"თუ ბავშვს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ფორმის ტარება არ შეუძლია, მშობელი შესაბამის სამედიცინო ცნობას წარადგენს" - გივი მიქანაძე სასკოლო ფორმების ხარისხისა და მოსწავლეებისთვის მიწოდების ვადების შესახებ - მშობლები

"თუ ბავშვს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ფორმის ტარება არ შეუძლია, მშობელი შესაბამის სამედიცინო ცნობას წარადგენს" - გივი მიქანაძე სასკოლო ფორმების ხარისხისა და მოსწავლეებისთვის მიწოდების ვადების შესახებ

2026-08-10 09:52:53+04:00

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე, სასკოლო ფორმების ხარისხზე და მოსწავლეებისთვის მიწოდების ვადებზე საუბრობს. იგი აღნიშნავს იმასაც, თუ რა შემთხვევაში შეიძლება, ბავშვი ფორმის ტარების ვალდებულებისაგან გათავისუფლდეს:

- 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება. ​ეს გადაწყვეტილება თანასწორობას, მოსწავლეთა უსაფრთხოებას, სასკოლო კულტურის განვითარებასა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება. ​

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ სასკოლო ფორმის ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდეს და მისი ხელმისაწვდომობაც მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი. ​მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ სასკოლო ფორმების ყველა მოდელმა წარმატებით გაიარა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის - SGS CSTC Standards Technical Services Company Ltd-ის მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების დადგენილი ტესტირებები და დაწესებულ მოთხოვნებსა თუ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. ​

ტესტირების შედეგები ადასტურებს, რომ ფორმა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, ხოლო მასალა გამძლე და პრაქტიკულია, ყოველდღიურ აქტიურ გამოყენებაზე გათვლილი. ​SGS CSTC Standards Technical Services Company Ltd საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ტესტირების, ინსპექტირებისა და სერტიფიცირების მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანია. ეს გახლავთ შვეიცარიული კომპანია, რომლის სათავო ოფისიც ჟენევაში მდებარეობს და იგი მსოფლიოს 115 ქვეყანაში 2 500-ზე მეტ ლაბორატორიას ფლობს. ​

როგორც მოგეხსენებათ, სასკოლო ფორმების შეკერვის მიზნით ბაზრის კვლევა გამოცხადდა, რომელშიც მონაწილეობის მიღება ყველა იმ კომპანიას შეეძლო, რომელიც წარმოდგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. შერჩევის კრიტერიუმებს შორის იყო ხარისხის კომპონენტი, დიდი რაოდენობის პროდუქციის დამზადება, დროული მიწოდება, ღირებულება და სხვა. ​ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ ამ მასშტაბის შეკვეთის გაწერილ ვადებში დამზადება ქართული კომპანიებისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა.

ბაზრის კვლევაში საქართველოში რეგისტრირებულმა ჩინურმა კომპანიამ - Glory Textile Industry-მ გაიმარჯვა. ამავე კომპანიამ სასკოლო ფორმების დამზადება და საქართველოში მათი მოწოდება ჩინეთში მწარმოებელ Brands-ს შეუკვეთა, რომელიც სასკოლო ფორმებს ევროპისა და აზიის ქვეყნებისთვის კერავს. ​სამინისტროს მიზანია, რომ სასკოლო ფორმების შეკერვის უზრუნველყოფა საქართველოშივე შევძლოთ და ამას ეტაპობრივად აუცილებლად მივაღწევთ. ​

რაც შეეხება ღირებულებას: ​სასკოლო პიჯაკის ღირებულება 45 ლარით განისაზღვრა; ​სასკოლო შარვლისა და ქვედაკაბის ღირებულება კი - 25-25 ლარით. ​

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემათ:

  • საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არიან რეგისტრირებულნი და მათ ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 001 ქულაზე ნაკლებია; ​
  • იმ მოსწავლეებს, რომლებიც სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფებიან; ​
  • იმ მოსწავლეებს, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას ვერ ახერხებენ და საქართველოს საჯარო სკოლებში არიან ჩარიცხულნი. ​

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე სკოლაში ფორმის გარეშე გამოცხადდება? ​

სკოლა მშობელთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გზით ამის მიზეზებს დაადგენს. თუ ბავშვს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ფორმის ტარება არ შეუძლია, მშობელი შესაბამის სამედიცინო ცნობას წარადგენს, რის საფუძველზეც მოსწავლე ფორმის ტარებისგან თავისუფლდება და მას მხოლოდ შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმის წესის დაცვა მოეთხოვება. ​თითოეული ასეთი შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება, ბავშვის ჯანმრთელობისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ასაბუთებს, თუ რატომ ამბობს მოსწავლე უარს სასკოლო ფორმის ტარებაზე, საკითხი სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად დარეგულირდება. ​კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ თითოეული შემთხვევა სკოლაში მოქმედი წესებისა და დისციპლინური პროცედურების ფარგლებში განიხილება, მოსწავლის საუკეთესო ინტერესისა და აღმზრდელობითი მიდგომების გათვალისწინებით. ​

პირველკლასელთა სასკოლო ფორმის შეძენა 2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი. იმისთვის, რომ ფორმა ყველა ოჯახისთვის მარტივად ხელმისაწვდომი იყოს, რეალიზაციის პუნქტები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში განთავსდება. დამატებით, მშობლებს სასურველი ზომისა და მოდელის შეძენა ონლაინაც შეეძლებათ.

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება 3 ეტაპად განხორციელდება: ​

  • პირველი ეტაპი - 25 აგვისტო;
  • ​მეორე ეტაპი - 15 ოქტომბერი; ​
  • მესამე ეტაპი - 30 ნოემბერი. ​

პირველ ეტაპზე სასკოლო ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1-ლიდან 14 სექტემბრის პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება. შესაბამისად, პირველკლასელები 2026-2027 სასწავლო წელს უკვე ახალი ფორმებით შეხვდებიან. ​რაც შეეხება მეორე-მეექვსე კლასების მოსწავლეებს, მეორე და მესამე ეტაპებზე ფორმების რეალიზაცია ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ​

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სკოლებში ჩვენი შვილებისთვის უკეთესი გარემო შევქმნათ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმა და სასკოლო ფორმაც სწორედ ამ დიდი რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვქმნით ისეთ საგანმანათლებლო გარემოს, სადაც მთავარი ღირებულება მოსწავლე, მისი განვითარება და მისი მომავალია.

ფორმის ტარება დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოა... თუ მშობელი გააპროტესტებს და არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება განსაზღვრული, როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები, რაც შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს... - გივი მიქანაძე
ვინ მიიღებს სასკოლო ფორმას უფასოდ და რა შედის ფორმის კომპლექტში
სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია - მისი განსხვავებული ფასით გაყიდვა დაუშვებელია