მოჰან კუმარის ისტორია ინდოეთის ერთ-ერთ ყველაზე შემზარავ კრიმინალურ საქმედ იქცა. გარეგნულად ის საერთოდ არ ჰგავდა ადამიანს, რომლისგანაც ახალგაზრდა ქალს სიცოცხლისთვის საფრთხე უნდა ეგრძნო. ის ყოფილი დაწყებითი სკოლის მასწავლებელი იყო, მშვიდი მანერებითა და ჩვეულებრივი გარეგნობით. სწორედ ეს უწყობდა ხელს მსხვერპლების ნდობის მოპოვებაში.
მოგვიანებით მას „ციანიდ მოჰანი“ შეარქვეს — იმიტომ, რომ ქალების მოსაკლავად ციანიდს იყენებდა. სასამართლო პროცესების შედეგად დადასტურდა, რომ 2003-2009 წლებში მან 20 ქალი მოკლა. ყველა მათგანი ახალგაზრდა, დაუქორწინებელი ქალი იყო.
მოჰან კუმარი კარნატაკის შტატში, ღარიბ ოჯახში დაიბადა. ახალგაზრდობაში სპორტით იყო დაკავებული, შემდეგ კი განათლება მიიღო და სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 1980-იან წლებში ის დაწყებით სკოლაში ასწავლიდა.
პირადი ცხოვრებაც გარედან ჩვეულებრივად გამოიყურებოდა. კუმარი რამდენჯერმე იყო დაქორწინებული და შვილებიც ჰყავდა.
თუმცა, მისი ცხოვრების მეორე მხარე თანდათან უფრო პრობლემური ხდებოდა.
2003 წლისთვის მან მასწავლებლის სამსახური დატოვა. ამის შემდეგ ქალებთან ურთიერთობა და მათი მოტყუება მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად იქცა.
კუმარი მსხვერპლებს სხვადასხვა სახელით ეცნობოდა. თავს ხშირად სტაბილური სამსახურის მქონე კაცად ასაღებდა და ქალებს არწმუნებდა, რომ დაქორწინდებოდა მათზე. იმ პერიოდში ბევრი ღარიბი ან დაუქორწინებელი ქალი სოციალურ წნეხს განიცდიდა და სასურველი ქმრის პოვნა რთული იყო. სწორედ ამ სისუსტეს იყენებდა სწორედ.

მისი დაპირება მარტივი იყო: ქორწილი, ოჯახი და უსაფრთხო ცხოვრება.
მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი ხაფანგი აღმოჩნდებოდა ხოლმე.
კუმარი ძირითადად 20-30 წლის ასაკის დაუქორწინებელ ქალებს ეძებდა. მათთან ურთიერთობას იწყებდა ისე, თითქოს სერიოზული განზრახვა ჰქონდა.
როდესაც ქალი მას ენდობოდა, შემდეგ ნაბიჯს სთავაზობდა — ერთად წასვლას სხვა ქალაქში, სადაც თითქოს დასაქორწინებლად ან ოჯახის წევრებთან გასაცნობად უნდა გამგზავრებულიყვნენ.
ქალები სახლიდან კუმართან ერთად მიდიოდნენ და ხშირად ოჯახში ამბობდნენ, რომ მალე გათხოვდებოდნენ.
კუმარს ისინი ისეთ ქალაქებში მიჰყავდა, სადაც მათ არავინ იცნობდა. იქ ავტოსადგურებთან ახლოს მდებარე სასტუმროებში ჩერდებოდნენ. სასტუმროს რეგისტრაციისას კი ყალბ სახელებსა და მისამართებს იყენებდა.
ეს დეტალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო: კუმარი ცდილობდა, მისი ნამდვილი ვინაობა და ქალის მასთან ყოფნა ერთმანეთთან ვერ დაეკავშირებინათ.
მისი დანაშაულის სქემა თითქმის ყოველთვის ერთნაირი იყო.ქალს არწმუნებდა, რომ მათი ურთიერთობა ქორწილით დასრულდებოდა. სასტუმროში ღამის გათევის შემდეგ (რასაკვირველია, სქესობრივი კავშირის ჩათვლით), მეორე დღეს თითქოს ჩვეულებრივი საქმეების მოსაგვარებლად მიდიოდნენ.
მანამდე კუმარი მსხვერპლს სთხოვდა, ძვირფასი ნივთები, განსაკუთრებით ოქროს სამკაულები, სასტუმროს ოთახში დაეტოვებინა. ქალებს, როგორც წესი, ძვირფასეულობა თან ჰქონდათ (ზოგიერთს მთელი მზითევიც კი თან მიჰქონდა), რადგან ფრთაშესხმული და დაიმედებულნი იყვნენ, რომ ქორწინდებოდნენ...
შემდეგ ავტოსადგურისკენ მიდიოდნენ.
იქ კუმარი ქალს ეუბნებოდა, რომ სპეციალური აბი უნდა მიეღო — თითქოს ორსულობის თავიდან ასაცილებელი კონტრაცეპტივი. სწორედ ამ აბში იყო ციანიდი. ქალები მას ენდობოდნენ და აბს იღებდნენ.რამდენიმე წუთში ცუდად ხდებოდნენ და ხშირად ავტოსადგურის ქალთა საპირფარეშოში ან მის მიმდებარედ ეცემოდნენ.
კუმარი კი იქ აღარ რჩებოდა...
ის უკან, სასტუმროში ბრუნდებოდა, იღებდა მსხვერპლის დატოვებულ ოქროსა და სხვა ნივთებს, სასტუმროდან გადიოდა და ქალაქს ტოვებდა.
ყველაზე შემზარავი კი ის იყო, რომ მსხვერპლი ხშირად უცხო ქალაქში კვდებოდა და თავიდან მისი ვინაობის დადგენაც კი ვერ ხერხდებოდა.
ზოგიერთ შემთხვევაში კუმარი მოგვიანებით მსხვერპლის ოჯახსაც უკავშირდებოდა და ეუბნებოდა, რომ მათი ქალიშვილი გათხოვდა და ბედნიერად ცხოვრობდა. ამით ის ოჯახის ეჭვებს კიდევ უფრო აქრობდა...

გამოძიების მიხედვით, კუმარმა ციანიდის შესახებ მაშინ შეიტყო, როდესაც მასწავლებლად მუშაობდა და ოქრომჭედელს იცნობდა. ოქროს დამუშავებაში ციანიდის გამოყენების შესახებ ინფორმაცია მან სწორედ ამ ნაცნობობის დროს მიიღო.შემდეგ ის ციანიდს მცირე რაოდენობით ყიდულობდა, ზოგჯერ კი თავს იუველირად ასაღებდა.ამ ნივთიერების გამოყენება მას სხვა უპირატესობასაც აძლევდა: მკვლელობა თავდაპირველად ყოველთვის აშკარა მკვლელობად არ გამოიყურებოდა. ქალი უბრალოდ უეცრად გარდაცვლილი ახალგაზრდა აღმოჩნდებოდა ან თვითმკვლელობად რაცხავდა. თანაც,იმ პერიოდში ავტოსადგურების საპირფარეშოებში ნაპოვნი ქალების სიკვდილის შემთხვევები ერთმანეთთან თავიდანვე არ დაუკავშირებიათ.
2003-2009 წლებში კარნატაკის რამდენიმე ქალაქში ახალგაზრდა ქალების გარდაცვალებაში საეჭვო დამთხვევები იპოვეს.ერთ-ერთი ყველაზე საეჭვო დეტალი იყო ის, რომ ბევრი ცხედარი ავტოსადგურის საპირფარეშოში აღმოჩნდა. ზოგიერთი საპირფარეშო შიგნიდან იყო ჩაკეტილი, რის გამოც თავდაპირველად პოლიციას უჭირდა იმის დადგენა, როგორ შეიძლებოდა იქ მკვლელი ყოფილიყო.
სხვა დეტალიც თვალში საცემი აღმოჩნდა: ქალებს ხშირად აღარ ჰქონდათ სამკაულები, რომლებიც სახლიდან წასვლისას ეკეთათ. ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, 20 შემთხვევიდან რვა, ქალაქ მაისურის ერთ-ერთ ავტოსადგურში, ლაშკარ მოჰალას რაიონში მოხდა, კიდევ ხუთი კი ბენგალურუს კემპეგოუდას ავტოსადგურთან იყო დაკავშირებული.ნელ-ნელა პოლიციამ ივარაუდა, რომ საქმე ეხებოდა არა ცალკეულ უბედურ შემთხვევებს, არამედ - ერთსა და იმავე დამნაშავეს.
საქმის გახსნაში მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ახალგაზრდა ქალის, ანიტას, გაუჩინარება.ქალი კუმარმა ქორწინების დაპირებით გაიცნო. ისინი ჰასანში ჩავიდნენ და სასტუმროში გაჩერდნენ. მეორე დღეს კუმარმა ის ავტოსადგურში წაიყვანა.
მოგვიანებით ანიტა ქალთა საპირფარეშოში უგონოდ იპოვეს.კუმარი კი იმ დროისთვის უკვე სასტუმროში ბრუნდებოდა.
მან აიღო ქალის ოქროს სამკაულები, ნივთები ჩაალაგა და სასტუმრო დატოვა. შემდეგ ავტობუსით ქალაქიდან წავიდა. პოლიციამ მოგვიანებით შეძლო მისი მოძრაობის აღდგენა...
2009 წლის ოქტომბერში პოლიციამ საბოლოოდ დააკავა მოჰან კუმარი.
დაკავებამ გამოძიებისთვის სრულიად ახალი სურათი შექმნა. დაკითხვის შემდეგ პოლიციამ მასთან მრავალი ქალის გაუჩინარება დააკავშირა. კუმარმა, პოლიციის ინფორმაციით, აღიარა 20 ქალის მკვლელობა.

2010 წელს გამოძიება ჯერ კიდევ ვარაუდობდა, რომ მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა 18-ზე მეტი ყოფილიყო. სწორედ ამიტომ იმ პერიოდის ზოგიერთი სტატია სხვადასხვა ციფრს ასახელებდა. საბოლოოდ სასამართლოებში 20 მკვლელობის საქმე იქნა წარმოებული.
საქმე იმდენად მასშტაბური აღმოჩნდა, რომ 20 მკვლელობის საქმეებზე ცალკე სასამართლო პროცესები გაიმართა.
2013 წელს კუმარი სამ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მოგვიანებით კიდევ რამდენიმე საქმეზე გამოტანილი განაჩენები დაემატა. საბოლოოდ ხუთ საქმეში მას სიკვდილით დასჯა ჰქონდა მისჯილი, თუმცა მოგვიანებით ორი ასეთი განაჩენი უვადო პატიმრობით შეიცვალა.2017 წელს ის კიდევ ერთ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს — ამჯერად 22 წლის ქალის გაუპატიურებასა და მკვლელობაში.
2018 წელს კიდევ ერთი მკვლელობის საქმეზე გამოიტანეს განაჩენი.
2020 წლისთვის კი სასამართლომ განიხილა მე-20 და ბოლო მკვლელობის საქმე. დაზარალებული 25 წლის ქალი იყო კასარაგოდიდან, რომელიც ქალთა საერთო საცხოვრებელში მზარეულად მუშაობდა. კუმარმა მასაც ქორწინება შესთავაზა, შემდეგ ბენგალურუში წაიყვანა და იგივე სქემა გამოიყენა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო და უვადო პატიმრობა მიუსაჯა.
მოჰან კუმარის საქმე მხოლოდ მკვლელობების რაოდენობით არ არის გამორჩეული.მისი მთავარი იარაღი თავიდან ნდობა იყო.
ის მსხვერპლებს ძალით არ იტაცებდა. პირიქით — ცდილობდა, მათთვის სასურველ ადამიანად ქცეულიყო. დაქორწინებას ჰპირდებოდა, მათთან ერთად მგზავრობდა, ოჯახურ მომავალზე ესაუბრებოდა და შემდეგ სრულიად უცხო ქალაქში მიჰყავდა.
ქალები მასთან საკუთარი ნებით მიდიოდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ქორწილისთვის ემზადებოდნენ.
სწორედ ამიტომ მისი დანაშაულები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთმანეთთან დაკავშირებული არ ჩანდა...
დღეს კუმარი ციხეშია და უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი, სიკვდილით დასჯა სისრულეში არ მოუყვანიათ.2023 წელს შეწყალებასაც ითხოვდა.