"რეპეტიტორიუმში იქნება შემცირებული რაოდენობის ჯგუფები, იქნებ 10 - ბავშვიანი ჯგუფები გავაკეთოთ" - მინისტრი სასკოლო ცხოვრებაში დაგეგმილ სიახლეებზე - მშობლები

"რეპეტიტორიუმში იქნება შემცირებული რაოდენობის ჯგუფები, იქნებ 10 - ბავშვიანი ჯგუფები გავაკეთოთ" - მინისტრი სასკოლო ცხოვრებაში დაგეგმილ სიახლეებზე

2026-08-24 16:25:12+04:00

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლებში რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს მზადება — პირველი, მეშვიდე და მეათე კლასებისთვის ახალი სახელმძღვანელოების ბეჭდვა დასასრულს უახლოვდება, ასევე სკოლებს უკვე შეძენილი აქვთ მობილური ტელეფონების შესანახი ყუთები, პარალელურად კი იწყება მუშაობა რეპეტიტორიუმის პროგრამაზე, რომელიც 2027-2028 სასწავლო წლიდან უნდა ამოქმედდეს.

მინისტრის თქმით, ახალი სახელმძღვანელოები სკოლებში 14 სექტემბრის ჩათვლით დარიგდება. ცვლილება ამჯერად პირველ, მეშვიდე და მეათე კლასებს შეეხება და ამ კლასების მოსწავლეები ჰუმანიტარული და STEM მიმართულებების სრულიად განახლებულ წიგნებს მიიღებენ.

ამასთან, იცვლება სახელმძღვანელოების შერჩევის პრინციპიც — საჯარო და კერძო სკოლებისთვის ერთი საერთო სტანდარტის წიგნები იქნება განსაზღვრული. საჯარო სკოლების მოსწავლეები მათ კვლავ უფასოდ მიიღებენ, კერძო სკოლებს კი მათი შეძენა მოუწევთ.

„პირველი, მეშვიდე, მეათე კლასის სახელმძღვანელოების ბეჭდვის პროცესი დასრულების პროცესშია. 14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული. დეტალურად გაწერილია გრაფიკი, როგორც ბეჭდვის, მოწოდების და შემდგომში დარიგების. პირველ, მეშვიდე და მეათე კლასში სრულიად ახალი სახელმძღვანელოები ექნებათ ბავშვებს, ჰუმანიტარული და STEM მიმართულებებით, აბსოლუტურად განახლებული და რაც მთავარია, ახალი პრინციპი შემოდის - ყველა სკოლაში, არ აქვს მნიშვნელობა არის საჯარო თუ კერძო, ეს ახალი სახელმძღვანელოები იქნება ერთი და საერთო სტანდარტის. არ იქნება 2, 3 და 4 სახელმძღვანელო. საჯარო სკოლებში ტრადიციულად უფასოდ მიეწოდება ეს წიგნები, ხოლო კერძო სკოლები შეიძენენ შპს „საგანმანათლებლო რესურსებიდან“ ამ წიგნებს.

ჩვენი მიზანია, რომ 2028 წლის ბოლომდე, ყველა საფეხურზე, ყველა საგანში, ჰუმანიტარულში და STEM მიმართულებებზე სახელმძღვანელოები მთლიანად უნდა ჩანაცვლდეს და უნდა იყოს ერთი სტანდარტული სახელმძღვანელო.

უკვე ინტენსიურად იწყება მუშაობა იმ სახელმძღვანელოებისთვის, რომელიც რეპეტიტორიუმისთვის უნდა იყოს გამოყენებული. ასევე, უახლოეს პერიოდში მოხდება პედაგოგების შერჩევა რეპეტიტორიუმისთვის, მათი გადამზადება და მათი მომზადება იმისთვის, რომ შემდეგი სასწავლო წლის დასაწყისში, უკვე რეპეტიტორიუმი ოფიციალურად ჩაეშვას.

რეპეტიტორიუმში ვერ იქნება 29 - ბავშვიანი ჯგუფები, აქ იქნება ბევრად უფრო შემცირებული რაოდენობის ჯგუფები, მინიმუმ ნახევარი. თუმცა ვცდილობთ გამოვნახოთ შესაძლებლობა, რომ იქნებ 10 - ბავშვიანი ჯგუფები გავაკეთოთ, იმისთვის, რომ ეს გადამზადება 3-4 საგანში, რომელიც მათ ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ, მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს. ის, რომ 3 ან 4 საგანში მოემზადებიან მთელი წლის განმავლობაში, იქნება ერთი - ერთში იმ მოთხოვნებსა და პროგრამასთან თანხვედრაში, რაც ეროვნული გამოცდების პროგრამითაა გათვალისწინებული და ბავშვების შემცირებული რაოდენობა იქნება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თავის შედეგს გვაჩვენებს. მოუთმენლად ველით 2027-2028 სასწავლო წლის დაწყებას, როცა პირველად ჩაეშვება რეპეტიტორიუმი. ჩვენი მიზანია ბავშვმა ისე დაამთავროს სკოლა, რომ მას თავისუფლად შეეძლოს ეროვნული გამოცდების ბარიერის დაძლევა და შესაბამის უნივერსიტეტში ადგილის მოპოვება“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

სახელმძღვანელოებთან ერთად, ახალი სასწავლო წლისთვის მზადების კიდევ ერთი ნაწილი სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენების ახალი წესის პრაქტიკულად ამოქმედებაა. საგაკვეთილო პროცესის დროს მოსწავლეებს ტელეფონების გამოყენება შეეზღუდებათ და სწორედ ამისთვის უნდა გამოიყენონ სკოლებმა სპეციალური შესანახი ყუთები.

მიქანაძის ინფორმაციით, სკოლებს საჭირო რაოდენობის ყუთები უკვე შეძენილი აქვთ. მათი რაოდენობა და განთავსების ადგილი ცენტრალიზებულად არ განისაზღვრება — თითოეული სკოლა ამას საკუთარი საჭიროებისა და სპეციფიკის მიხედვით გადაწყვეტს.

მინისტრი ხაზს უსვამს, რომ ახალი წესი სკოლაში მობილური ტელეფონის მიტანის აკრძალვას არ ნიშნავს. შეზღუდვა საგაკვეთილო პროცესს ეხება და წესით გათვალისწინებული იქნება გამონაკლისებიც, როდესაც ბავშვს ტელეფონით სარგებლობა შეეძლება. მასწავლებლებს კი ტელეფონის ჩაბარება სავალდებულოდ არ მოეთხოვებათ — მათ სთხოვენ, საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებს პირადი მაგალითი მისცენ.

“ჩემი ინფორმაციით, სკოლებს უკვე ეს ყუთები შეძენილი აქვთ საჭირო რაოდენობიდან გამომდინარე. ეს არ არის ტელეფონის მიტანის აკრძალვა, როგორც ამას ავრცელებდნენ. ასევე, არაერთგზის გავრცელდა სრული დეზინფორმაცია, რომ თითქოს, მასწავლებლებს ვუკრძალავდით ტელეფონის გამოყენებას. ჩვენ უბრალოდ მასწავლებლებს ვთხოვეთ, რომ თუკი მათ ტელეფონი არ სჭირდებათ რაიმე მასალის სადემონსტრაციოდ, მაგალითი მისცენ მოსწავლეებს და თვითონ განათავსონ ამ ყუთში ტელეფონი და აჩვენონ კონკრეტული მაგალითი იმისა, როგორ უნდა ხდებოდეს ეს პროცესი. ტელეფონების შეზღუდვა ხდება საგაკვეთილო პროცესის დროს. ჩვენი მიზანია, რომ მოსწავლე იყოს მაქსიმალურად ჩართული საგაკვეთილო პროცესში და არ ჰქონდეს კონცენტრირება სხვა რამეზე, მითუმეტეს, ინტერნეტში ჩართულ მობილურ ტელეფონზე. ეს მთლიანად ეწინააღმდეგება სასწავლო პროცესს და რა თქმა უნდა, გათიშულია მიმდინარე სწავლა-სწავლების პროცესიდან.

რა თქმა უნდა, ჩემი ბრძანებით გვაქვს დადგენილი კონკრეტული გამონაკლისები როდის შეუძლია, რა შემთხვევაში შეუძლია ბავშვმა ისარგებლოს მობილური ტელეფონით და ეს ყველაფერი გაწერილია. ჩვენ სწავლის დაწყებამდე კიდევ ერთხელ მოვიკითხავთ, დავინტერესდებით დეტალურად იმის თაობაზე, თუ რამდენად ყველა ამის შესახებ ინფორმირებულია. ეს საერთო მიზნებისთვის არის მნიშვნელოვანი პროცესი.

სკოლები [მობილური ტელეფონის შესანახ ყუთებს] იძენენ ინდივიდუალურად, იძენენ იმ რაოდენობით, რაც საჭიროა. სავარაუდოდ, ეს ყუთები უფრო საკლასო ოთახებში განთავსდება, თუმცა სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე, თითოეული სკოლა ინდივიდუალურად იმსჯელებს. ეს არის სკოლაში გადასაწყვეტი საკითხი“, - განაცხადა მიქანაძემ.

არ არის სავალდებულო, რომ მშობლებმა სკოლის ფორმები ჩვენგან შეიძინონ - მათ შეუძლიათ ფორმა გამოიწერონ ან შეაკერინონ - განათლების მინისტრი
თუ ეს არის მიზანმიმართული ნაბიჯი, რომ მე არ მინდა და არ ჩავაცმევ შვილს ფორმას, ამ შემთხვევაში, იწარმოებს აღმზრდელობითი კომპონენტი...ბავშვთან კი არ გვაქვს პრეტენზია, გვაქვს პირველ რიგში მშობელთან