მსახიობი ზაზა კოლელიშვილი ზაკ მირიანაშვილის გადაცემა "შანტრაპას" სტუმრობდა. ისაუბრა ყველაზე ცნობილ კინოროლებზე, იმაზე, რომ შეეძლო უფრო მეტისთვის მიეღწია, რომ არა სასმელზე დამოკიდებულების ეპიზოდები ცხოვრების განმავლობაში. ასევე გაიხსენა მეგობრობა ლიკა ქავჟარაძესთან, "გარიგების" გადაღების ამბები და კიდევ ბევრი საინტერესო რამ.
მსახიობს არაერთხელ უხსენებია, რომ "ნატვრის ხის" გადაღებებზე მასაც და გედიას როლის შემსრულებელ სოსო ჯაჭვლიანსაც შეუყვარდათ ლიკა, თუმცა მას მაშინ უკვე ჰყავდა შეყვარებული და არ გამოხატავდნენ ამას.

.jpg)

წლების შემდეგ, ლიკას გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ზაზა კოლელიშვილს მასთან ახლო მეგობრული ურთიერთობები ჩამოუყალიბდა და ხშირად ხედავდა.
- ბოლო სამი თვე განუწყვეტელი კავშირი გვქონდა. მივდიოდი, ნათიამ იცოდა, რომ ლიკასთან მივდიოდი, იქ საკმაოდ დიდხანს დავყოფდი ხოლმე, ვლაპარაკობდით... ვერ მოესწრო, ლიკას გავუკეთეთ მერე მისი ნახატების გამოფენა. გარდაცვლილიც პირველმა მე ვნახე... ბორშს აკეთებდა, მე უნდა მივსულიყავი...
"ნატვრის ხის" პერიოდში ჩვენ ხომ ბავშვები ვიყავით და ისეთი ურთიერთობა არ იყო... აქ - იყო. ლიკამ შეაფარა თითქოს ჩემს ჩრდილს თავი... ერთ დღეს დამირეკა, ზაზუშ, მოდი რა ჩემთან... ეგრევე მივვარდი, რა გინდა-მეთქი? მოდი, დავლიოთო... მერე მე ვუთხარი, მივხედოთ ახლა საქმეს, რა გიჭირს... რაღაცა პრობლემა იყო, გავაკეთეთ...
მერე მითხრა, მოდი რა, ნათიას უთხარიო (ზაზა კოლელიშვილის მეუღლეს, სცენარისტ ნათია გოგოჭურს - რედ.), რომ სცენარი დაწეროსო და ფილმი გავაქართულოთო, "როუზების ოჯახი". მე უნდა გადამეღო და მე და ლიკას უნდა გვეთამაშა. ნათია დაგვთანხმდა...
მერე ოთხშაბათობით მიღება მქონდა ხოლმე, მაშინ საკრებულოში ვიყავი. ჩემი უფროსი გოგო მახლდა, ნინო. გავიარეთ და შენ-მეთქი ადი ნათიასთან, მე აქ ჩამოვალ, ლიკასთან-მეთქი... აუ, მამა, აზრი არა აქვს ახლა დამალვასო... თურმე იცის, დარეკეს... ლიკა აღარ არისო...
ეს რომ მითხრა, თითქოს თავში რაღაც დამარტყეს... ავვარდი და პოლიციელები ამტვრევდნენ კარებს... გავაღეთ, გურამიც იქ იყო, ლიკას ბიძაშვილი, და შევედით... როგორ იწვა... ბორში ცოტა მიმწვარი იყო, ეტყობა, ბორშს აკეთებდა... რა გიყვარსო, მკითხა და ბორში მიყვარს-მეთქი... ჰოდა, ჩემთვის უნდა დაეხვედრებინა... და წამალს სვამდა გასახდომს რაღაცას, და ის წამალი ედო, და გულის... მოკლედ, ასეთი ამბავი იყო...
ზაზა კოლელიშვილმა ასევე გაიხსენა ფილმი "გარიგება", რომლის რეჟისორიც იყო თავად, ხოლო სცენარისტი - მისი მეუღლე ნათია გოგოჭური. და აღნიშნა, რომ ფილმს რეალური ამბავი ედო საფუძვლად:
- დედაჩემი ჟურნალისტი იყო და ფილმის მთავარი გმირის პროტოტიპის სასამართლოს ესწრებოდა... ეს არის რეალური ამბავი, რომელიც თელავში ხდებოდა და სენსაციური იყო, აბა, როგორია, ქმარი როგორც ძმა, ქალმა შეასაღა სხვა ადამიანს და გააყოლა როგორც ძმა, მე შენი მული ვარო... დაარიგა, გამოზიდავ ყველაფერს და წამოიღებ აქაო... სასამართლოზე ქმარი მიაკუთვნეს იმას, ვინც "იყიდა"...

ეს ქალი მოვიდა პრემიერის მერე და წამოდიო... მორგში მუშაობდა და იქ დამპატიჟა, რაღაცა მარმარილოზე გაშალა სუფრა...