ორი წლის წინ, ოქტომბერში უმძიმესი ავარიის საქმეზე, რომელსაც დების ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მოჰყვა, მძღოლს განაჩენი გამოუტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას დაშავებული დების, ნიაკოს და თათულის დედა, სოფიო ხარშილაძე ავრცელებს.
"ჩემი გოგოების სამართალმა პური ჭამა.
უდიდესი მადლობა ლევან დარბაიძეს, მოსამართლეს, რომელმაც მართლაც რომ სამართლიანი გადაწყვეტიკება მიიღო. 4 წელი და 6 თვე.
ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში. ბავშვებს აბრალებდა ბოლო წუთამდე რომ დაეჯახა. ყველა ბრძოლას სამართლიანად მოვიგებ. ეს იქნება ამქვეყნიური თუ იმქვეყნიური.ჩემი სიმართლე და ჩემი დედობა და ქალობა ჩემი ყველაზე დიდი სიმამაცე დ ასიძლიერეა.
ჩემი სათქმელი ადრეც და ეხლაც იქნება - ჩემი შვილების სიკვდილს ვაპატიებდი და ვაპატიებ, მაგრამ ჩემი შვილების უპატივცემულობას არასდროს არავის ვაპატიებ" - წერს სოფიო ხარშილაძე.
უმძიმესი ავტოავარია 2024 წლის 12 ოქტომბერს, ოსიაური-ხაშურის მონაკვეთზე მოხდა. 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცა ბავშვები ექსკურსიის მარშრუტკიდან ჩამოვიდნენ და გზაზე გადასვლას ცდილობდნენ.
გოგონები ჯერ კიდევ რეაბილიტაციის პროცესში არიან.
ძალიან მძიმე იყო ბავშვების მდგომარეობა, უგონო მდგომარეობაში მყოფები სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, არაერთი ოპერაცია დასჭირდათ. გოგონების მდგომარეობა ნელ-ნელა გაუმჯობესდა და სასწაულად გადაურჩნენ სიკვდილს - სამი თვე კლინიკაში გაატარეს.
გოგონების დედა, სოფიო ხარშილაძე სოციალურ ქსელში პერიოდულად კვლავაც ავრცელებს ინფორმაციას გოგონების მდგომარეობაზე. ისინი რეაბილიტაციას გადიან, რასაც საკმაოდ დიდი თანხები სჭირდება და დედას იმედი აქვს, რომ გოგონები ისეთივე ბედნიერ ცხოვრებას დაუბრუნდებიან, რაც ტრაგედიამდე ჰქონდათ.