როგორ გავარჩიოთ აუტისტური სპექტრის ნიშნები მეტყველების პრობლემისგან - ენისა და მეტყველების თერაპევტი მთავარ განმასხვავებელზე - მშობლები

როგორ გავარჩიოთ აუტისტური სპექტრის ნიშნები მეტყველების პრობლემისგან - ენისა და მეტყველების თერაპევტი მთავარ განმასხვავებელზე

2026-08-23 11:08:38+04:00

ბავშვის მეტყველებისა და ენობრივი განვითარების ეტაპები მშობლებისთვის განსაკუთრებული ყურადღების საგანია. როდესაც ბავშვი გარკვეულ ასაკში ჯერ კიდევ არ ამბობს სიტყვებს, ნაკლებად საუბრობს ან თანატოლებთან შედარებით მეტყველება გვიან უვითარდება, მშობელს ბუნებრივად უჩნდება კითხვა — მხოლოდ ინდივიდუალურ ტემპთან გვაქვს საქმე თუ ეს შეიძლება განვითარების გარკვეულ სირთულეზე, მათ შორის აუტისტური სპექტრისთვის დამახასიათებელ ნიშნებზე მიუთითებდეს?

სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა ენისა და მეტყველების თერაპევტმა თინათინ ანთიძემ გვანცა დარასელიას პოდკასტში. წამყვანი დაინტერესდა, რა შეიძლება ჩაითვალოს იმ „ძახილის ნიშნად“, რომლის დროსაც მშობელმა ბავშვის განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს და სპეციალისტს მიმართოს.

გვანცა დარასელია: „მინდა გკითხოთ და, ალბათ, ყველა მშობელს გაუვლია ეს ფიქრი თავში, როდესაც მისი შვილი განვითარების სხვადასხვა ეტაპს გადის — რაღაც სიტყვებს არ ამბობს და ჩნდება შიში: აუტისტური სპექტრი ხომ არ აქვს, განვითარების შეფერხება ამ მიმართულებით ხომ არ არის? რა არის ის მართლაც მნიშვნელოვანი ნიშანი, რაც შეიძლება ამაზე მიანიშნებდეს და რა შემთხვევაშია უკვე აუცილებელი უშუალოდ სპეციალისტის ჩართვა?“

თინათინ ანთიძის განმარტებით, ენობრივი და მეტყველების განვითარების შეფასებისას ერთ-ერთი პირველი, რასაც მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს, ბავშვის კომუნიკაციის სურვილია — ცდილობს თუ არა ის სხვა ადამიანთან კონტაქტის დამყარებას და მისთვის სასურველის ან საინტერესო ინფორმაციის გაზიარებას.

„ამ შემთხვევაში, ჩემი კომპეტენციიდან გამომდინარე, პირველ რიგში გამოვყოფდი კომუნიკაციის სურვილს. რამდენად აქვს ბავშვს ჩვენთან კომუნიკაციის სურვილი? თუ ბავშვი მოდის, გვიყურებს თვალებში, ჟესტებით ცდილობს რაღაც გაგვაგებინოს, ეს ნიშნავს, რომ მისთვის სულ ერთი არ არის, საკომუნიკაციო პარტნიორი (მშობელი იქნება თუ თანატოლი) გაუგებს თუ არა. ამიტომ კომუნიკაცია არის პირველი ნაწილი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ“, — განმარტავს სპეციალისტი.

მისივე თქმით, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ბავშვს მარტო თამაში მოსწონს, თავისთავად პრობლემაზე არ მიუთითებს — მარტო თამაში ტიპური განვითარების ბავშვებისთვისაც ჩვეულებრივი მოვლენაა. საყურადღებო ხდება მდგომარეობა მაშინ, როდესაც სხვებთან ურთიერთობის სურვილის ნაკლებობა ხშირი და დომინანტურია და ბავშვის ყოველდღიური ფუნქციონირების სხვა სფეროებზეც აისახება.

თინათინ ანთიძე ასევე აღნიშნავს, რომ ენობრივი განვითარების სირთულეებს ზოგჯერ ქცევითი სირთულეებიც ახლავს. მაგალითად, ბავშვს შეიძლება სურდეს მშობლისთვის რაღაცის თქმა ან მოთხოვნა, მაგრამ ვერ ახერხებდეს საკუთარი სურვილის გასაგებად გადმოცემას. როდესაც უფროსი ვერ ხვდება, რა სურს მას, ამას შეიძლება გაღიზიანება და რთული ქცევა მოჰყვეს.

თუმცა მსგავსი შემთხვევა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ბავშვს აუცილებლად რაიმე დარღვევა აქვს. სპეციალისტის ჩართვის მიზანი სწორედ მდგომარეობის სწორად შეფასება და მშობლისთვის შესაბამისი მიმართულების მიცემაა. როგორც თინათინ ანთიძე განმარტავს, ზოგიერთ შემთხვევაში თერაპიაც კი არ არის საჭირო და შედეგისთვის შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს მშობლის მიდგომისა და ბავშვთან კომუნიკაციის ფორმის შეცვლა.

5 ხერხი, რომ ბავშვი დროულად ალაპარაკდეს და მეტყველების პრობლემები არ ჰქონდეს
რამ შეიძლება შეაფერხოს ბავშვის მეტყველება ან სოციალური ჩართულობა: ამ ასაკში ბავშვის ნებისყოფა, შემეცნებითი უნარები ყალიბდება, რომლებიც სკოლაში დასჭირდება