შემთხვევა, რომელზეც ონლაინსივრცეში უამრავი ადამიანი საუბრობს, ალმა-ატაში მოხდა. Media Basket-ის სპორტულ-გასართობ ტურნირზე ტურნირის პრეზიდენტი და საკალათბურთო კლუბ Irbis-ის მფლობელი, ევგენი ბულატოვი, ყაზახ რეპერ Say Mo-ს გამოსვლისას, სცენაზე ავიდა, მუხლი მოიყარა და ქალს ხელი სთხოვა.ბულატოვმა არტისტს დოლარის კუპიურების უზარმაზარი თაიგული და Cartier-ის ყუთი გადასცა. სცენიდან გადაღებული ვიდეოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, Say Mo გაკვირვებული იყო და არ იცოდა, როგორ ემოქმედა. თუმცა მომღერალმა არ დააყოვნა და მოედანზევე უარი თქვა.
ვიდეო მაშინვე გავრცელდა სოციალურ ქსელებში და ბულატოვმა ცეცხლს ნავთი დაასხა წარწერით „ფიქრობთ, სწორად მოვიქეცი?“ კადრების გამოქვეყნების შემდეგ, ინტერნეტმომხმარებლები ორად გაიყვნენ: ზოგმა ეს ნაბიჯი თამამად მიიჩნია, ზოგმა კი - აჟიოტაჟის მიზნით დადგმულად.
გარკვეული დროის შემდეგ, ორგანიზატორებმა თქვეს, რომ ეს დაგეგმილი ხუმრობა იყო. თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ ამით უარყოფილი ბიზნესმენის სახელი დაიცვეს. თავად Say Mo-მ საჯაროდ არ დაადასტურა ბულატოვთან რომანტიკული ურთიერთობა.