ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საბოლოო შეფასებისას მნიშვნელოვანი კომპონენტია ქულების გათანაბრება, რომლის მიზანიც სხვადასხვა ვარიანტის სირთულის განსხვავების გათვალისწინებაა. შესაბამისად, აბიტურიენტის მიერ კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი ქულა საბოლოო, გათანაბრებული შედეგის იდენტური ყოველთვის არ არის და მისი ცვლილების მასშტაბი საგნისა და საგამოცდო ვარიანტის მიხედვით განსხვავდება.
ოთხი ძირითადი საგნის - ქართული ენისა და ლიტერატურის, ინგლისური ენის, ისტორიისა და მათემატიკის მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ გათანაბრების შედეგად აბიტურიენტების შედეგების ზრდა ზოგ შემთხვევაში რამდენიმე ქულას აღწევს, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში ცვლილება მინიმალურია და მხოლოდ მეასედებით განისაზღვრება.
ყველაზე მკვეთრი ცვლილება ინგლისური ენის გამოცდაზე დაფიქსირდა. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, ერთ შემთხვევაში აბიტურიენტის პირველადი შედეგი 35 ქულას შეადგენდა, გათანაბრების შემდეგ კი საბოლოო ქულამ 42.26 შეადგინა. შესაბამისად, ამ აბიტურიენტის შედეგი 7.26 ქულით გაიზარდა. ოთხივე საგნის მონაცემებს შორის ეს გათანაბრების შედეგად დაფიქსირებული ყველაზე დიდი მატებაა.
ინგლისური ენის გამოცდაზე გვხვდება საპირისპირო - მინიმალური ცვლილების მაგალითიც. ერთ შემთხვევაში 52 პირველადი ქულა საბოლოოდ 52.01 ქულად განისაზღვრა, რაც მხოლოდ 0.01 ქულის მატებას ნიშნავს.
მნიშვნელოვანი ცვლილებები ფიქსირდება ისტორიის გამოცდაზეც. ერთ-ერთი აბიტურიენტის პირველადი შედეგი 4 ქულა იყო, გათანაბრების შემდეგ კი მან 8.05 ქულა შეადგინა. სხვაობა 4.05 ქულას უდრის. ისტორიის მონაცემებში ყველაზე მცირე დადებითი ცვლილება 0.03 ქულა აღმოჩნდა - 23 პირველადი ქულა გათანაბრების შემდეგ 23.03 ქულად განისაზღვრა.
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე ყველაზე დიდი ზრდა 3.54 ქულას შეადგენს. კერძოდ, 18 პირველადი ქულა გათანაბრების შემდეგ 21.54 ქულად განისაზღვრა. ამავე საგანში ყველაზე მცირე დადებითი ცვლილება 0.17 ქულა იყო: 47 პირველადი ქულა საბოლოოდ 47.17 ქულად განისაზღვრა.
რაც შეეხება მათემატიკას, აქ მაქსიმალური ზრდა 3.04 ქულას შეადგენს. ერთ შემთხვევაში 41 პირველადი ქულა გათანაბრების შედეგად 44.04 ქულამდე გაიზარდა. ყველაზე მცირე დადებითი ცვლილება კი 0.35 ქულა იყო - 1 პირველადი ქულა საბოლოოდ 1.35 ქულად განისაზღვრა.
მონაცემების შედარება გვაჩვენებს, რომ ოთხივე საგანში გათანაბრების შედეგად მიღებული ზრდის მასშტაბი ერთმანეთისგან განსხვავებულია.
ვრცლად 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის გათანაბრებული ქულების სტატისტიკა შეგიძლიათ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ნახოთ.
ის, თუ როგორ მუშაობს ეროვნული გამოცდების ქულათა გათანაბრება, შეგიძლიათ, წაიკითხოთ Mshoblebi.ge-ს სტატიაში.
თამარ იაკობაშვილი