2026-2027 სასწავლო წელი უმაღლესი განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებებით იწყება. სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის სრულად დაფინანსების ამოქმედების პარალელურად, კერძო უნივერსიტეტებში სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების მოქმედი მოდელი აღარ გავრცელდება. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით აქტუალური ხდება სტუდენტთა მობილობის საკითხი - მათ შორის, კერძო უნივერსიტეტიდან სახელმწიფო უნივერსიტეტში გადასვლის შესაძლებლობა.
ბოლო პერიოდში ამ თემაზე არაერთი კითხვა გაჩნდა. აბიტურიენტების ნაწილი ამბობს, რომ უნივერსიტეტის არჩევისას ადგილმდებარეობა შეეშალა, ზოგიერთმა სტუდენტმა კი შესაძლოა, სწავლა ისეთ ქალაქში დაიწყოს, სადაც დარჩენა არ სურს. მაგალითად, თუ სტუდენტი აჭარაში მდებარე უნივერსიტეტში ჩაირიცხა, რეალურად კი თბილისში სწავლა სურდა, ბუნებრივად ჩნდება კითხვა - შეუძლია თუ არა მას პირველი სემესტრის დასრულებისთანავე თბილისში გადასვლა.
ამ სტატიაში მობილობის შესახებ პირველკურსელების ყველაზე აქტუალურ შეკითხვებს ვუპასუხებთ:
პირველ რიგში, განვსაზღვროთ, რას ნიშნავს შიდა და გარე მობილობა. გარე მობილობა - ერთი უნივერსიტეტიდან მეორე უნივერსიტეტში გადასვლის შესაძლებლობაა. შიდა მობილობა - უნივერსიტეტის შიგნით, ერთი პროგრამიდან მეორეზე გადასვლას გულისხმობს.
გარე მობილობა პირველი სემესტრის შემდეგ არ ხდება. სტუდენტს სხვა უნივერსიტეტში მობილობის უფლება ერთი წლის, ანუ ორი აქტიური სემესტრის გავლის შემდეგ წარმოეშობა.
ის სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხნენ და მობილობით სურთ სარგებლობა, პროგრამის დაშვების წინაპირობას უნდა აკმაყოფილებდნენ და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე შესაბამისი სავალდებულო საგნები ჰქონდეთ ჩაბარებული.
მაგალითად, თუ არჩევით საგნად მათემატიკა გაქვთ ჩაბარებული და სწავლობთ ბიზნესის ადმინისტრირებაზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მობილობით ქართულ ფილოლოგიაზე ვერ გადახვალთ, რადგანაც აღნიშნულ პროგრამაზე მიღება ერთიანი ეროვნული გამოცდებით ისტორიითა და ლიტერატურით ხდება.
იმისათვის, რომ გარე მობილობით ისარგებლოთ, რა თქმა უნდა, კონკრეტულ უნივერსიტეტში, თქვენთვის სასურველ პროგრამაზე ვაკანტური ადგილები უნდა იყოს.
რაც შეეხება შიდა მობილობას, შიდა მობილობით სარგებლობა, გარე მობილობისაგან განსხვავებით, პირველი სემესტრის შემდეგაც შეგიძლიათ. თუმცა, აუცილებელი პირობაა, რომ იმ პროგრამაზე, რომელზეც გადასვლა გსურთ, ვაკანტური ადგილები იყოს. თუ ვაკანტური ადგილები არ არის, გადასვლას ვერ შეძლებთ. ინფორმაცია ამის შესახებ უნივერსიტეტების ვებგვერდებზე წელიწადში ორჯერ, შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრების დაწყებამდე ქვეყნდება და ვადები ინდივიდუალურია.
ამავდროულად, შიდა მობილობით ვერ ისარგებლებთ, თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ის საგნები, რომლებიც აღნიშნულ პროგრამაზე ბარდება, არ ჩაგიბარებიათ. მარტივად რომ ვთქვათ, თუ იმ პროგრამაზე, სადაც გადასვლა გსურთ, არჩევითი საგნიდან მათემატიკის ჩაბარება იყო აუცილებელი, თქვენ კი ისტორია გაქვთ ჩაბარებული, გადასვლას ვერ შეძლებთ.
თუკი გარე მობილობით სხვა უნივერსიტეტში გადახვალთ, კონკრეტული ფაკულტეტი ინდივიდუალურად გადაწყვეტს, წინა უნივერსიტეტში ჩაბარებული საგნების კრედიტები ჩაგეთვლებათ, თუ სწავლას კვლავ 0 კრედიტით, პირველი კურსიდან გააგრძელებთ.
თუ სტუდენტი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უნივერსიტეტიდან გადავა კერძო უნივერსიტეტში, მას სწავლის ღირებულების გადახდა მოუწევს, ისევე როგორც პირიქით, კერძოდან სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოსვლის შემთხვევაში, მისი სწავლა დაფინანსდება - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ზვიად გაბისონიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
თუ 2026-2027 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტი კერძო უნივერსიტეტიდან სახელმწიფო უნივერსიტეტში გადავა, შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მას სწავლა უფასო გაუხდება. იგივე პრინციპი მოქმედებს საპირისპირო მიმართულებითაც: სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კერძოში მობილობის შემთხვევაში სტუდენტს სწავლა ფასიანი გახდება.
ეს ნიშნავს, რომ კერძო უნივერსიტეტში ჩარიცხვა სტუდენტს მომავალში სახელმწიფო უნივერსიტეტში გადასვლის შესაძლებლობას არ უკარგავს. თუმცა მობილობა ავტომატური პროცესი არ არის - აუცილებელია კანონითა და კონკრეტული უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილება და შესაბამის პროგრამაზე ვაკანტური ადგილის არსებობა.
სტუდენტმა მობილობისათვის უნდა გაიაროს შემდეგი ეტაპები:
ვრცლად ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე.
უნივერსიტეტის შეცვლის გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია, სტუდენტმა წინასწარ გაარკვიოს, რომელი კრედიტების აღიარება შეუძლია მიმღებ უნივერსიტეტს და რამდენი სასწავლო კურსის გავლა მოუწევს დამატებით.
ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც სტუდენტი ერთი პროგრამიდან მეორეზე გადადის ან განსხვავებული სასწავლო გეგმის მქონე უნივერსიტეტს ირჩევს.
მობილობის კონკრეტული ვადები ყოველ ჯერზე შესაბამისი ადმინისტრაციული აქტით განისაზღვრება. ამიტომ სტუდენტებმა ყურადღება უნდა მიაქციონ როგორც უნივერსიტეტის, ასევე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ინფორმაციას.
თამარ იაკობაშვილი