ცნობილი იაპონელი ავანგარდისტი მხატვარი იაიოი კუსამა ტოკიოში 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. The Guardian-ის ცნობით, იგი 14 აგვისტოს გარდაიცვალა და მისი დაკრძალვა ვიწრო ოჯახურ წრეში გაიმართა.
იაიოი კუსამა იყო საერთაშორისოდ აღიარებული ავანგარდული მხატვარი, დიზაინერი და მწერალი. იგი დაიბადა იაპონიაში 1929 წელს და 1950-იანი წლების ბოლოს ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად. კუსამა 1960-იან წლებში ამერიკული მინიმალიზმის, პოპ-არტისა და პერფორმანსის ხელოვნების პიონერი გახდა, რამაც უშუალო გავლენა მოახდინა ისეთ მხატვრებზე, როგორებიც არიან ენდი უორჰოლი და კლაეს ოლდენბურგი. ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და კომერციულად წარმატებული მხატვარი მსოფლიოში. მისი ნამუშევრები აუქციონებზე რამდენიმე მილიონ დოლარად იყიდება, ხოლო მის გამოფენებს მსოფლიოში ყველაზე ბევრი ადამიანი ესწრება. 2008 წელს მისი ნამუშევრები 5 მილიონ დოლარზე მეტ ფასად გაიყიდა, რაც ცოცხალი მხატვრისთვის რეკორდია.


კუსამას საფირმო ნამუშევრებია წერტილები, რომლებიც მთელ სივრცეს ავსებენ (მისთვის სივრცის წერტილებით სრულად დაფარვა ინდივიდის უსასრულობასთან შერწყმის სიმბოლოა) და მასშტაბური ფსიქოდელიური ინსტალაციები. ბავშვობიდან იაიოი კუსამა ფსიქიკური დაავადებით, ჰალუცინაციებით და ობსესიური აზრებით იტანჯებოდა. მხატვრის დედა ხშირად სჯიდა მას, მოითხოვდა მორჩილებას, ეწინააღმდეგებოდა მის შემოქმედებით ვნებას და ნახატებს ყრიდა. ამან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვია, რამაც კუსამა თვითმკვლელობამდე კინაღამ მიიყვანა. 1977 წელს, მხატვარი ნიუ-იორკიდან ტოკიოში დაბრუნდა, რადგან მისი მდგომარეობა გაუარესდა და მას შემდეგ, ის დროის უმეტეს ნაწილს სეივას ფსიქიატრიულ კლინიკაში ატარებდა.


იაიოი კუსამა ასევე ცნობილია მოდის სახლ Louis Vuitton-თან თანამშრომლობით.
იხილეთ ვრცლად მხატვრის უჩვეულო ცხოვრების ამბავი: