ცნობილია, როდის მიიღებენ ფორმებს სხვადასხვა კლასის მოსწავლეები: "ეს არის ხა­რის­ხი­ა­ნი ფორ­მე­ბი, ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის არა­ნა­ი­რი საფრ­თხის შემ­ცვე­ლი არ არის" - მშობლები

ცნობილია, როდის მიიღებენ ფორმებს სხვადასხვა კლასის მოსწავლეები: "ეს არის ხა­რის­ხი­ა­ნი ფორ­მე­ბი, ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის არა­ნა­ი­რი საფრ­თხის შემ­ცვე­ლი არ არის"

2026-08-30 19:08:08+04:00

განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, 14 სექტემბრის ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება მხოლოდ პირველკლასელთა ფორმების რეალიზაცია, 15 ოქტომბრამდე ჩამოვა ფორმების მეორე ნაკადი, რომელიც მეორე და მესამე კლასელებისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო 30 ნოემბრამდე საქართველოში ხელმისაწვდომი იქნება მეოთხე, მეხუთე, მეექვსე კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმები.

როგორც გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი ფორმები ხარისხიანია და ჯანმრთელობას არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის.

„სულ 3 ეტაპია - პირველი ეტაპის ყველა ფორმა, რომელიც გათვალისწინებულია მხოლოდ პირველკლასელთათვის, უკვე შემოსულია საქართველოში და სარეალიზაციო პუნქტებში, რაც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში დარიგებულია. ასევე, ჩვენ გვაქვს დასაწყობებული ფორმები ონლაინ შესყიდვის შემთხვევაში.

ორშაბათს გვქონდა ონლაინ პლატფორმის პრეზენტაცია, რომელიც იძლევა დეტალურ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოხდეს ფორმების შეძენა. ამავდროულად, იქვე არის მოცემული ის საშეღავათო პირობები, რომელსაც სხვადასხვა ბანკები თავისი პოლიტიკიდან გამომდინარე ფორმის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს სთავაზობენ. ეს საშეღავათო პირობები იმოქმედებს საცალო შეძენის პუნქტებშიც ბანკის ტერმინალით, ამავე ბანკით გადახდის დროს, მაგრამ მთავარი მოცემულობა არის ის, რომ 1-ელი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით ვახორციელებთ მხოლოდ პირველკლასელთა ფორმების რეალიზაციას.

მოქმედი ხელშეკრულების მიხედვით, 15 ოქტომბრამდე უნდა ჩამოვიდეს მეორე პარტია, რომელიც რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, მეორე და მესამე კლასელებისთვის უნდა იყოს. 30 ნოემბრამდე უნდა ჩამოვიდეს დანარჩენი ფორმები, რომელიც უკვე მეოთხე, მეხუთე, მეექვსე კლასის მოსწავლეებისათვის არის განკუთვნილი.

ჩვენი მიზანია, პირველი სემესტრის დასრულებამდე, 31 დეკემბრის ჩათვლით პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლეს შესაძლებლობა ჰქონდეს, შეიძინოს ეს ფორმები, თუმცა ათასი სპეკულაცია გვესმის. მინდა ვთქვა, რომ თუკი ფორმის დიზაინი და ის სტანდარტი, რაც ნორმატიული აქტით არის განსაზღვრული, დაცული იქნება, მათ შეუძლიათ იგივე დიზაინის და იგივე კრიტერიუმების, სტანდარტის შემცველი ფორმები გამოიწერონ საზღვარგარეთის ონლაინ საიტებიდან, თუ ასეთი სურვილი არსებობს, ან მათთვის შერჩეულ სამკერვალოში მათ ადგილზევე შეაკერვინონ ეს ფორმა.აქ ჩვენ შეზღუდვა არასდროს დაგვიწესებია. ეს უკვე თითოეული მშობლის გადასაწყვეტია.

თუმცა ბოლოო დღეებში კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რაოდენ კონკურენტუნარიანი არის ფასის მიხედვით ის ფორმები, რასაც ჩვენ ვთავაზობთ. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ამ ფორმებთან დაკავშირებით არსებობს შესაბამისი საერთაშორისო შემფასებელი შვეიცარიული კომპანიის დასკვნა, რომელიც აბსოლუტურად ადასტურებს ამ ფორმების სტანდარტის სრულ შესაბამისობას მსოფლიო მასშტაბით სასკოლო ფორმების დადგენილ საერთო პრაქტიკასთან.

მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ეს არის ხარისხიანი ფორმები, ჯანმრთელობისთვის არანაირი საფრთხის შემცველი არ არის, ჩვენ გვაქვს მოლოდინი,რომ საზოგადოება ფორმებს მიიღებს. მათი უდიდესი ნაწილის მზაობა და პოზიტიური გამოხმაურება გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, რამეთუ ეს ძალიან ბევრ გამოწვევას პასუხობს, მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი არის სოციალური სამართლიანობის საკითხი“, - განაცხადა მიქანაძემ.

არ არის სავალდებულო, რომ მშობლებმა სკოლის ფორმები ჩვენგან შეიძინონ - მათ შეუძლიათ ფორმა გამოიწერონ ან შეაკერინონ - განათლების მინისტრი
უფასო სასკოლო ფორმების პროგრამა გაფართოვდა - კიდევ ვინ მიიღებს ფორმას უფასოდ