"შეიძლება მოჰყვეს ინსულტიც და ადამიანის გარდაცვალებაც" - გიორგი ღოღობერიძე გავრცელებულ ქცევაზე - მშობლები

"შეიძლება მოჰყვეს ინსულტიც და ადამიანის გარდაცვალებაც" - გიორგი ღოღობერიძე გავრცელებულ ქცევაზე

2026-08-18 15:40:59+04:00

კისრის „გატკაცუნება“ ბევრისთვის ჩვევაა — ზოგს დაჭიმულობის მოხსნის შეგრძნებას აძლევს, ზოგიც ამას უბრალოდ გაუცნობიერებლად აკეთებს. თუმცა თავისა და კისრის მკვეთრი მოძრაობებით გამოწვეული ტკაცუნი ყოველთვის ისეთი უვნებელი არ არის, როგორიც შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. განსაკუთრებით საყურადღებოა კისრის ძალისმიერი და ხშირი მანიპულაციები, რადგან ამ მიდამოში გადის სისხლძარღვები, რომლებიც თავის ტვინის სისხლით მომარაგებაში მონაწილეობს.

ექიმი და ინფლუენსერი გიორგი ღოღობერიძე განმარტავს, რომ კისრის ტკაცუნისას გაგონილი ხმა ე.წ. „მარილების დაშლას“ არ ნიშნავს. მისი თქმით, გარკვეულ შემთხვევებში კისრის მკვეთრმა მოძრაობამ შესაძლოა ვერტებრული არტერიის კედელი დააზიანოს და დისექცია გამოიწვიოს, რასაც იშვიათად, მაგრამ სერიოზული გართულებები შეიძლება მოჰყვეს.

„არასდროს გააკეთოთ კისრის გატკაცუნება ისე ხშირად, როგორც ბევრი აკეთებს ხოლმე, რადგან ამას შეიძლება ინსულტიც კი მოჰყვეს და მძიმე შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლესაც შეუქმნას საფრთხე.

წელის სახსრების გატკაცუნება და კისრის გატკაცუნება ერთი და იგივე არ არის. ბევრს ჰგონია, რომ ამ მოძრაობის დროს გაგონილი ტკაცუნით მარილები იშლება, მაგრამ ასე არ არის. მალებს შორის არის ფასეტური სახსრები. მოძრაობისას ამ სახსრებში წნევა მცირდება, სითხეში წარმოიქმნება ბუშტუკები და სწორედ მათ უკავშირდება ეს ხმა. ანუ ამ დროს არავითარი „მარილების დაშლა“ არ ხდება.

კისრის შემთხვევაში მთავარი საფრთხე სისხლძარღვებს უკავშირდება. ლავიწქვეშა არტერიებიდან ორივე მხარეს გამოდის ვერტებრული არტერიები. ისინი მონაწილეობენ თავის ტვინის ღეროს, ნათხემისა და თავის ტვინის უკანა ნაწილების სისხლით მომარაგებაში.

როდესაც თავს მკვეთრად გადავწევთ ან მოვაბრუნებთ, ეს არტერიები შეიძლება დაიჭიმოს. სისხლძარღვის შიგნითა შრე ძალიან თხელია და მისი დაზიანება შეიძლება მოხდეს. ამას დისექცია ეწოდება. შედეგად შეიძლება დაირღვეს სისხლის ნორმალური მიმოქცევა და განვითარდეს იშემიური ინსულტი. ასეთი ტიპის ინსულტი ახალგაზრდებშიც გვხვდება.

ეს იშვიათად ხდება, მაგრამ რისკი არსებობს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანი კისერზე ასეთ მკვეთრ მოძრაობებს ხშირად აკეთებს. სისხლძარღვის დაზიანებას შესაძლოა უკავშირდებოდეს თავბრუსხვევა, წონასწორობის დარღვევა და სხვა ჩივილებიც. ამიტომ კისრის თვითნებურ და ძალისმიერ გატკაცუნებას მოერიდეთ“, — განმარტავს გიორგი ღოღობერიძე.

ე.წ. გულის წნევას ყურადღებას თითქმის არავინ აქცევს. ჰგონიათ, ის პირველი წნევაა მთავარი, არადა ინფარქტს, ინსულტს რეალურად ეს წნევა განაპირობებს - როგორ ვარეგულიროთ დიასტოლური წნევა
ასე შეიძლება აღმოაჩინოთ იშემიური ინსულტის რისკი და მისი მინიმალიზაცია ან მისგან თავდაცვა შეძლოთ