ქალი თავს ლიცენზირებულ მედდად ასაღებდა, ექიმების ხელმოწერებს აყალბებდა და ასე მუშაობდა დიაბეტიან ბავშვებთან - სკანდალური სასამართლო პროცესის დეტალები - მშობლები

ქალი თავს ლიცენზირებულ მედდად ასაღებდა, ექიმების ხელმოწერებს აყალბებდა და ასე მუშაობდა დიაბეტიან ბავშვებთან - სკანდალური სასამართლო პროცესის დეტალები

2026-08-16 01:09:35+04:00

2026 წლის 12 აგვისტოს 45 წლის კრისტალ სკოტს 19-დან 48 თვემდე პატიმრობა მიესაჯა და ქალი, რომელიც სულ სხვა ადამიანად ასაღებდა დიდხანს თავს, სასამართლოდან პირდაპირ ხელბორკილებით წაიყვანეს ციხეში...

ვინ არის კრისტალ სკოტი?

45 წლის ლას-ვეგასელი ქალი კრისტალ სკოტი, რომელსაც მის გარშემო არსებული საზოგადოება გამოცდილ და ყურადღებიან მედდად იცნობდა,სინამდვილეში მედდა არასოდეს ყოფილა — მას არც ნევადაში და არც სხვა შტატში საექთნო ლიცენზია არ ჰქონია და არც შესაბამისი სალიცენზიო გამოცდა ჩაუბარებია არასოდეს. მიუხედავად ამისა, იგი საკუთარ თავს რეგისტრირებულ მედდად და დიაბეტის სპეციალისტად წარმოაჩენდა.

მან საკუთარი ბიზნესი სწორედ ამ შექმნილ იმიჯზე ააწყო - Glucose N Glow ერქვა მის კომპანიას და დიაბეტთან დაკავშირებულ მომსახურებებს სთავაზობდა ადამიანებს. ყველაზე მძიმე ნაწილი ის არის, რომ მისი კლიენტები ბავშვები იყვნენ, მათ შორის ტიპი 1 დიაბეტის მქონე სკოლის მოსწავლეები. გამოძიების მიხედვით, მინიმუმ 12 ბავშვი, დაახლოებით 5-14 წლის ასაკის, სტაბილურად სარგებლობდა მისი მომსახურებით.

sddefault-1786887916.jpg

როგორ გამოაშკარავდა?

2025 წლის სექტემბერში Clark County School District-ის მთავარმა მედდამ ერთ-ერთი ბავშვის ინსულინის ადმინისტრირების სამედიცინო დოკუმენტში საეჭვო რამ შენიშნა -დოკუმენტზე ექიმის სახელი და ხელმოწერა იყო. სკოლის მედდა ექიმს დაუკავშირდა.

ექიმმა უპასუხა: „ეს ჩემი ხელმოწერა არ არის და ეს ბავშვები საერთოდ ჩემი პაციენტები არ არიან.“

...ამის შემდეგ გამოძიება დაიწყო. პოლიციის ინფორმაციით, სკოტმა ექიმების სახელები და მონაცემები გამოიყენა და მათ ნაცვლად აწერდა ხელს სამედიცინო დოკუმენტებს. თავდაპირველ საქმეში საუბარი იყო 24-მდე ყალბ რეცეპტზე/სამედიცინო დოკუმენტზე.

გარდა ამისა, საქმის ძიებისას სხვა დეტალიც გამოაშკარავდა - სკოტი სხვა, რეალურად ლიცენზირებული კრისტალ სკოტის პროფესიულ იდენტობას იყენებდა. ანუ სიტუაცია დაახლოებით ასეთი იყო:

„მე ვარ Crystal Scott, მედდა.“ - და თუ ვინმე უბრალოდ სახელს და გვარს გადაამოწმებდა, მართლაც არსებობდა მედდა სახელად Crystal Scott — უბრალოდ, ის სხვა ქალი იყო.

ამ გზით მან შეძლო პროფესიული კვალის შექმნა, რომელიც ზედაპირული შემოწმებისას დამაჯერებელი ჩანდა.

მაგრამ რატომ ენდობოდნენ მას მშობლები?

ეს არის საქმის ყველაზე საინტერესო ფსიქოლოგიური ნაწილი.

სკოტი უბრალოდ „ყალბი მედდის“ სახელით არ დადიოდა. მას ჰქონდა პროფესიული იმიჯი, სოციალური მედიის ანგარიშები და საკუთარ თავს დიაბეტის სპეციალისტად წარმოაჩენდა. მისი ონლაინპროფილი მას აღწერდა როგორც RN-ს, დიეტიკის მაგისტრის მქონე სპეციალისტს და დიაბეტის სპეციალისტს.

ერთ-ერთი მშობელი სასამართლოში ამბობდა, რომ ეგონათ, ბოლოს და ბოლოს იპოვეს ადამიანი, რომელიც მათ ქრონიკულად დაავადებულ შვილზე ნამდვილად ზრუნავდა — სინამდვილეში კი, მათი თქმით, ისინი მოტყუებულნი დარჩნენ.

ყველაზე უცნაური ნაწილი...

12 აგვისტოს, როცა სასამართლომ მას სასჯელი გამოუტანა, სკოტმა თავის გამოსვლაში კვლავ თქვა: „მე მართლა გავხდი მედდა და დიაბეტის სპეციალისტი…“

21966207-web1-scott-sentencing-aug13-26-bt04-1786888188.webp

სასამართლოში მისივე ადვოკატმა დაადასტურა, რომ მას არასოდეს ჰქონია მედდის ლიცენზია. თუმცა ქალი, რომელმაც აღიარა, რომ ლიცენზიის გარეშე ექთნობდა, განაჩენის დღესაც კი საკუთარ თავს „მედდას“ უწოდებდა...

თავდაპირველად ქალს 73 ბრალდება ჰქონდა — მათ შორის ბავშვზე ძალადობა, არასრულწლოვნისთვის საშიში მედიკამენტის მიწოდება, ყალბი რეცეპტები, პირადობის გამოყენება და ლიცენზიის გარეშე საექთნო საქმიანობა. მაგრამ საბოლოო საპროცესო შეთანხმებაში 71 ბრალდება მოიხსნა.

სკოტმა დამნაშავედ ცნო თავი ორ მძიმე დანაშაულში:

  1. ლიცენზიის გარეშე საექთნო საქმიანობა
  2. დოკუმენტის გაყალბება
  • აღსანიშნავია, რომ სასამართლოში არ დადასტურებულა, რომ რომელიმე ბავშვი სკოტის მოქმედების შედეგად ინსულინის გადაჭარბებული დოზით, არასწორი დიაგნოზით ან სხვა კონკრეტული სამედიცინო შეცდომით დაშავდა. მისმა ადვოკატმა სწორედ ეს არგუმენტი გამოიყენა და თქვა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, თითქოს ბავშვი არასწორად იყო დიაგნოზირებული ან ინსულინის არასწორი დოზა მიიღო.

მაგრამ მშობლები ამას სხვანაირად ხედავენ: მათი აზრით, უკვე თვითონ ის ფაქტი, რომ არალიცენზირებული ადამიანი დიაბეტიან ბავშვებთან დაკავშირებით სამედიცინო გადაწყვეტილებებს იღებდა, სერიოზული საფრთხე იყო. ერთ-ერთმა მშობელმა სასამართლოში ისიც თქვა, რომ დიაბეტის ხანგრძლივმა არასათანადო კონტროლმა შეიძლება წლების შემდეგ გამოიწვიოს მძიმე გართულებები და ის ზიანი, რაც მათ რეალურად მიადგათ, შეიძლება ახლა არა, მაგრამ მოგვიანებით გამოჩნდეს...

crystal-scott-update-klas-1786888188.webp

წარსულის დანაშაულები

ჰქონდა თუ არა მას აქამდე პრობლემები კანონთან ან სხვა მცდელობები?

2021 წელს მან Arizona-ს Medicaid-ის სისტემასთან დაკავშირებულ ფარმაცევტულ და თერაპიულ კომიტეტში საჯარო გამოსვლის მოთხოვნა შეიტანა ექიმ ჯეიმს ბიჩის წარმომადგენლად და დიაბეტის მოწყობილობა Dexcom G6-ის გამოყენების შესახებ პოზიციის წარდგენას ითხოვდა. ანუ ეს უბრალოდ ინტერნეტში შექმნილი ყალბი პროფილი არ ყოფილა — ის დიდხანს ცდილობდა, რეალურ პროფესიულ გარემოშიც დაემკვიდრებინა თავი.

გაჟღერდა ასევე ინფორმაცია, რომ წლების წინ სკოტმა ორჯერ მოიგონა, თითქოს კიბო ჰქონდა. სასამართლოში ეს ამბავი არ დადასტურებულა.

იგივე ეხება მის თითქოსდა წარსულ „სქემებს“ არიზონაში: არსებობს მტკიცებულება, რომ იქ საკუთარ თავს დიეტოლოგ-ნუტრიციოლოგად წარმოადგენდა, მაგრამ არ არის ამის დამადასტურებელი სასამართლო ჩანაწერი ან ოფიციალური ბრალდება.

საბოლოოდ, 2026 წლის 12 აგვისტოს კრისტალ სკოტს 19-დან 48 თვემდე პატიმრობა მიესაჯა...

ეს ამბავი გახმაურებული და სკანდალური გახდა არა მხოლოდ იმიტომ, რომ კრისტალი „ყალბი მედდა“ იყო — ასეთი შემთხვევები, სამწუხაროდ, სხვა ქვეყნებშიც მომხდარა — არამედ იმიტომ, თუ რამდენად დიდხანს შეძლო მან პროფესიული იდენტობის შექმნა-შენარჩუნება და რამდენად შორს წავიდა: რეალური ბავშვები, რეალური წამლები (ინსულინი), ექიმების სახელებით ხელმოწერილი დოკუმენტები და მშობლების ნდობა...და ამ ყველაფრის ფონზე სასამართლოში ნათქვამი - "მე გავხდი მედდა" - კიდევ უფრო შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.

ბრიტანეთში 7 ჩვილის მკვლელობასა და 10-ის მოკვლის მცდელობაში ბრალდებული მედდის სასამართლო პროცესი დაიწყო - უმძიმესი დანაშაულის დეტალები
მედდამ იშვილა გოგონა, რომელსაც საავადმყოფოში არავინ ნახულობდა
როგორ დაუფასა ობოლმა ბიჭუნამ ერთ კეთილ მედდას სიკეთე - მადლიერების ამაღელვებელი ამბავი