გაზაფხულზე ალერგიული დაავადებების გამწვავებას ხშირად სხვადასხვა მცენარის ყვავილობას უკავშირებენ. საქართველოში ამ მხრივ ერთ-ერთ მთავარ „დამნაშავედ“ წლების განმავლობაში ჭადარი მიიჩნეოდა — განსაკუთრებით ქალაქებში, სადაც მისი ყვავილობის პერიოდში ჰაერში დიდი რაოდენობით ბუსუსი და მცენარეული ნაწილაკი ვრცელდება. თუმცა, როგორც ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი გადაცემაში „ჯანმრთელობის დღიურები“ განმარტავს, თანამედროვე აერობიოლოგიური და პოლინაციური კვლევები აჩვენებს, რომ ჭადრის ალერგენული პოტენციალი ისეთი მაღალი არ არის, როგორც ხშირად გვგონია. ექიმის თქმით, ურბანული გამწვანებისას გაცილებით მეტი ყურადღება უნდა მიექცეს სხვა მცენარეებს, მათ შორის კვიპაროსს, რომლის მტვერსაც ძლიერი ალერგენული პოტენციალი აქვს.
„ჭადარი იყო ასთმის ერთ-ერთ მიზეზად აღიარებული და ამ დროს თანამედროვე აერობიოლოგიურმა და პოლინაციურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჭადრის ყვავილის მტვრის პოტენციური ძალა ძალიან სუსტია.
ის უფრო მექანიკური გამღიზიანებელია, რომელიც დიდი მოცულობით გადაადგილდება. ნებისმიერ ადამიანს, თუ სასუნთქ გზებში მოხვდება, შეიძლება ხველა და გაღიზიანება დააწყებინოს. მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, მაგალითად, კვიპაროსის ყვავილია.
კვიპაროსი დღეს ურბანულ გამწვანებაში ფართოდ გამოიყენება, რადგან ადვილად ხელმისაწვდომია, სწრაფად იზრდება და მეორე-მესამე წელს უკვე იმ ზომას აღწევს, რომ გასაყიდად და გამწვანების პროექტებში გამოსაყენებლად ხელსაყრელია. ამიტომ მისი მასობრივი გავრცელება ხდება. ამ დროს კი კვიპაროსის ყვავილის მტვრის პოტენციური ძალა ხუთი ქულით ფასდება, ანუ მაქსიმალური მაჩვენებელი აქვს, ჭადრის კი — სამი ქულით.
საცოდავ ჭადარს ძალიან დიდი სარგებლის მოტანაც შეუძლია. მას შეუძლია როგორც ჟანგბადისაც იმუშაოს, იმიტომ, რომ დიდი ხეა, ფოთოლი აქვს დიდი და ძალიან დიდი სარგებელი მოაქვს. ევროპაში რომ ჩავდივართ — პარიზში, ბარსელონაში თუ სხვაგან — გვიკვირს ხოლმე, ამდენი ჭადარი რატომ აქვთ და რატომ არ ჭრიან. იმიტომ, რომ დამაზიანებელი არაფერი არ არის. სწორედ ასეთი დაკვირვებები, აი, ასეთი ინფორმაციის წყაროა, რომ ჩვენ თუნდაც პოლიტიკის განხორციელებისას გამოვიყენოთ. როცა ცოტა მანქანა გვინდა და კარგი კონტროლი გვინდა და ტექთვალიერება გვინდა, იგივეა, თუ ჩვენ ბევრი კვიპაროსი დავრგეთ ეხლა და ყველგან ესენი მოვაშენეთ, რა თქმა უნდა, ისეთი ალერგიები გვაქვს უკვე ორი-სამი თვე, გაზაფხულის პირველ თვეებში წამალიც არ შველის პაციენტებს.
ამიტომ გადაწყვეტილების მიმღებებმა აქცენტი ფართოფოთლოვან ხეებზე უნდა გააკეთონ. შეიძლება ისინი შედარებით გვიან იზრდებოდეს, მაგრამ მერე რა? უპირატესობა მათ უნდა მივანიჭოთ. შეიძლება იყოს აკაცია და მსგავსი ტიპის ხეები.
ამ საკითხსაც გარკვეული ადვოკატირება სჭირდება, რადგან პოლიტიკის განმახორციელებელმა შეიძლება გითხრას — მომაწოდეთ ინფორმაცია, სპეციალისტი ხომ არ ვარ, საიდან უნდა ვიცოდე, რა დავრგო და რას მივანიჭო უპირატესობა ტენდერში, როდესაც ესა თუ ის კომპანია გამწვანების პროექტს წარადგენს.
ამიტომ ყოველთვის ვცდილობთ სხვადასხვა პლატფორმის გამოყენებას, რათა გამწვანებასაც, როგორც ჩვენი ურბანული ჯანმრთელობის განუყოფელ ნაწილს, დიდი ყურადღება მივაქციოთ“, — ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.