2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულებისა და ჩარიცხულთა სიის გამოქვეყნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ გამოცდებზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან თითქმის მესამედი უნივერსიტეტს მიღმა დარჩა. ეს ბოლო 5 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საზოგადოების ნაწილს ჰგონია, რომ უფრო ღირსეულებმა ჩააბარეს და ყველაზე დაბალი მაჩვენებლების მქონენი დარჩნენ ჩარიცხვების გარეშე. სინამდვილეშ ყველაფერი აბიტურიენტის მიერ პრიორიტეტების არჩევამ, კონკრეტულ პროგრამებზე შექმნილმა კონკურსმა და ეგრეთ წოდებულმა "უნივერსიტეტების დალაგებამ" განაპირობა. უბრალოდ, "დალაგების" ის მიდგომა, რასაც აქამდე იყენებდნენ აბიტურიენტები, წელს რეფორმით შეცვლილ ვითარებაში საკმარისი აღარ აღმოჩნდა.
ჩარიცხულთა რანჟირებული სია მოწმობს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ბარიერთან მიახლოებული ქულებითაც მოხვდა ზოგი, როცა უფრო მაღალქულიანები ვერც ერთ პროგრამაზე ვერ ჩაირიცხნენ.
რანჟირებული სიის მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ რიგ სახელმწიფო უნივერსიტეტებსა და პროგრამებზე ჩაირიცხნენ აბიტურიენტები, რომელთა ერთ ან რამდენიმე საგანში მიღებული ნედლი ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვართან ძალიან ახლოს იყო. ზოგ შემთხვევაში კი კონკრეტულ საგანში მიღებული ნედლი ქულა იმ ვარიანტისთვის საჭირო მინიმალურ გამსვლელ ქულას ემთხვეოდა.
მნიშვნელოვანია განვმარტოთ, რომ ქვემოთ მოყვანილი შედეგები ნედლი ქულებია და არა გათანაბრებული ან სკალირებული ქულები.
2026 წლის საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულთა საერთო სიის ანალიზისას ჩანს, რომ ქართულ ენასა და ლიტერატურაში 15 ან ნაკლები ნედლი ქულა 100 ჩარიცხულს აქვს. მათ შორის არის 12-ქულიანი შედეგებიც, როცა ბარიერი 15-ზე მეტი იყო. (თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახეს. ბარიერი გათანაბრებული ქულით განისაზღვრება, ამიტომ გამოცდის სხვადასხვა ვარიანტის სირთულის გათვალისწინების შემდეგ შედარებით დაბალი ნედლი ქულაც შეიძლება გამსვლელი აღმოჩნდეს).
უცხო ენაში 15 ან ნაკლები ნედლი ქულით 271 აბიტურიენტი ჩაირიცხა, ხოლო ამ ჯგუფში ყველაზე დაბალი დაფიქსირებული შედეგი 13 ქულაა (ქართული — 29 ინგლისური — 13 მათემატიკა — 11).
განსაკუთრებით ბევრია ასეთი შემთხვევა არჩევით საგნებში. პირველ არჩევით საგანში 15 ან ნაკლები ნედლი ქულა 3 288 ჩარიცხულს აქვს, ხოლო ყველაზე დაბალი დაფიქსირებული შედეგი 10 ქულაა.
ეს ნიშნავს, რომ მინიმალურ ზღვართან ახლოს მიღებული შედეგებით ჩარიცხვა მხოლოდ ერთეული შემთხვევებით არ შემოიფარგლება — განსაკუთრებით ხშირად ასეთი მონაცემები არჩევით საგნებში გვხვდება.
საინტერესო მონაცემები გვხვდება თსუ-ს სამართლის პროგრამაზეც. რანჟირებულ სიაში რამდენიმე ჩარიცხულს მათემატიკაში მხოლოდ 10 ნედლი ქულა აქვს.
მაგალითად, გვხვდება ასეთი შედეგები:
ქართული — 46, ინგლისური — 61, მათემატიკა — 10;
ქართული — 42, ინგლისური — 47, მათემატიკა — 10;
ქართული — 44, ინგლისური — 23, მათემატიკა — 10;
ქართული — 34, ინგლისური — 40, მათემატიკა — 10.
აქვე ჩანს მნიშვნელოვანი გარემოებაც: ერთ საგანში მინიმალურ ზღვართან ახლოს მიღებული ქულა სულაც არ ნიშნავს, რომ აბიტურიენტს ყველა გამოცდაში დაბალი შედეგი ჰქონდა. მაგალითად, ზემოთ მოყვანილ ერთ შემთხვევაში მათემატიკაში 10 ქულის პარალელურად აბიტურიენტს ქართულში 46, ინგლისურში კი 61 ნედლი ქულა აქვს.
მათემატიკაში 10 ნედლი ქულით ჩარიცხულები თსუ-ს გეოლოგიის პროგრამაზეც გვხვდებიან. ასევე ტექნიკურ უნივერსიტეტშიც მშენებლობისა და სხვა საბაკალავრო პროგრამებზე.
რა თქმა უნდა, ეს მონაცემები არ ნიშნავს, რომ ყველა შედეგი ასეთი დაბალია. რა თქმა უნდა, ისინი უმცორესობას წარმოადგენენ. ასევე ამ მონაცემების შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნედლი ქულების უბრალო შეკრებით არ განისაზღვრება, ჩაირიცხება თუ არა აბიტურიენტი უნივერსიტეტში.
2026 წლის გამოცდებზე სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ქართულ ენასა და ლიტერატურაში გათანაბრებული ქულით 15-ზე მეტია, ინგლისურში — 14-ზე მეტი, მათემატიკაში — 10.2-ზე მეტი, ისტორიაში კი — 15-ზე მეტი.
თუმცა გამოცდის სხვადასხვა ვარიანტის სირთულის გათვალისწინებით ნედლი ქულები გათანაბრებას გადის. სწორედ ამიტომ ერთი და იგივე საგანში კონკრეტული ნედლი გამსვლელი ქულა ვარიანტების მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს. მაგალითად, ქართულში ერთ-ერთ ვარიანტში 12 ნედლი ქულაც საკმარისი აღმოჩნდა ზღვრის გადასალახად, მათემატიკაში კი ვარიანტების მიხედვით გამსვლელი ნედლი ქულა 10 ან 11 იყო.
მინიმალური ზღვრის გადალახვის შემდეგ კი აბიტურიენტი კონკურსში მონაწილეობს. საბოლოო ჩარიცხვაზე გავლენას ახდენს მისი გათანაბრებული და სკალირებული შედეგები, პროგრამის მიერ გამოცდებისთვის მინიჭებული კოეფიციენტები, ადგილების რაოდენობა და კონკრეტულ პროგრამაზე არსებული კონკურენცია.
შესაბამისად, სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხვა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ აბიტურიენტს ყველა ეროვნულ გამოცდაზე მაღალი ქულა ჰქონდა. 2026 წლის რანჟირებული სია აჩვენებს, რომ გარკვეულ პროგრამებზე ჩარიცხვა შესაძლებელი გახდა მაშინაც, როდესაც ერთ ან რამდენიმე საგანში შედეგი მინიმალური კომპეტენციის ზღვართან ძალიან ახლოს იყო.
რანჟირებული სიის მონაცემები ნათლად აჩვენებს, რამდენად განსხვავებული შეიძლება იყოს სახელმწიფო უნივერსიტეტებსა და კონკრეტულ პროგრამებზე ჩარიცხულთა საგამოცდო შედეგები და რამხელა მნიშვნელობა აქვს პრიორიტეტების სწორად დალაგებას.