ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები - რომელი პროფესიები აირჩია ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა პირველ პრიორიტეტად და ჯამურად - მშობლები

ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები - რომელი პროფესიები აირჩია ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა პირველ პრიორიტეტად და ჯამურად

2026-08-25 17:04:19+04:00

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები და ძირითადი სტატისტიკური მონაცემები უკვე ცნობილია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში თითოეული საგანმანათლებლო პროგრამისთვის მითითებულია, რამდენმა აბიტურიენტმა აირჩია იგი პირველ, მეორე, მესამე და მომდევნო პრიორიტეტად, ასევე სულ რამდენმა აბიტურიენტმა მიუთითა ეს თუ ის პროგრამა. პროგრამების რეიტინგის დასადგენად მონაცემები პროგრამებისა და უნივერსიტეტების მიხედვით ცალ-ცალკეა განხილული.

პირველ არჩევანად ყველაზე ხშირად სამართალი და ბიზნესის ადმინისტრირება დასახელდა

თუ მხოლოდ პირველ პრიორიტეტს შევხედავთ, 2026 წლის მონაცემებში მკაფიოდ ლიდერობს სამართალი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა პირველ არჩევანად 1 985-მა აბიტურიენტმა დაასახელა.

მეორე ადგილზეა ამავე უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირება, რომელიც პირველ პრიორიტეტად 1 902-მა აბიტურიენტმა აირჩია.

პირველ პრიორიტეტში ყველაზე მოთხოვნადი პროგრამების ათეული ასე გამოიყურება:

  1. სამართალი - თსუ: 1 985;
  2. ბიზნესის ადმინისტრირება - თსუ: 1 902;
  3. ფსიქოლოგია - თსუ: 669;
  4. ინგლისური ფილოლოგია - თსუ: 620;
  5. ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) საბაკალავრო პროგრამა ეკონომიკაში (ინგლისურენოვანი) - თსუ: 538;
  6. ტურიზმი - თსუ: 527;
  7. ეკონომიკა - თსუ: 507;
  8. საზღვაო ნავიგაცია (ქ. ბათუმი) - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია: 490;
  9. ბიზნესის ადმინისტრირება - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი: 466;
  10. არქიტექტურა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: 451.

რომელი პროგრამები აირჩიეს ყველაზე ხშირად ჯამში?

სურათი გარკვეულწილად იცვლება, როდესაც მხოლოდ პირველ არჩევანს აღარ ვითვალისწინებთ და ვაკვირდებით, ჯამურად რამდენჯერ მოხვდა თითოეული პროგრამა აბიტურიენტების პრიორიტეტულ არჩევანში.

ამ შემთხვევაში პირველ ადგილზეა კვლავ თსუ-ს ბიზნესის ადმინისტრირება - 9 209 არჩევანით.

მეორე ადგილზეა ტურიზმი - 6 171, ხოლო მესამე პოზიციას სამართალი - 5 749 არჩევანით იკავებს.

ჯამური არჩევანის მიხედვით ყველაზე მოთხოვნადი ათეული ასეთია:

  1. ბიზნესის ადმინისტრირება - თსუ: 9 209;
  2. ტურიზმი - თსუ: 6 171;
  3. სამართალი - თსუ: 5 749;
  4. საერთაშორისო ურთიერთობები - თსუ: 4 790;
  5. ფსიქოლოგია - თსუ: 4 505;
  6. საჯარო მმართველობა - თსუ: 4 332;
  7. ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი) - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი: 4 275;
  8. ბიზნესის ადმინისტრირება - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU: 3 454;
  9. ეკონომიკა - თსუ: 3 439;
  10. ინგლისური ფილოლოგია - თსუ: 3 164.

ვრცლად მონაცემებს შეგიძლიათ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში გაეცნოთ.

შეგახსენებთ, რომ 2026-2027 სასწავლო წლიდან "ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტი" პრინციპი ამოქმედდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ ქალაქში, კონკრეტულ პროგრამაზე მიღება, მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო შესაძლებელი.

თამარ იაკობაშვილი

ჩემზე დაბალი ქულებით მოხვდნენ, მე კი გარეთ დავრჩი - რატომ მივიღეთ ამდენი ჩაურიცხავი აბიტურიენტი, როცა ათასობით ადგილი სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში თავისუფალი დარჩა

რატომ დარჩა წელს მეტი აბიტურიენტი უნივერსიტეტებს მიღმა, ვიდრე შარშან - რამდენით შემცირდა სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულთა წილი და რამდენით გაიზარდა - კერძო სასწავლებლებში