"ჩემზე დაბალი ქულებით მოხვდნენ, მე კი გარეთ დავრჩი" - რატომ მივიღეთ ამდენი ჩაურიცხავი აბიტურიენტი, როცა ათასობით ადგილი სახელწიფო და კერძო უნივერსიტეტებში თავისუფალი დარჩა - მშობლები

"ჩემზე დაბალი ქულებით მოხვდნენ, მე კი გარეთ დავრჩი" - რატომ მივიღეთ ამდენი ჩაურიცხავი აბიტურიენტი, როცა ათასობით ადგილი სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში თავისუფალი დარჩა

2026-08-26 11:47:08+04:00

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ცხადი გახდა, რომ პრაქტიკულად, ყოველი მესამე აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში ვერ ჩაირიცხა. ბოლო 5 წლის განმავლობაში ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულ და შემდეგ ჩარიცხულ აბიტურიენტებს შორის ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციფრია.

წელი რეგისტრირებული ჩაირიცხა დაახლოებით ვერ ჩაირიცხა
2022 41 000-ზე მეტი 32 100-ზე მეტი დაახლოებით 23%
2023 45 000-ზე მეტი 34 843 დაახლოებით 23%
2024 47 000-ზე მეტი 32 000-ზე მეტი დაახლოებით 32%
2025 39 000-ზე მეტი 31 704 დაახლოებით 19%
2026 43 000-ზე მეტი 29 481 დაახლოებით 31%

განსაკუთრებულ გულისტივილს გამოთქვამენ ის აბიტურიენტები, რომლებმაც გამოცდები საშუალო ქულებზე ჩააბარეს, თუმცა ვერც ერთ პრიგრამაზე ვერ მოხვდნენ.

  • „15 ადგილი იყო და 12 ადამიანს ეწერა, მაგრამ მაინც ვერ მოვხვდი. უკვე აღარც კი მეპარებოდა ეჭვი, რომ ჩავირიცხებოდი.“
  • „36 პროგრამა მეწერა და მაინც გარეთ დავრჩი.“
  • „ჩემზე დაბალი ქულების მქონე აბიტურიენტები ჩვეულებრივად მოხვდნენ. შოკში ვარ, ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ.“
  • „ორი წელი ვემზადებოდი. მით უმეტეს, სოფლიდან დავდიოდი და რთულ პირობებში მიწევდა მომზადება. საშუალო ქულები მქონდა და კერძო უნივერსიტეტშიც კი ვერ ჩავირიცხე.“
  • „საშუალო ქულები მქონდა და ვფიქრობდი, სასურველ პროგრამაზე მოვხვდებოდი. ბევრი ჩემზე დაბალი ქულით ჩაირიცხა და ამან ძალიან გამაოცა. ყველაფერი წყალში ჩამეყარა.“
  • „ნამდვილად არ ველოდი მსგავს შეტყობინებას. რომ დავინახე, გავქვავდი, გავშრი...“
  • „ბავშვები მაღალი ქულებით დარჩნენ ჩარიცხვის გარეშე. ამაზე დიდი უსამართლობა რა უნდა იყოს?“
  • „ზოგი წერს, პროგრამები არასწორად დაალაგეთო. მაგრამ როგორ შეიძლება ამდენ ადამიანს ერთდროულად არასწორად დაელაგებინა?“ - ეს კომენტარები აბიტურიენტებმა სოციალურ ქსელში დაწერეს.

ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვა ისაა, რატომ დარჩა წელს უნივერსიტეტს მიღმა გაცილებით მეტი აბიტურიენტი, ვიდრე გასულ წელს. ამის მიზეზად აბიტურიენტები და მშობლები უნივერსიტეტებში ადგილების შემცირებასა და არასაკმარის კვოტებს ასახელებენ.

რიცხვები მართლაც თვალშისაცემია: 2025 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა და საბოლოოდ სტუდენტი 31 704 გახდა. 2026 წელს რეგისტრირებულთა რაოდენობამ 43 000-ს გადააჭარბა, საბაკალავრო საფეხურზე კი მხოლოდ 29 481 აბიტურიენტი ჩაირიცხა.

ანუ წელს აბიტურიენტთა რაოდენობა გაიზარდა, ჩარიცხულთა რაოდენობა კი, პირიქით, 2 223-ით შემცირდა.

იყო თუ არა მიზეზი ის, რომ უნივერსიტეტებში უბრალოდ ადგილები არ იყო საკმარისი? ცნობარისა და საბოლოო ჩარიცხვების ერთმანეთთან შედარება აჩვენებს, რომ მიზეზი მხოლოდ ეს არ არის.

სახელმწიფო უნივერსიტეტებში 3 700-ზე მეტი ადგილი თავისუფალი დარჩა

2026-2027 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში ბაკალავრიატისა და ერთსაფეხურიან პროგრამებზე მისაღები კონტინგენტი საბოლოოდ 21 574 ადგილით განისაზღვრა. ეს მთავრობის შესაბამის დადგენილებაშია ასახული.

საბოლოო ჩარიცხვების მიხედვით კი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 17 862 აბიტურიენტი ჩაირიცხა.

ეს ნიშნავს, რომ:

21 574 ადგილი იყო გამოყოფილი 17 862 აბიტურიენტი ჩაირიცხა 3 712 ადგილი შეუვსებელი დარჩა.

ანუ სახელმწიფო უნივერსიტეტებში გამოყოფილი ადგილების დაახლოებით 82,8% შეივსო, ხოლო დაახლოებით 17,2% — თავისუფალი დარჩა.

ამასთან, მეორე მნიშვნელოვანი გარემოებაც არსებობს: სახელმწიფო უნივერსიტეტებში ადგილების საერთო რაოდენობა შარშანდელთან შედარებით მართლაც მნიშვნელოვნად შემცირდა. 2025-2026 სასწავლო წელს 27 204 ადგილი იყო გამოცხადებული, წელს კი — 21 574. სხვაობა 5 630 ადგილია, ანუ დაახლოებით 20,7%.

ამიტომ მოსაზრება, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები შემცირდა, საფუძველს მოკლებული ნამდვილად არ არის. თუმცა საბოლოო შედეგი აჩვენებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებას: შემცირებული კვოტაც კი მთლიანად ვერ შეივსო.

რა მოხდა კერძო უნივერსიტეტებში — აქაც ათასობით ადგილი დარჩა

კერძო უნივერსიტეტების შემთხვევაში სურათი კიდევ უფრო საინტერესოა.

ცნობარში გამოცხადებული კერძო უნივერსიტეტების კვოტების შეჯამებით გამოდის, რომ კერძო უმაღლესებში საბაკალავრო/ერთსაფეხურიან პროგრამებზე დაახლოებით 15,2 ათასი ადგილი იყო გათვალისწინებული.

საბოლოოდ კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 11 619 აბიტურიენტი ჩაირიცხა.

შესაბამისად, კერძო სექტორშიც დაახლოებით 3,6 ათასი ადგილი დარჩა შეუვსებელი.

ანუ კერძო უნივერსიტეტებშიც პრობლემა არ ყოფილა ის, რომ ყველა არსებული ადგილი შეივსო და სხვა აბიტურიენტებისთვის ადგილი აღარ დარჩა. პირიქით, ცნობარისა და რანჟირებული სიის შედარება აჩვენებს, რომ თავისუფალი ადგილები კერძოებშიც საკმაოდ ბევრი დარჩა.

გამოდის, რომ ადგილები იყო — მაშინ რატომ ვერ ჩაირიცხა ამდენი აბიტურიენტი?

სწორედ აქ არის წლევანდელი შედეგების მთავარი თავისებურება. ერთი შეხედვით პარადოქსული ვითარება მივიღეთ: 13 ათასზე მეტი რეგისტრირებული აბიტურიენტი ბაკალავრიატზე ვერ ჩაირიცხა, მაშინ, როდესაც სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში ერთად 7 ათასზე მეტი ადგილი შეუვსებელი დარჩა.

ადგილების საერთო რაოდენობა ერთია, მათი კონკრეტულ უნივერსიტეტებს, პროგრამებსა და ჩასაბარებელ საგნებს შორის განაწილება კი — მეორე. აბიტურიენტი ნებისმიერ თავისუფალ ადგილზე ავტომატურად ვერ ხვდება: მნიშვნელობა აქვს მის მიერ ჩაბარებულ საგნებს, კონკრეტული პროგრამის მოთხოვნებს, მინიმალურ კომპეტენციის ზღვარს, საკონკურსო ქულას და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მის მიერ შედგენილ პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალს.

ამიტომ შესაძლებელია ერთ პროგრამაზე კონკურენცია იმდენად მაღალი იყოს, რომ აბიტურიენტი ვერ ჩაირიცხოს, მაშინ როდესაც სხვა პროგრამაზე იმავე უნივერსიტეტში ათობით ადგილი თავისუფალი რჩება.

წლევანდელი მონაცემებიდან ამ ეტაპზე ყველაზე მკაფიო დასკვნა სწორედ ესაა: სახელმწიფო უნივერსიტეტებში ადგილების რაოდენობა შარშანდელთან შედარებით ნამდვილად შემცირდა, მაგრამ ათასობით ადგილი მაინც შეუვსებელი დარჩა; თავისუფალი ადგილები დარჩა კერძო უნივერსიტეტებშიც. შესაბამისად, უნივერსიტეტს მიღმა დარჩენილი აბიტურიენტების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა მხოლოდ ადგილების საერთო სიმცირით ვერ აიხსნება — მშვნელობა აქვს, თუ როგორ გადანაწილდა ეს ადგილები პროგრამებს შორის და რამდენად დაემთხვა ეს განაწილება აბიტურიენტების რეალურ მოთხოვნას.

ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები - რომელი პროფესიები აირჩია ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა პირველ პრიორიტეტად და ჯამურად