ფსიქოლოგი ზანდა ჩეჩელაშვილი OK! Magazine Georgia-სთან ინტერვიუში საუბრობს იმაზე, არის თუ არა საჭირო ბავშვისთვის "არა"-ს თქმა, შენიშვნის მიცემა და გარკვეული საზღვრების დაწესება:
-ერთი ეს არის, როდესაც მშობელი ინდიფერენტულია, მაგრამ ძალიან ხშირია ახლა ლიბერალური მშობლები. ეს უფრო ლიბერალურ მშობლებს ახასიათებთ, რომ არ უნდა და ნუ მიესალმება, არ უნდა და ნუ იტყვის მადლობას ან ბოდიშს, ან უნდა და ჩაგარტყამს, ან უნდა და გატეხს, იმიტომ, რომ ასე გრძნობს და მე არ ვერევი კი არა, მე თავისუფლებას ვაძლევ ბავშვს, რომ რაც უნდა, ის გააკეთოს...
ძალიან ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი დამოკიდებულება ბავშვის მიმართ არც ერთ შემთხვევაში არ გამოგვადგება და არ გამოგვადგება უშუალოდ ბავშვისთვის. მიზეზი, რატომ აკეთებს ამას მშობელი, ჩემი გამოცდილებით რომ ვთქვა და ლიტერატურაც მოვიშველიო, არის ორი.
ორივე ეს დამოკიდებულება ბავშვს არ ეხმარება ემოციურ განვითარებაში, არც პიროვნულ განვითარებაში არ ეხმარება და სერიოზულ პრობლემებთან მივდივართ, ეს მართლა იწვევს პრობლემებს.
შევხედოთ ამას ცოტა შორიდან და ლოგიკურად. მე ვარ ბავშვი, მე არ ვიცი, რა არის კარგი და რა არის ცუდი. არ ვიცი. ეს უნდა მასწავლო შენ. სიტყვიერად უნდა მასწავლო, შენი მაგალითით უნდა ვისწავლო, სხვებზე დაკვირვებით — სხვა ბავშვები როგორ იქცევიან, სხვა ავტორიტეტები რას მეუბნებიან, ან რომ ვაკვირდები, ვინ სად როგორ იქცევა.
რატომ გვაქვს დღეს რაღაცა ქაოსი მოზარდებში და ბავშვებში? იმიტომ, რომ რასაც აკვირდებიან, მთლად სახარბიელო არ არის არც ქუჩაში, არც ტელესივრცეში და არც არსად. და რაღაცნაირად იმეორებენ ამას სხვადასხვანაირი ფორმით.
მაგრამ ლოგიკას რომ მივყვეთ, მე თუ არ ვიცი და შენ მეუბნები, რომ „შეგიძლია, ჩაარტყა, არაუშავს“, „ნუ იტყვი მადლობას“, „მერე რა, დასცინე“, „ნუ, ახლა ასეთი პერიოდი აქვს ჩემს შვილს“, ამით მე ბავშვს რას ვასწავლი?
ვასწავლი იმას, რომ მას შეუძლია არაფერზე პასუხისმგებლობა არ აიღოს. კიდევ ვასწავლი იმას, რომ ვალდებული არ არის, რომ თავისი ემოცია მართოს. ეს მეორე. მესამე - ვასწავლი იმას, რომ რაც უნდა, ის შეუძლია გააკეთოს.
და მეორე ადამიანი? ემპათია, თანაგანცდა, სხვისი პერსპექტივის გაგება, რაც ემოციური მომწიფებულობისთვის და პიროვნული ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია? ამასაც ახლა „არა უშავს“ და ვასწავლი იმას, რომ მის არც ერთ ქცევას არანაირი შედეგი არ მოჰყვება უარყოფითი.
რომელია ახლა აქედან ის, რაც, აი, შენ, დავანებოთ თავი ფსიქოლოგიას, შენი შვილისთვის გენდომებოდა — რომ პასუხისმგებლობას არ იღებდეს, ემპათია არ ჰქონდეს, რომ შედეგებზე არ ფიქრობდეს, არ ითვალისწინებდეს სხვა ადამიანებს? აი, დავფიქრდეთ, ხო?
ამიტომ ჩარჩო არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩარჩო და იმის ცოდნა, რომ რაღაცა შეიძლება და რაღაცა არ შეიძლება. ზოგჯერ საჭიროა ეს სიტყვები, გვჭრის ყურს ჩვენ, თორემ „არას“ თქმა საჭიროა. „ასე ჩვენ არ ვიქცევით“ — თქმა საჭიროა.
ახლა მე მესმის, რომ შენიშვნას რომ ვამბობ, კრიტიკას რომ ამბობ, დასჯას რომ ამბობ, რაღაცა საყვედურს ამბობ, ეს ყურს ცუდად ხვდება ჩვენს საუკუნეში და გვგონია, რომ ეს რაღაცა კოშმარია, მაგრამ რეალურად ეს არის, რომ ბავშვს ეუბნებიან: „ასე ჩვენ არ ვაკეთებთ“.
„არა“-ს თქმა სწორია, „არა“-ს თქმა აუცილებელია.
„არას“ თქმა არის აუცილებელი, მინიმუმ იმისთვის, რომ ბავშვმა თავადაც ისწავლოს „არას“ თქმა, რაც მისი უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი.„არა“ რომ იცოდე, შენ რომ თქვა მერე, ეს ვიღაცამ უნდა გასწავლოს. და „არა“ რომ თქვა, ეგ შენი უსაფრთხოებისთვის — ფიზიკური, ემოციური, სექსუალური უსაფრთხოებისთვის — არის აუცილებელი.