ვიკა ბუკიას პოდკასტში სტუმრობისას, იუმორისტმა თათია სულუაშვილმა თავის კოლეგა და მეგობართან - დათუნა ტატულაშვილთან ერთად ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. მათ შორის, თავის ცხოვრებაზე და პრიორიტეტებზე, რომელთა შორის დედობა სულ პირველ ადგილზეა, ყოველთვის.
- ჩემი დილის რუტინა... მოდი, ასე დავარქვათ. ვიღაც ხომ იწყებს მეიქაფით, შხაპი, აბაზანა, ტანის კრემი, ქუსლის კრემი, ყურ-ბიბილოს კრემი, ნიკაპის, ღაწვის...ჩემი დილა იწყება დილის შვიდ საათზე: კატლეტი, პიურე, ბადრიჯანი, ქათამი მაიონეზში. ერთი ბავშვი, მეორე ბავშვი, იქნებ სარეცხის გაფენაც მოვასწრო, გამოწმენდა ბარემ... და სამსახურში მოვდივარ გაუბედურებული.
აი, რომ მეუბნებიან ხოლმე, რომ როგორია შენი დილის რუტინა — არ მაქვს დილის რუტინა. ყავას ვსვამ გადარბენით...
...ჩემი გმირები მართლა რადიკალურად განსხვავებული არიან ჩემი ხასიათისგან. ვიღაცებს რომ ძალიან ხუმარა და ღლიცინა ვგონივარ, საერთოდ არ ვარ ასეთი, მართლა. მიყვარს მარტოობა. არ ვიცი, როგორ გავერთო. სახლში მირჩევნია ყოფნა, შვილებთან...
ჩემი დედამთილი ავსტრიაში ცხოვრობს და რომ მიყურებს ხოლმე, ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ ჩემს ხუმრობებში, დადებითი განწყობით. მაგრამ სანამ გავთხოვდებოდი (ოცდასამი წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი), ლალი მიყვება ამ ყველაფერს, ჩემი დედამთილი... სანამ ვასო მოგიყვანდაო სახლშიო, მანამდეო ეკრანიდან გიცნობდიო... და მაშინ ვაკეთებდი კაცის როლებს და ძველი ბიჭის როლებს... და წარმოვიდგინეო, რომ უცებ შენ რომ ჩემს სახლში ხარო, ჩემი რძალიო. დავისვიო ვასო და ვუთხარიო, შვილო, დაფიქრდიო, კედელთან არ აგვაყუდოსო ამან და დედა არ გვიტიროს ყველასო... და მერე იხსენებდა, რომ რადიკალურად სხვა ხარო სინამდვილეში...

იცი, ჩემი განტვირთვა რა არის? ვიღაცას, ხომ კლუბი მოსწონს და მეგობრები, რა მჭირს, იცი? სახლში უნდა მივიდე და ბავშვები... თექვსმეტის და თერთმეტი წლისები არიან,მაგრამ მგონია, რომ დედა აკლდებათ, ანუ ჩემი დეფიციტი ხომ მუდმივად აქვთ? შვილებს ზოგადად დედის დეფიციტი სულ გვაქვს.
ორი კვირა ვიყავით ამერიკაში,ოღონდ როგორ ვიყავი, საცოდაობა იყო, უნდა გეყურებინათ ჩემთვის: "დიახ, ნანა მასწავლებელო, ფორმები შეიკერა", "იმის ფული გადმოირიცხა, რა ხდება იქ?" "ქართულის წიგნი დაკარგა ბავშვმა? ფორმა დაეხა?კი, ბატონო... გვექნება რეიტინგული წერა?"
პირველ რიგში, დედა ვარ. მერე ცოლი, მეგობარი და ბოლოს ვარ იუმორისტი. ბოლოს არის ჩემი პროფესია, ბოლოს ვიცლი ამისთვის.
დედობა ალბათ ყველაზე კარგად გამომდის...ოღონდ არ მომწონს. და არ მინდა, რომ ასეთი დედა ვიყო. იცი, როგორი დედა მინდა ვიყო და როგორი ქალების მშურს? აი, მაგალითად, დღეს დამისვამს კითხვა: რა გავაკეთო საჭმელი? მიფიქრია, რა გავუკეთო ბავშვებს საჭმელი? და ამ დროს რომ იტყვიან: აუ, რა ვიცი, გამოაღებენ მაცივარს და რაც იქნება, შეჭამენ... მშურს ასეთი დედების.
აი, ზღვაზე... ვაიმე, დათა, გამოდი აქეთ! გამოდი აქეთ, შვილო! ზღვაზე რომ წაიყვან ბავშვს და რომ არ უშვებ: ვაიმე, არ იტკინოს.
კაი, რა მოხდა? იტკინა, იტკინა.მერე რა, ბავშვია. მაგრამ არა, არ უნდა იტკინოს...ემოციური ვარ. სადაც არ უნდა ვიყო, მეგობრებთან, ქორწილში, დაქალთან, აუზზე, საზღვარგარეთ, მთელი გონებითვფიქრობ ამ ბავშვებზე. და მგონი ერთმანეთზე ვართ ყველა მიჯაჭვულები... მე რომ წავიქცე, მგონია, რაღაც კავშირია, აი, რაღაცნაირი მიჯაჭვულობა. არ ვიცი, ეს კარგია, ცუდია, მაგრამ მე მგონი, მე ვქმნი ამყველაფერს.