ერთი შეხედვით, ეს შეიძლება ჩვეულებრივ მშობლურ ხრიკად მოგეჩვენოთ: ბავშვი ტკბილეულს ვერ ელევა, მშობელი კი გამოსავალს ეძებს.
მაგრამ ამჯერად გამოსავალი საკმაოდ უცნაური აღმოჩნდა.
2026 წლის ივლისის ბოლოს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც პატარა გოგონას თითქოს ულტრაბგერით უჩვენებენ, რომ მის მუცელში „ჭია“ იზრდება. ბავშვს ეუბნებიან, რომ როდესაც ის ნაყინს, ტკბილეულსა და სხვა ე.წ. ჯანკ-ფუდს ჭამს, ეს არსება საკვებით იკვებება და იზრდება.
გოგონა შეშინებული უყურებს ეკრანს.
ვიდეო, რომელიც ჩინელმა მამამ განათავსა, მისი "გამოგონებით" ამაყმა, ვირუსულად გავრცელდა და ბევრმა მომხმარებელმა ეს „კრეატიულ აღზრდად“ შეაფასა. ზოგისთვის ეს უბრალოდ სასაცილო ხრიკი აღმოჩნდა, ზოგისთვის კი — სწრაფი და ეფექტური გზა, რომ ბავშვმა ტკბილეულზე უარი თქვას.
და სწორედ აქ იწყება უფრო საინტერესო ნაწილი.
რამდენად ეფექტურია მეთოდი, თუ ბავშვს ჯანსაღი არჩევანის გაკეთება კი არ ვასწავლეთ, არამედ უბრალოდ შევაშინეთ?
ვიდეოს გავრცელების შემდეგ იგივე იდეის მიმართ ინტერესი აშკარად გაიზარდა. ონლაინ დისკუსიებში უკვე საუბრობდნენ იმაზე, უნდა გაიმეორონ თუ არა მშობლებმა მსგავსი ხრიკი საკუთარ შვილებთან. რომ ამბავი ერთი ოჯახის ისტორიად აღარ დარჩა — ის უკვე მშობლობის მეთოდებზე მსჯელობის თემად იქცა და ათობით მსგავსი ვიდეოც გაჩნდა. მათ შორის, ისეთებიც, სადაც ბავშვს ისტერიკულად ეშინია ამ ყველაფრის და სასოწარკვეთილი ტირის, უფროსებს კი რეაქცია არ აქვთ...
ზოგი კომენტარი დაახლოებით ასეთია: თუ ბავშვმა ამის შემდეგ ნაყინი აღარ მოითხოვა, რა არის პრობლემა?
მაგრამ სწორედ ეს ლოგიკა შეიძლება იყოს ყველაზე პრობლემური.
შიშს ქცევის შეცვლა ნამდვილად შეუძლია.თუ პატარა ბავშვს დავაჯერებთ, რომ მის სხეულში საშიში არსება ცხოვრობს, დიდი ალბათობით ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღარ მოინდომებს იმ საკვების ჭამას, რომელსაც ამ „არსებას“ უკავშირებს.
მაგრამ ეს არ არის იგივე, რაც ჯანსაღი კვების სწავლა.ბავშვმა შეიძლება დაიმახსოვროს არა ის, რომ ზედმეტი შაქარი და "ჯამკ ფუდია" მავნე, არამედ ის, რომ ნაყინი საშიშია და მისი ჭამით შეიძლება სხეულში რაღაც საშინელი მოხდეს, ან სულაც ის, რომ მის მუცელში ჭია ცხოვრობს, რომელიც იკვებება და საერთოდ შესძულდეს კვება...
ამერიკის პედიატრიის აკადემია მშობლებს ურჩევს, საკვები არ გამოიყენონ დასჯისა და ჯილდოს ინსტრუმენტად და ბავშვებთან კვების საკითხებში ზეწოლასა და იძულებას მოერიდონ. მიზანი უნდა იყოს ჯანსაღი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბება და არა ბავშვის დაშინება.
არა ის, რომ მამამ ბავშვს ხუმრობა მოუწყო.არამედ ის, როგორ რეაგირებენ ბავშვები ამ ყველაფერზე.სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მსგავს ვიდეოებში ბავშვების ნაწილი აშკარად შეშინებული ან ატირებული ჩანს.
და აქ უკვე ჩნდება კითხვა:
თუ ბავშვი ტირის, ეშინია და ამის გამო საკვებს აღარ ეკარება — შეგვიძლია ამას წარმატება ვუწოდოთ?
დიდი ალბათობაა, რომ ბავშვს განუვითარდეს ტრავმა, კვებითი აშლილობა ან ხანგრძლივი შფოთვა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია პატარა ბავშვზე, რომელსაც ჯერ კიდევ უყალიბდება წარმოდგენა საკუთარ სხეულზე, ჯანმრთელობასა და საკვებზე.
პატარა ბავშვისთვის მშობელი ინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. როდესაც მშობელი ეუბნება: „ნახე, შენს მუცელში ჭია ცხოვრობს“, ბავშვისთვის ეს შეიძლება ისეთივე რეალური იყოს, როგორც ექიმის ნათქვამი.ამიტომ მოგვიანებით, როდესაც ბავშვი გაიგებს, რომ ეს ყველაფერი მოგონილი იყო, ჩნდება კიდევ ერთი კითხვა — რა ხდება ნდობასთან?
ონლაინ დისკუსიებში სწორედ ამაზე მსჯელობდნენ: ერთი ნაწილი ამბობდა, რომ ბავშვი მოგვიანებით ამას სასაცილო ისტორიად გაიხსენებს, მეორე ნაწილი კი აღნიშნავდა, რომ ბავშვის მოტყუება და მისი სხეულის შესახებ ცრუ ინფორმაციის მიწოდება არც ისე უწყინარი ხუმრობაა.
აქაც საჭიროა სიფრთხილე.
ბავშვისთვის კვების სწავლება არ უნდა გადაიქცეს საკვების „კარგად“ და „ცუდად“ დაყოფად.
ნაყინი არ არის მოწამვლა.შოკოლადი არ არის „აკრძალული ნივთიერება“.ჩიფსის ერთხელ ჭამა ბავშვის ჯანმრთელობას არ ანადგურებს.
პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც ასეთი პროდუქტები მრავალფეროვანი და ნოყიერი კვების ნაცვლად ყოველდღიური რაციონის დიდ ნაწილს იკავებს.
ამიტომ ბავშვისთვის გაცილებით სასარგებლო მესიჯი შეიძლება იყოს: „ეს საკვები შეიძლება ჭამო, მაგრამ ყოველდღე და დიდი რაოდენობით არ არის საჭირო. მოდი, ერთად გავიგოთ, რა უფრო სჭირდება შენს ორგანიზმს.“
ეს უფრო რთული გზაა.შიშის გამოწვევა ბევრად მარტივია.
ამ ვიდეოს მთავარი გაკვეთილი, ალბათ, სწორედ აქ იმალება.მშობლებს ხშირად სურთ სწრაფი შედეგი.ბავშვი არ ჭამს ბოსტნეულს — ვაიძულოთ.ტკბილეულს ითხოვს — დავაშინოთ.ძილის წინ ტელეფონს არ თმობს — დავემუქროთ.
ზოგჯერ ეს მეთოდები მართლაც მუშაობს.მაგრამ აღზრდის მიზანი მხოლოდ ის ხომ არ არის, რომ ბავშვმა ამ წუთას გააკეთოს ის, რაც ჩვენ გვინდა?მიზანი ისიც არის, რომ ბავშვმა ნელ-ნელა ისწავლოს გადაწყვეტილებების მიღება მაშინაც, როდესაც მშობელი მის გვერდით აღარ იქნება.თუ ბავშვს ვასწავლით: „ნაყინი არ ჭამო, რადგან მუცელში ჭია გაგეზრდება“, ის მორჩილებას და შიშს სწავლობს.
თუ ვასწავლით: „შენს ორგანიზმს სხვადასხვა საკვები სჭირდება და ტკბილეული შეიძლება ზომიერად მიირთვა“, ის გადაწყვეტილების მიღებას სწავლობს.
და ეს ორი შედეგი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება.
ბავშვისთვის ჯანსაღი კვების სწავლება გაცილებით მეტ დროს, მოთმინებასა და მაგალითის მიცემას მოითხოვს. გვინდა, ბავშვს "ჯანკ-ფუდის" ეშინოდეს — თუ გვინდა, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ისწავლოს?