუცელი სტკიოდა.
ნინასთვის ეს სრულიად გაუგებარი იყო, რადგან სინამდვილეში თავს ცუდად საერთოდ არ გრძნობდა.


8 წლის ასაკში კი სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. მას დაეწყო კუჭ-ნაწლავის პრობლემები, დაიკლო წონაში და დედას სულ უფრო ხშირად მიჰყავდა საავადმყოფოებში. საინტერესო იყო ისიც, რომ საავადმყოფოში მოხვედრის შემდეგ ნინა ხშირად თავს უკეთ გრძნობდა.

ექიმები ეუბნებოდნენ დედას, რომ ნინა კარგად იყო და სახლში შეიძლებოდა წასვლა. მაგრამ დედა დაჟინებით მოითხოვდა, რომ ნინა კვლავ დაეტოვებინათ ან დამატებითი გამოკვლევები ჩაეტარებინათ. ზოგჯერ კი ბავშვს პირდაპირ ეუბნებოდა, ექიმისთვის ეთქვა, რომ ტკივილი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში აღარ სტკიოდა.
ერთხელ ოჯახი დასასვენებლად იყო წასული. ნინამ ცურვის შემდეგ კუნთებში მცირე დისკომფორტი იგრძნო — ჩვეულებრივი რამ, რომელიც გადაღლილობას შეიძლება მოჰყოლოდა.დედამ კი უთხრა, რომ ეს კუნთების სერიოზული დაავადების ნიშანი იყო და საავადმყოფოში უნდა წასულიყო.
როდესაც ნინამ უთხრა, რომ აღარ სტკიოდა, დედამ მაინც აიძულა, ექიმისთვის ეთქვა, რომ სტკიოდა.
ამ ყველაფერმა ბავშვის ფსიქიკაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. ნინა საავადმყოფოში იწვა და გვერდით ხედავდა ბავშვებს, რომლებსაც რეალურად ჰქონდათ მძიმე დაავადებები, მათ შორის კიბო. თვითონ კი ფიქრობდა: „მე არაფერი მჭირს“.
ეს არის ამ ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი ნაწილი.ნინას დედა ექიმების თვალში ხშირად გამოიყურებოდა როგორც ძალიან მზრუნველი და შეშფოთებული დედა, რომელიც ნებისმიერ ფასად ცდილობდა ბავშვის დახმარებას.
მაგრამ სწორედ ეს იყო ტყუილის დიდი ნაწილი.დედა ექიმებს აწვდიდა ინფორმაციას ბავშვის სიმპტომების შესახებ, ნინას კი აიძულებდა, იგივე დაედასტურებინა. შედეგად, ექიმები ცდილობდნენ ისეთი დაავადების აღმოჩენას, რომელიც სინამდვილეში ნინას არ ჰქონდა.
მას ჩაუტარდა მრავალი გამოკვლევა, მათ შორის ძალიან მძიმე და მტკივნეული პროცედურებიც. ერთ-ერთ შემთხვევაში ძვლის ტვინის ბიოფსიაც კი ჩატარდა, თუმცა მიზეზი ვერ იპოვეს.
თავდაპირველად საუბარი იყო გამოგონილ ან გაზვიადებულ სიმპტომებზე. მაგრამ მოგვიანებით დედის ქცევა ბევრად უფრო საშიში გახდა.
ნინას თქმით, დედა მას სხვადასხვა მედიკამენტს აძლევდა. თავად ნინა მოგვიანებით ვარაუდობდა, რომ ბავშვობაში მას შესაძლოა საფაღარათო საშუალებებსაც აძლევდნენ, რათა კუჭ-ნაწლავის პრობლემები გამოეწვიათ. მოგვიანებით კი დედამ გაცილებით საშიში მედიკამენტები მისცა, მათ შორის კუნთების მომადუნებელი პრეპარატები.ერთ-ერთ პერიოდში ნინა დღეში 21 აბამდე იღებდა. მისი თქმით, საკვებსაც თანდათან უზღუდავდა დედა. სხვა წყაროში ნინა იხსენებს, რომ დედა დღეში რამდენჯერმე რამდენიმე აბს აძლევდა და გარკვეულ პერიოდში მედიკამენტებს უკვე ზონდითაც აწვდიდა.ამან რეალური ფიზიკური პრობლემები გამოიწვია. ბავშვი, რომელსაც თავდაპირველად შესაძლოა არაფერი სჭირდა, წამლებისა და ძალადობის გამო უკვე ნამდვილად ხდებოდა ავად.

დედამ ნინას უთხრა, რომ მას განუკურნებელი კუნთოვანი დაავადება ჰქონდა და კვდებოდა.ნინას თანდათან შეუზღუდეს მოძრაობა, სკოლაში სიარული და მეგობრებთან ურთიერთობა. იგი სულ უფრო იზოლირებული ხდებოდა.
საბოლოოდ, დედა მას ეტლშიც სვამდა და არწმუნებდა, რომ დამოუკიდებლად სიარული აღარ შეეძლო. ნინა მოგვიანებით იხსენებდა, რომ ზოგჯერ საწოლში იყო ფაქტობრივად ზეწრებში გახვეული და ფაქტობრივად აღარ ჰქონდა ნორმალური ცხოვრების საშუალება.
14 წლის ასაკში იმდენად ცუდ მდგომარეობაში იყო, რომ სიარული აღარ შეეძლო და ორგანიზმი მოწამლული ჰქონდა უამრავი მედიკამენტით.
გადამწყვეტი აღმოჩნდა ახალგაზრდა პედიატრი — დოქტორი ვრიენტენი.1989 წლის 2 აგვისტოს, როცა ნინა 14 წლის იყო, ექიმმა მისი შემთხვევა სხვანაირად დაინახა.
მას გაუჩნდა კითხვა:როგორ შეიძლება ბავშვი გარეგნულად ასეთი მძიმე მდგომარეობაში იყოს, მაგრამ წლების განმავლობაში ჩატარებული გამოკვლევები კონკრეტულ დაავადებას საერთოდ ვერ აჩვენებდეს?
მან ნინას სამედიცინო ისტორია სხვადასხვა საავადმყოფოდან გამოითხოვა და ერთმანეთს შეადარა.სწორედ აქ გამოჩნდა ის, რაც მანამდე ექიმებს გამორჩათ — ნინას ისტორიაში იყო განმეორებადი, უცნაური და ერთმანეთთან შეუთავსებელი ეპიზოდები.ექიმმა იეჭვა, რომ პრობლემა თავად დაავადება კი არა, ბავშვის გარემო და მისი მომვლელი შეიძლებოდა ყოფილიყო. და ასევე დასვა შეკითხვა - „რატომ ხდება ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ, როცა დედა მის გვერდით არის?“
ექიმმა იეჭვა ის, რასაც დღეს Factitious Disorder Imposed on Another (FDIA) ეწოდება და რომელსაც ადრე ხშირადმიუნჰაუზენის სინდრომს უწოდებდნენ.
ეს არის ბავშვზე ძალადობის ძალიან მძიმე ფორმა, როდესაც მშობელი ან სხვა მზრუნველი პირი:
მიზანი შეიძლება იყოს ექიმებისა და გარშემო მყოფების ყურადღების მიღება და საკუთარი თავის „თავგანწირულ, მზრუნველ მშობლად“ წარმოჩენა.
ვრიენტენმა საქმე ასე არ დატოვა. მან შესაბამის სპეციალისტებსა და ბავშვთა დაცვის ორგანოებს მიმართა.საბოლოოდ, პოლიცია, სასწრაფო, ბავშვთა დაცვის სამსახური და ექიმები ერთად მივიდნენ ნინას სახლში და იგი დედას ჩამოაშორეს. ამის შემდეგ ნინას რეაბილიტაცია დაიწყო.
და აქ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა: ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ნინას სხეულს მოძრაობის უნარი სრულად არ ჰქონდა დაკარგული.მას შემდეგ, რაც უსაფრთხო გარემოში აღმოჩნდა, მისი მდგომარეობა ნელ-ნელა გაუმჯობესდა. ნინა მოგვიანებით აღწერს, რომ რეაბილიტაციის პროცესში თანდათან შეძლო ჯდომა და მოძრაობის აღდგენა.
ნინა მოგვიანებით ამბობდა, რომ დედის მხრიდან წლების განმავლობაში განხორციელებული ძალადობის გამო მას ეგონა, რომ ვერ გადარჩებოდა.
ეს არ ყოფილა უბრალოდ ექიმების მიერ დაშვებული შეცდომა ან არასწორი დიაგნოზი.ბავშვი წლების განმავლობაში ცხოვრობდა იმ რწმენით, რომ სასიკვდილოდ იყო ავად, და სწორედ ის ადამიანი, რომელსაც უნდა დაეცვა, მის მდგომარეობას ამძიმებდა.
ნინამ ეს გამოცდილება მოგვიანებით წიგნში აღწერა — „Jij gaat dood“ („შენ მოკვდები“). მისი მიზანია, მსგავსი ძალადობის ნიშნები ბავშვებში უფრო ადრე შეამჩნიონ და სხვა ბავშვებს ის წლები აღარ დასჭირდეთ, რაც მას დასჭირდა დახმარების მისაღებად.

სამწუხაროდ, ეს არ არის ერთი შემთხვევა. მსოფლიოს ახსოვს სხვა მსგავსი ტრაგიკული ამბები, მათ შორის, გოგონასი, რომელსაც ასე აწამებდა დედა მთელი ბავშვობა და საბოლოოდ მან დედის მკვლელობა დაგეგმა...