შვილებს უთხრა, რომ რამდენიმე დღით მიდიოდა და გარეთ არ გასულიყვნენ... ბავშვები წლობით იყვნენ ოთახში ჩაკეტილი, სიბინძურეში და დედა პერიოდულად საჭმელს კურიერის დახმარებით უგზავნიდა... - ქალს 6 წლით პატიმრობა ელის - მშობლები

შვილებს უთხრა, რომ რამდენიმე დღით მიდიოდა და გარეთ არ გასულიყვნენ... ბავშვები წლობით იყვნენ ოთახში ჩაკეტილი, სიბინძურეში და დედა პერიოდულად საჭმელს კურიერის დახმარებით უგზავნიდა... - ქალს 6 წლით პატიმრობა ელის

2026-08-17 14:44:24+04:00

2026 წლის ივლისში ამ გახმაურებული საქმის სასამართლო პროცესზე მსოფლიო მედია წერდა. საბოლოო განაჩენს ქალს, რომელმაც წლობით მიატოვა შვილები მარტო, არანორმალურ პირობებში, სავარაუდოდ, სექტემბერში გამოუტანენ.

ოთხი წელი ჩაკეტილ სახლში: როგორ აღმოჩნდა სამი ბავშვი მარტო, სიბინძურეში და საზოგადოებისგან მოწყვეტილი

2025 წლის თებერვალში ამერიკაში, მიჩიგანის შტატის პოლიციის მიერ აღმოჩენილი სამი ბავშვის ისტორია ერთ-ერთ ყველაზე შემზარავ ბავშვთა უგულებელყოფის საქმედ იქცა. სამი არასრულწლოვანი — 15 წლის ბიჭი და 13 და 12 წლის გოგოები — წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ სახლში, სადაც არ იყო გამართული წყალი და ტუალეტი, ნაგავი ოთახებში გროვებად ეყარა, სახლს ობი ჭამდა და აქა-იქ, ადამიანის განავალიც იყო. ბავშვები პრაქტიკულად არ გადიოდნენ გარეთ, არ დადიოდნენ სკოლაში და მათზე არც ერთი ზრდასრული არ ზრუნავდა.

ძიებისას კიდევ უფრო გამაოგნებელი ის აღმოჩნდა, რომ მათი დედა, კელი ბრაიანტი იმავე ქალაქში, სხვა სახლში ცხოვრობდა...

2026 წლის ივლისში ბრაიანტმა სამივე ბავშვის მიმართ ჩადენილი დანაშაული ნაწილობრივ აღიარა. შეთანხმების მიხედვით, მას მინიმუმ ექვსი წლით პატიმრობა ელოდება. ოუკლენდის პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, საბოლოო სასჯელი 2026 წლის 1 სექტემბერს უნდა გამოცხადდეს.

ყველაფერი 2020–2021 წლებში დაიწყო

2019 წელს ოთხივე ბავშვი დედასთან ერთად ცხოვრობდა იმ სახლში, სადაც მოგვიანებით სამი მათგანი აღმოაჩინეს. დაახლოებით2020 ან 2021 წელს, ქალი მოულოდნელად სახლიდან წავიდა,მაგრამ ოთხივე ბავშვი არ წაუყვანია.

ერთი ბავშვი მამასთან, ყოფილ ქმართან აღმოჩნდა, ხოლო სამი — ბიჭი და ორი გოგო — სახლში დატოვა და მკაცრად დაუბარა, კარი არავისთვის გაეღოთ და გარეთაც არ გასულიყვნენ. გამოძიების მიხედვით, წლების განმავლობაში იქ მარტო ცხოვრობდნენ.

images-1-1786964426.jfif

ზუსტად რატომ წავიდა დედა და რატომ დატოვა ბავშვები, საჯარო სასამართლო მასალებიდან ბოლომდე არ ირკვევა. ასევე უცნობია მისი ქმედების სრული მოტივი.

ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვაა, რომელსაც საქმეში საბოლოო პასუხი ჯერ არ აქვს.

ბავშვები უბრალოდ მარტო არ იყვნენ — ისინი იზოლირებულებიც იყვნენ

პოლიციისა და პროკურატურის აღწერით, ბავშვები სახლიდან არ გადიოდნენ და სკოლაში არ დადიოდნენ.

15 წლის ბიჭმა გამომძიებლებს უთხრა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სახლიდან მხოლოდ ორჯერ გავიდა — ერთხელ ფოსტის შესამოწმებლად და ერთხელ უბრალოდ ჰაერზე გავიდა, რომ ბალახს შეხებოდა. ორი გოგო კი საერთოდ არ გასულა.

ეს განსაკუთრებით უცნაურია, რადგან ბავშვები არა მხოლოდ ზრდასრული ადამიანის მეთვალყურეობის გარეშე იყვნენ, არამედ პრაქტიკულად გაქრნენ სოციალური ცხოვრებიდან.

რატომ არ გაიქცნენ?

ეს კითხვა საქმეში ერთ-ერთი ყველაზე რთულია.საჯარო მასალებში არ ჩანს მტკიცებულება, რომ დედა ბავშვებს ფიზიკურად სახლში კეტავდა. მაგრამ პროკურატურისა და გამომძიებლების ინფორმაციით, ბავშვებს ჰქონდათ მითითება, რომ სახლიდან არ გასულიყვნენ და კარი არ გაეღოთ და მათ ეშინოდათ დედის რეაქციის, თუ ამ წესს დაარღვევდნენ.ამიტომ უფრო ზუსტი იქნება საუბარი შიშზე, ფსიქოლოგიურ კონტროლსა და იზოლაციაზე, ვიდრე იმის თქმა, რომ ბავშვები უბრალოდ „ჩაკეტილები იყვნენ“.მათთვის ეს მდგომარეობა თანდათან ჩვეულებრივ რეალობადაც იქცა.

არც დედა უძებნიათ, რადგან ის "დისტანციურად" აკონტროლებდა მათ. ქალი იმავე ქალაქში, სხვა სახლში ცხოვრობდა. როცა ბავშვებს საჭმელი სჭირდებოდათ, ისინი დედას ტელეფონით უკავშირდებოდნენ და დედა მათ კურიერის მეშვეობით პერიოდულად უგზავნიდა საკვებს. კურიერები კი, მითითების თანახმად, გზავნილს კართან ტოვებდნენ.

ბავშვები წლები ცხოვრობდნენ ამ რეჟიმში. და მათ ეგზავნებოდათ მხოლოდ საკვები - ელემენტარული ჰიგიენის ნივთები, როგორიცაა საპონი, შამპუნი და ტუალეტის ქაღალდი, მათ რეგულარულად არ მიეწოდებოდათ.

2025 წლის 14 თებერვალს, როცა პოლიციამ ბავშვები შემთხვევით აღმოაჩინა (მეპატრონემ იჩივლა ქირის საფასურის დაგვიანების გამო), სახლის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ შემთხვევის ადგილზე მისულმა თანამშრომლებმა დამცავი აღჭურვილობა გამოიყენეს. ტუალეტი გადავსებული იყო, ონკანი არ მუშაობდა და სახლის ზოგიერთ ნაწილში გადაადგილებაც კი რთული იყო.პოლიციის თქმით, სუნი იმდენად მძიმე იყო, რომ ერთ-ერთმა თანამშრომელმა თავდაპირველად იფიქრა, რომ შესაძლოა სახლში გვამი ყოფილიყო.

ბავშვების გარეგნული მდგომარეობაც მძიმე იყო: მათ ჰქონდათ დასვრილი ტანსაცმელი, წლობით მოუვლელი, დაუვარცხნელი თმა და ფეხის თითებზე უკიდურესად გაზრდილი ფრჩხილები, რომლების გამოც სიარულიც კი უჭირდათ.ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დეტალი იყო ისიც, რომ ორი გოგონა პიცის ყუთებზე იძინებდა.

images-2-1786966186.jfif

რატომ ვერავინ შეამჩნია ბავშბები?

ეს შემთხვევის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კითხვაა.

სამი ბავშვი წლების განმავლობაში:

  • სკოლაში არ დადიოდა;
  • გარეთ თითქმის არ გადიოდა;
  • ექიმებთან ჩვეულებრივ ვიზიტებზე არ ჩანდა;
  • მეზობლებთან კონტაქტი არ ჰქონდა;
  • სახლში პრაქტიკულად არავინ შედიოდა.

პანდემიის პერიოდის დასაწყისი ამ ამბავს კიდევ უფრო ართულებს: ბავშვების სახლიდან სწავლა და სოციალური იზოლაცია 2020 წელს ბევრად ნაკლებად უჩვეულო იყო, ვიდრე სხვა დროს.

თუმცა ოფიციალურ უწყებებს ჯერ არ გამოუქვეყნებიათ სრული ანგარიში, რომელიც ყველა კითხვას უპასუხებდა — მაგალითად, ზუსტად როდის და რატომ შეწყდა მათი სკოლაში სიარული და რა ეტაპზე დაკარგა მათთან კონტაქტი სოციალური სერვისების სისტემამ.

ფაქტია: სამი ბავშვი რამდენიმე წლის განმავლობაში საზოგადოების თვალსაწიერიდან ფაქტობრივად გაქრა.

სად იყო მამა?

თავდაპირველად ამ ისტორიაში მამაზე ბევრი არაფერი იყო ცნობილი.შემდეგ გაირკვა, რომ სურათი უფრო რთული იყო.

მამა გარკვეული პერიოდი ციხეში იმყოფებოდა. ამ პერიოდში ბავშვებთან კონტაქტი, ბუნებრივია, შეზღუდული ჰქონდა.მაგრამ გათავისუფლების შემდეგ მან 2022 წელს სასამართლოსგან შვილებთან შეხვედრის უფლება მიიღო.

პროკურატურისა და მოგვიანებით AP-ის მიერ აღწერილი საქმის მიხედვით, ქალი მას ბავშვებთან კონტაქტის საშუალებას არ აძლევდა.

რატომ ვერ შეძლო მან ამ უფლების ეფექტურად გამოყენება ან რატომ ვერ აღმოაჩინა ბავშვების მდგომარეობა უფრო ადრე — ეს საკითხი საჯარო მასალებში ბოლომდე ახსნილი არ არის.

გამოძიების მიხედვით, ბრაიანტი ოჯახის წევრებს ბავშვების შესახებ ატყუებდა და ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ისინი სხვა ადამიანთან, მათ შორის ძიძასთან, იმყოფებოდნენ.ამან, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმაში, რომ ოჯახის წევრებმა ვერ გააცნობიერეს, რომ ბავშვები ფაქტობრივად წლების განმავლობაში მარტო ცხოვრობდნენ.

images-1786964426.jfif

2025 წლის 20 თებერვალს ბრაიანტს ბრალდება წაუყენეს.მოსამართლემ თავდაპირველად $250 მილიონიანი ნაღდი გირაო დააწესა — უკიდურესად იშვიათი ზომა. მოსამართლემ თქვა, რომ ბრაიანტი ავშვებისთვის უკიდურესი საფრთხეა.

შემდეგ, 7 მარტს, გირაო $50,000 დოლარამდე შემცირდა, მაგრამ გათავისუფლების შემთხვევაში ეკრძალებოდა ბავშვებთან ან ნებისმიერ არასრულწლოვანთან კონტაქტი.

საქმის მსვლელობისას სასამართლომ ასევე დააწესა შეზღუდვები მის ბავშვებთან კომუნიკაციაზე.

2025 წლის მარტში საქმეს კიდევ ერთი მიმართულება დაემატა.გამოძიების თანახმად, ბრაიანტი ბავშვებისთვის განკუთვნილ სახელმწიფო დახმარებას იღებდა იმ პერიოდშიც, როდესაც ისინი უკვე წლები ცალკე ცხოვრობდნენ. ანუ გარდა იმისა, რომ ისინი მიტოვებული ჰყავდა ბედის ანაბარად, მათთვის განკუთვნილ თანხას ითვისებდა. პროკურატურამ ამ ნაწილში ბრალეულობისთვის ცალკე მოითხოვა სასჯელი დასაქმეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უწოდა, რადგან დახმარება სწორედ იმ ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი, რომლებსაც, გამოძიების მიხედვით, დედა აუცილებელ ნივთებსაც კი არ აწვდიდა.

ფსიქიკური ჯანმრთელობა — მნიშვნელოვანი, მაგრამ გაურკვეველი ნაწილი

საქმის პროცესში ბრაიანტის ფსიქიკური მდგომარეობაც შეაფასეს.2026 წლის ივნისში სასამართლომ დაადგინა, რომ იგი კომპეტენტური იყო სასამართლოს წინაშე წარსადგომად — ანუ ესმოდა, რა ბრალდებები ჰქონდა და როგორ მუშაობდა სასამართლო პროცესი.

ეს არ ნიშნავს, რომ სასამართლომ დაადგინა, თითქოს მას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს.მისმა ადვოკატმა სწორედ შესაძლო ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე მიუთითა და თქვა, რომ ჯერ გაუგებარია, რამდენად ჰქონდა მას საკუთარი ქმედებების გაცნობიერების უნარი. თუმცა საჯაროდ ხელმისაწვდომ მასალებში არ ჩანს ისეთი სამედიცინო დასკვნა, რომელიც მის კონკრეტულ დიაგნოზს ან ქმედების მოტივს დაადგენდა.

სექტემბერში საბოლოო სასამართლო შედგება და განაჩენს გამოიტანს მოსამართლე. მანამდე, დედას უკვე შეუწტდა მშობლის უფლებები. ის კანონიერად აღარ არის ბავშვების მშობელი ან მეურვე. პატარებს საშუალებას მისცემენ,განაგრძონ რეაბილიტაცია და არ ეკონტაქტონ დედას.

2026 წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით, ბრაიანტი გარკვეულ საპროცესო შეთანხმებაზე წავიდა და შეთანხმების მიხედვით, მინიმუმ ექვსწლიანი პატიმრობა ელოდება. Oakland County-ის პროკურატურის ოფიციალურ გვერდზე მისი სასჯელის თარიღად 2026 წლის 1 სექტემბერია მითითებული.

მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმე პრაქტიკულად დასასრულისკენ მიდის, ამ ისტორიის რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ გაურკვეველია.

  • რატომ დატოვა დედამ ბავშვები?
  • რატომ წაიყვანა ერთი ბავშვი მამასთან და სამი დატოვა?
  • რატომ არ გავიდნენ ბავშვები გარეთ?
  • რატომ არ დაძებნა მამამ ისინი?
  • რატომ ვერავინ შეამჩნია სამი ბავშვის გაუჩინარება?

ეს შესაძლოა საქმის ყველაზე დიდი სისტემური კითხვა იყოს.

16 ბავშვი წლობით ჰყავდათ დატყვევებული პაწაწინა ოთახში, უმძიმეს პირობებში... საკუთარ მშობლებს და ბებია-ბაბუას - პოლიციის მიერ გადარჩენილი და-ძმების მდგომარეობა შემაშფოთებელია (ვიდეო)
გოგონა, რომელიც საკუთარმა დედამ 10 წელი საქათმეში გამოკეტა - როგორია ახლა ყველასგან უარყოფილი მარია