საქართველოში დღემდე საკმაოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ თუ ბავშვს ალერგიული დაავადება ან ასთმა აწუხებს, დასავლეთ საქართველოს ნოტიო კლიმატიდან აღმოსავლეთში, განსაკუთრებით კი თბილისში გადასვლა მის მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. თუმცა თანამედროვე ქალაქის გარემოში ჰაერის დაბინძურება თავად წარმოადგენს სასუნთქი გზების დაავადებების გამწვავების მნიშვნელოვან ფაქტორს და მხოლოდ კლიმატის შეცვლა პრობლემის გაქრობას არ ნიშნავს.
ამ საკითხზე ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა გადაცემაში „ჯანმრთელობის დღიურები“ ისაუბრა. ექიმის განმარტებით, წარმოდგენა, თითქოს დასავლეთ საქართველოდან თბილისში გადმოსვლის შემდეგ ასთმის მქონე ბავშვს სიმპტომები გაუქრება და მედიკამენტები აღარ დასჭირდება, წარსულიდან შემორჩენილი შეხედულებაა. მისი თქმით, ათწლეულების წინ თბილისი გაცილებით ნაკლებად ურბანიზებული და დაბინძურებული იყო, დღეს კი ვითარება მნიშვნელოვნად განსხვავებულია — ქალაქში ჰაერის ხარისხზე გავლენას ახდენს ინტენსიური ტრანსპორტი, მშენებლობა და მყარი ნაწილაკებით დაბინძურება.
„ყველას მენტალობაში რატომღაც გაჟღენთილია, რომ თუ მე დასავლეთ საქართველოში ვცხოვრობ — წყალტუბოში, წალენჯიხაში, ფოთში, ქუთაისში, ხონში, სამტრედიაში, ბათუმში — და მყავს შვილი, რომელსაც აქვს ასთმური სიმპტომატიკა ან ასთმის დიაგნოზი, თუ საცხოვრებლად თბილისში წამოვალ, რატომღაც ჰგონიათ, რომ ეს პრობლემები უკვალოდ გაქრება და მათი შვილები წამლის გარეშე შეძლებენ ცხოვრებას.
მაგრამ რა პარადოქსს ვაწყდებით? ეს იმდენად ძველი გადმონაშთია, როდესაც 60-იან, 70-იან და 80-იან წლებში ალერგიული დაავადებების რიცხვი მთელ მსოფლიოში ტენდენციურად იმატებდა. მაშინ მართლაც ასე იყო — თბილისის ქუჩებში სულ სამი-ოთხი მანქანა დადიოდა, ამდენი შენობა არ არსებობდა. დარწმუნებული ვარ, მაშინ მონიტორინგის სისტემები რომ არსებულიყო და ახლა რეტროსპექტულად მათი მონაცემების ნახვის საშუალება გვქონდეს, სულ სხვა სურათს დავინახავდით.
ახლა Air Quality-ს საიტზე ყოველდღე ვუყურებ და პაციენტებსაც ვაჩვენებ თბილისის სენსორების მონაცემებს. 365 დღიდან დაახლოებით 300 დღე მინიმუმ ნარინჯისფერ ნიშნულში ვართ, ანუ PM2.5-ის მაჩვენებელი დარღვეულია. მაგალითად, გუშინ ჩვენთან ახლოს, მარშალ გელოვანზე არსებულ სენსორზე, მთელი დღის განმავლობაში ოთხჯერ იყო მომატებული.
ამიტომ, რა თქმა უნდა, ასეთ ურბანულ გარემოში ბავშვის გადმოყვანა პრობლემას ავტომატურად ვერ მოაგვარებს. ხანდახან მეკითხებიან და ხუმრობითაც ვეუბნები — კარგია აღმოსავლეთ საქართველო, მაგრამ მაშინ გადმოდით და ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში დასახლდით-მეთქი. მეკითხებიან, საბუეში რა გვინდაო. თუ აღმოსავლეთ საქართველოში გადმოდიხარ სუფთა ჰაერის გამო, მაშინ სმოგისგან თავისუფალ ადგილას უნდა იცხოვრო, თუ გინდა, რომ ეს შენს შვილს გამოადგეს. ნუკრიანი, ზემო მაჩხაანი — იდეალური ადგილებია.
მაგრამ ადამიანები იქ არსებობისთვის საჭირო პირობებს ხშირად ვერ მოიპოვებენ და იძულებული არიან, ქალაქში იცხოვრონ. ამიტომ ყველას ვთხოვ ხოლმე — სუფთა ჰაერს ნუ გაცვლით მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენს ძვირფას სოფელში, ფოთში, წალენჯიხაში თუ დასავლეთ საქართველოს სხვა რაიონში მეტი ნესტია. დარჩით, გთხოვთ, იქ, იმიტომ, რომ წამლების იგივე რაოდენობა აქაც შეიძლება დასჭირდეს ბავშვს. აქ უკვე სხვა შეწონილი პრობლემებია — ალერგენებთან ერთად ჰაერის დაბინძურებაც.
ამიტომ ეს რელოკაციები და წარმოდგენა, რომ საცხოვრებელი ადგილის შეცვლით შენი შვილი აუცილებლად კარგად გახდება, თუნდაც ამას კურორტოთერაპიის კონტექსტში შევხედოთ, არასწორია. ამაზეც განმარტება უნდა მივცეთ ჩვენს მოსახლეობას“, - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.