როდესაც 2023 წლის სექტემბერში მარ გალსერანი ვალენსიის პარლამენტის დარბაზში შევიდა და დეპუტატის ფიცი დადო, ეს მხოლოდ მისი პირადი გამარჯვება არ ყოფილა. ეს იყო მომენტი, რომელმაც ესპანეთში ბევრ ადამიანს დაანახა, რომ დაუნის სინდრომი არ განსაზღვრავს ადამიანის შესაძლებლობების ზღვარს. მარ გალსერანი გახდა ესპანეთში პირველი ადამიანი და პირველი ქალი დაუნის სინდრომით, რომელიც რეგიონული პარლამენტის დეპუტატი გახდა. საერთაშორისო მედიამ მისი არჩევა ასევე ევროპული მასშტაბის მნიშვნელოვან პრეცედენტად შეაფასა.მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მარ გალსერანის ისტორია 2023 წელს არ დაწყებულა. ის პოლიტიკურ კარიერას ათწლეულების განმავლობაში ქმნიდა.
მარია დელ მარ გალსერან გადეა 1977 წლის 28 ოქტომბერს ვალენსიაში დაიბადა. დღეს ის 48 წლისაა.
მარ გალსერანის დღევანდელი წარმატების ყურებისას შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს კითხვა: ბავშვობიდანვე განსაკუთრებული შესაძლებლობები ჰქონდა? ყველაფერი ადვილად გამოსდიოდა?სინამდვილეში, მისი ისტორია უფრო საინტერესოა.
მარი დაუნის სინდრომით დაიბადა და, როგორც თავად და მისი ოჯახის წევრები იხსენებენ, ბავშვობიდანვე მეტი შრომა სჭირდებოდა, ვიდრე მის და-ძმებს. თუმცა მშობლებმა თავიდანვე გადაწყვიტეს, რომ მისთვის ცხოვრების სტანდარტები მნიშვნელოვნად არ შეემცირებინათ.
მარიმ იგივე სკოლაში ისწავლა, სადაც მისი ძმები და სამეზობლოს სხვა ბავშვები დადიოდნენ. სპეციალურ, განცალკევებულ სკოლაში არ გაუგზავნიათ. ზოგიერთ დღეს საშინაო დავალებების შესრულებას სხვებზე ბევრად მეტი დრო სჭირდებოდა — დედის თქმით, ზოგჯერ ორი საათით მეტიც კი, მაგრამ ის მაინც აგრძელებდა სწავლას.
მარის დედა, პილარ გალსერანი, იხსენებს, რომ შვილს არ ეპყრობოდნენ ისე, თითქოს მას აუცილებლად ყველაფერში განსაკუთრებული მოპყრობა სჭირდებოდა. ისევე ზრდიდნენ, როგორც სხვა შვილებს. მარის თქმითაც, ოჯახმა მას და მის ძმებს ერთნაირი განათლება მისცა, თუმცა მისგან მშობლები ზოგჯერ უფრო მეტ ძალისხმევასაც კი ითხოვდნენ, რადგან სჯეროდათ მისი შესაძლებლობების.
ეს არ ნიშნავს, რომ სირთულეებს არ ამჩნევდნენ. პირიქით — როცა რაღაც უჭირდა, ცდილობდნენ სხვა გზა ეპოვათ, რომ მას ცოდნა დაემტკიცებინა.მაგალითად, მარის დედა მასწავლებლებს უხსნიდა, რომ მის შვილს შეეძლო იგივე ცოდნის მიღება, რაც სხვა ბავშვებს, თუმცა ზოგჯერ მას უჭირდა ამ ყველაფრის დიდხანს წერილობით გადმოცემა. ამიტომ მისთვის ზეპირი გამოცდები ხშირად უფრო მოსახერხებელი იყო.
ეს ძალიან კარგი მაგალითია იმისა, რას ნიშნავს ინკლუზიური განათლება:მიზანი არ უნდა იყოს ბავშვისთვის მოთხოვნების გაუქმება; უნდა მოიძებნოს გზა, რომ მან თავისი შესაძლებლობები რეალურად გამოავლინოს.
2017 წელს, როცა უკვე Asindown-ის პრეზიდენტი იყო, თავად ყვებოდა, რომ მთელი განათლება ჩვეულებრივ, არაგანსაკუთრებულ სკოლებში მიიღო. მან დაამთავრა EGB, შემდეგ პროფესიული განათლება მიიღო და ორი პროფესიული მიმართულების კვალიფიკაცია მოიპოვა — საოჯახო საქმის ტექნიკოსისა და საბავშვო ბაღის ტექნიკოსის.
მარის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზაა: „მე შეცდომების დაშვების საშუალება მომცეს.“ეს, ერთი შეხედვით, უბრალო რამაა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია.ბავშვს, რომელსაც მუდმივად ეუბნებიან „ფრთხილად, შენ ეს არ შეგიძლია“, დამოუკიდებლობის სწავლა უჭირს.
მარის შემთხვევაში ოჯახი ცდილობდა, მას საკუთარი გამოცდილებით ესწავლა — მათ შორის შეცდომებითაც.
მარის აკადემიური გზა წარმატებული იყო, მაგრამ სოციალური ცხოვრება ყოველთვის მარტივი არ ყოფილა.თავად ამბობს, რომ მოზარდობის პერიოდი განსაკუთრებით რთული იყო.სკოლაში ჰყავდა თანაკლასელები და ზოგადად გარემოში ინტეგრირებული იყო, მაგრამ როცა საქმე სკოლის გარეთ მეგობრობას, კინოში წასვლას, საღამოს გართობასა და თანატოლების ჯგუფებს ეხებოდა, ხშირად გარეთ რჩებოდა.
ერთ ინტერვიუში პირდაპირ თქვა, რომ იმ პერიოდში გოგონები ხშირად გაურბოდნენ და მას მეგობრებიი არ ჰყავდა.ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია მისი დღევანდელი საქმიანობის გასაგებად.ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ მოგვიანებით, როდესაც პოლიტიკაში შევიდა, ინკლუზია და ადამიანებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა მისი ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა.
მარი იხსენებს, რომ მის ძმას ის თავის მეგობრებთან მიჰყავდა, აცნობდა ახალ ადამიანებს და ეხმარებოდა სოციალური ურთიერთობების დამყარებაში. ოჯახმა აქაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა - ოჯახი მის ნაცვლად არ ცხოვრობდა.ისინი მას საზოგადოებაში ცხოვრებას ასწავლიდნენ საზოგადოებაში ყოფნით.
დღეს მარი თავად ამბობს, რომ მშობლებმა ის ზედმეტად არ დაიცვეს და დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება მისცეს.
2025 წლის ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ დღეს მშობლებთან ცხოვრობს, მაგრამ დამოუკიდებელია ყოველდღიურ ცხოვრებაში — სახლიდან თავისუფლად გადის, ბრუნდება და განსაკუთრებული მოპყრობა არ სჭირდება.
მარ გალსერანის დედის ისტორია ალბათ ყველაზე საინტერესოა სწორედ მშობლებისთვის.
როდესაც ბავშვს დაუნის სინდრომი აქვს, ბუნებრივია, მშობელს ეშინია:„როგორ ისწავლის?“ „შეძლებს მუშაობას?“ „იქნება დამოუკიდებელი?“ „ეყოლება მეგობრები?“ „როგორ იცხოვრებს, როცა ჩვენ აღარ ვიქნებით?“
მარის დედასაც ჰქონდა ეს შიში. როდესაც მისი ქალიშვილი დაიბადა, არ იცოდა, როგორი იქნებოდა მისი მომავალი. მაგრამ ოჯახის გადაწყვეტილება იყო — არ დაეწესებინათ მისთვის წინასწარ ისეთი ზღვარი, რომელიც თავად ბავშვს ჯერ არც კი ჰქონდა გამოცდილი.
და შესაძლოა, სწორედ ეს არის ამ ისტორიის ყველაზე ძლიერი ნაწილი.
მარისთვის არ უთქვამთ:„შენ ეს არ შეგიძლია, რადგან დაუნის სინდრომი გაქვს.“
უფრო ხშირად ეუბნებოდნენ:„სცადე. თუ გაგიჭირდა, ერთად ვიპოვოთ გზა.“
და საბოლოოდ მან სკოლა დაამთავრა, პროფესია მიიღო, სახელმწიფო სამსახურში მუშაობა დაიწყო, პოლიტიკური კარიერა შექმნა, სოციალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ესპანეთის რეგიონული პარლამენტის დეპუტატი გახდა.
მისი ისტორია ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: ეს რ არის ზღაპარი იმაზე, რომ „შეზღუდული შესაძლებლობა არაფერს ნიშნავს“. სირთულეები ნამდვილად არსებობდა. მაგრამ მათთან ერთად არსებობდა განათლება, მხარდაჭერა, მოთხოვნები, შრომა და შესაძლებლობა, საკუთარი ძალები თავად გამოეცადა.და ალბათ ყველაზე ზუსტად მარის ცხოვრების საკუთარ სიტყვებს შეესაბამება:„თუ მე შევძელი აქამდე მოსვლა, რატომ ვერ შეძლებენ სხვები?“
ეს უკვე მხოლოდ ერთი ქალის ისტორია აღარ არის — ეს არის ისტორია იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის არა მხოლოდ დახმარება, არამედ ნდობა.
მისი პროფესიული განათლება მოიცავს საოჯახო საქმისა და საბავშვო ბაღის დამხმარე სპეციალობებსა და პროფესიულ მომზადებას. მაგრამ მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი საჯარო სამსახური გახდა.
მარ გალსერანის პოლიტიკით დაინტერესება ძალიან ადრე დაიწყო.18 წლის ასაკში ის ესპანეთის სახალხო პარტიის — Partido Popular-ის (PP) წევრი გახდა. თავად გალსერანის თქმით, პოლიტიკაში შესვლა მისთვის შემთხვევითი არჩევანი არ ყოფილა — მას პოლიტიკა ახალგაზრდობიდანვე აინტერესებდა.წლების განმავლობაში პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობდა.
სახელმწიფო სამსახურში 1997 წელს შევიდა. თავდაპირველად ვალენსიის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა, სადაც 2010 წლამდე დროებითი თანამშრომელი იყო. შემდეგ საჯარო სამსახურში მუდმივი პოზიცია მიიღო და სოციალური კეთილდღეობის, თანასწორობისა და ინკლუზიური პოლიტიკის სფეროში მუშაობდა; მოგვიანებით მისი სამსახური ჯანდაცვის უწყებას დაუკავშირდა.
გალსერანის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ცნობილი დეტალი ისაა, რომ 2010 წელს მან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის ადაპტირებული საჯარო სამსახურის კონკურსი ჩააბარა და სახელმწიფო მოხელე გახდა. მას შემდეგ იგი ვალენსიის რეგიონული მთავრობის სხვადასხვა უწყებაში მუშაობდა. პარლამენტში მოხვედრამდე მას უკვე ჰქონდა ათწლეულზე მეტხნიანი პროფესიული გამოცდილება სახელმწიფო სამსახურში.ამიტომ მისი პარლამენტში მოხვედრა ნამდვილად არ ყოფილა შემთხვევითი. პირიქით -პარლამენტში ის უკვე მომზადებული პროფესიული გამოცდილებით მივიდა.
2014 წელს გახდა Asindown Valencia-ს პრეზიდენტი — ორგანიზაციისა, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებსა და მათ ოჯახებს ეხმარება.ამ შემთხვევაშიც ის ისტორიაში შევიდა: გალსერანი გახდა პირველი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი, რომელიც ამ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა.
2010-იან წლებში მისი პოლიტიკური აქტიურობა კიდევ უფრო გაიზარდა და 2020 წელს იგი PP-ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებთან დაკავშირებული მიმართულების მდივანი გახდა.ეს მისი პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი იყო.
ის აღარ იყო უბრალოდ პარტიის რიგითი წევრი — უკვე თავად მონაწილეობდა იმ საკითხებზე მუშაობაში, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებებსა და საზოგადოებაში მათ ჩართულობას ეხებოდა.
2023 წლის რეგიონულ არჩევნებში გალსერანი ვალენსიის რეგიონული პარლამენტის არჩევნებში PP-ის კანდიდატთა სიაში მოხვდა.თავდაპირველად ის სიაში საკმაოდ დაბალ პოზიციაზე — მე-20 ადგილზე იყო.მაგრამ არჩევნების შემდეგ პარლამენტში ადგილი გათავისუფლდა და გალსერანმა დეპუტატის მანდატი მიიღო. 2023 წლის 14 სექტემბერს იგი ოფიციალურად გახდა Les Corts Valencianes-ის დეპუტატი.
მისი საჯარო გამოსვლების ერთ-ერთი მთავარი გზავნილი სწორედ ეს არის.გალსერანს არ სურს, რომ მისი პოლიტიკური საქმიანობა მხოლოდ დაუნის სინდრომთან იყოს დაკავშირებული.2023 წელს, როდესაც დეპუტატი გახდა, მან თქვა, რომ სურდა საზოგადოებას დაენახა ადამიანი და არა მხოლოდ მისი შეზღუდული შესაძლებლობა.ეს მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან, მისი აზრით, საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს უამრავი სტერეოტიპი.The Guardian-თან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, თითქოს მას დეპუტატის მოვალეობის შესრულება არ შეუძლია, ხშირად უბრალოდ არ იცნობენ მის გამოცდილებასა და შესაძლებლობებს.
მარ გალსერანი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმასაც, როგორ ვსაუბრობთ შეზღუდულ შესაძლებლობებზე.ის ხშირად საუბრობს იმაზე, რომ ადამიანისთვის მხოლოდ მისი დიაგნოზის დანახვა არასწორია.2024 წელს Euronews-თან საუბრისას მისი გზავნილი იყო, რომ სიტყვებს მნიშვნელობა აქვს და საზოგადოებამ ადამიანში პირველ რიგში ადამიანი უნდა დაინახოს.ეს საკითხი მისთვის მხოლოდ პოლიტიკური ლოზუნგი არ არის — ის საკუთარი ცხოვრების გამოცდილებიდან საუბრობს.

მარის მთავარი მიღწევა არაა მხოლოდ დეპუტატის სავარძელი.მისი მთავარი მიღწევა ისაა, რომ მანამდე არსებული წარმოდგენა შეცვალა.
თუმცა გალსერანის მიმართ ყველა რეაქცია დადებითი არ ყოფილა.თავად აღიარა, რომ სოციალურ ქსელებში ადამიანები ზოგჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ მის შესაძლებლობებს.მაგრამ მისი პასუხი მარტივია: ვინც მას აკრიტიკებს, ხშირად უბრალოდ არ იცის, რამდენი წელი იმუშავა მან იმისთვის, რომ იქამდე მისულიყო.ეს ალბათ მისი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.რადგან მისი წარმატება არ ყოფილა ერთ დღეში მომხდარი „სასწაული“.
დღეს მარი კვლავ ვალენსიის რეგიონული პარლამენტის მოქმედი დეპუტატია და Partido Popular-ის საპარლამენტო ჯგუფში შედის.მისი საქმიანობა განსაკუთრებით უკავშირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების პოლიტიკას, ინკლუზიასა და თანაბარ შესაძლებლობებს.ამასთან, ის არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ თემებით — როგორც მოქმედი დეპუტატი, მონაწილეობს პარლამენტის საერთო მუშაობაშიც.