ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოება მხოლოდ მედლითა და სერტიფიკატით არ შემოიფარგლება. ცალკეულ მუნიციპალიტეტებში მოსწავლეების წახალისებისთვის ფულადი ჯილდოებიცაა გათვალისწინებული. შესაბამისად, მედალოსნებში გაჩნდა კითხვები, როგორ და რა გზით უნდა მიიღონ კუთვნილი თანხა.
საქმე ისაა, რომ ასეთი ფულადი წახალისება ქვეყნის მასშტაბით ერთიან სახელმწიფო პროგრამას არ ეკუთვნის და მისი ოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით განსხვავდება.
განათლების სამინისტროში განმარტეს, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამინისტრო მედალოსან კურსდამთავრებულებს მედალსა და სერტიფიკატს გადასცემს, ხოლო ფულადი ჯილდო სამინისტროსგან არ გაიცემა.
ამასთან, დამატებითი ფინანსური წახალისების გადაწყვეტილება შესაძლოა, თავად მუნიციპალიტეტებმა მიიღონ და თანხა საკუთარი ბიუჯეტიდან გამოყონ.
ჩვენ 2026 წლის მუნიციპალური ბიუჯეტები და შესაბამისი მუნიციპალური პროგრამები გადავამოწმეთ. მნიშვნელოვანია, რომ ქვემოთ მითითებული თანხები გულისხმობს 2026 წლის ბიუჯეტებში გათვალისწინებულ ფულად წახალისებას. ანუ თანხა გამოყოფილია, თუმცა შესაძლოა ჯერ გაცემული არ იყოს.
მაგალითად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში ოქროს მედალოსნისთვის გათვალისწინებულია 600 ლარი, ვერცხლის მედალოსნისთვის - 500 ლარი.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში ვკითხულობთ, რომ - ოქროს მედალოსანი მიიღებს 500 ლარს, ვერცხლის მედალოსანი - 400 ლარს.
ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანახმად - 2025-2026 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთათვის ოქროს მედალოსნის ფულადი ჯილდო 500 ლარია, ვერცხლის მედალოსნის - 400 ლარი.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტითაცაა გათვალისწინებული ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებისთვის ფულადი წახალისება, თუმცა, დოკუმენტში თანხა მითითებული არ არის.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ოქროს მედალოსნების ფულადი წახალისება რამდენიმე კატეგორიადაა განსაზღვრული. ბიუჯეტით გათვალისწინებულია 300-დან 500 ლარამდე ჯილდო, მათ შორის თანხის ოდენობა დამოკიდებულია ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებულ გრანტზე. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო გრანტი გაუქმდა. როგორ შეიცვლება თანხის გაცემის პროცედურა, შეგიძლიათ, თავად მუნიციპალიტეტთან გადაამოწმოთ.
აბაშის მუნიციპალიტეტში 2026 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია „მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოება“. თუმცა, ამ ჩანაწერიდან არ დასტურდება, რომ ჯილდო აუცილებლად ფულადი იქნება და არც თანხის ოდენობაა მითითებული.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ მუნიციპალიტეტების მიდგომები ერთმანეთისგან განსხვავდება. ზოგიერთ შემთხვევაში ბიუჯეტში პირდაპირაა მითითებული როგორც მედალოსანთა დაჯილდოების პროგრამა, ისე კონკრეტული თანხა. სხვაგან მხოლოდ დაჯილდოების ღონისძიებაა გათვალისწინებული, თანხის ოდენობა კი საჯარო დოკუმენტში არ ჩანს.
ამიტომ მხოლოდ ის ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში „მედალოსანთა დაჯილდოება“ წერია, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მოსწავლეებს ფულად პრემიას გადასცემენ.
ინფორმაცია, შეგიძლიათ, სასურველი მუნიციპალიტეტის მიხედვით, ინდივიდუალურად გადაამოწმოთ.
რაც შეეხება თბილისს, თბილისის მერიაში განგვიმარტეს, რომ მუნიციპალიტეტის დონეზე მედალოსანი მოსწავლეებისთვის ფულადი ჯილდო გათვალისწინებული არ აქვთ. თუმცა, შესაძლოა, ფულად წახალისებას კონკრეტული რაიონის გამგეობა უზრუნველყოფდეს. ამიტომ უშუალოდ გამგეობაში შეგიძლიათ მოკითხვა.
როდის გადაეცემათ მედალოსან კურსდამთავრებულებს კუთვნილი მედლები და სერტიფიკატები, ჯერჯერობით ზუსტი თარიღი უცნობია.