როდის დაამთავრებს სკოლას მე-11 და მე-12 კლასი ერთდროულად - დეტალები - მშობლები

როდის დაამთავრებს სკოლას მე-11 და მე-12 კლასი ერთდროულად - დეტალები

2026-08-31 09:58:54+04:00

საქართველოში ზოგადი განათლების სისტემა იცვლება და სრული ზოგადი განათლების ძირითადი ხანგრძლივობა 11 წლით განისაზღვრება. ახალი მოდელით, საშუალო საფეხური მოიცავს X და XI კლასებს, ხოლო XII კლასი მოსწავლეებისთვის ნებაყოფლობითი იქნება.

მნიშვნელოვანი საკითხია, როდის დადგება გარდამავალი პერიოდი და როდის დაამთავრებს სკოლას ერთდროულად ორი გამოშვება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 11-წლიანი განათლების პირველი გამოშვება 2028 წლის ზაფხულში იქნება. ახალი სისტემა შეეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც 2025-2026 წელს IX კლასში სწავლობდნენ. ისინი X კლასში 2026-2027 სასწავლო წელს, ხოლო XI კლასში - 2027-2028 სასწავლო წელს იქნებიან. შესაბამისად, სკოლას 2028 წლის ზაფხულში დაასრულებენ.

ამავე დროს, არსებული სისტემით მოსწავლეები, რომლებიც XII კლასში აგრძელებენ სწავლას (და ახლა მე-11 კლასში არიან), სკოლას ასევე 2028 წელს დაამთავრებენ. სწორედ ამიტომ, 2028 წელს პირველად მოხდება, რომ სკოლას ერთდროულად დაასრულებენ XI და XII კლასების მოსწავლეები. განათლების სამინისტროს განმარტებით, ამის გამო 2028-2029 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება.

რეფორმის შემდეგ XII კლასი სრულად არ ქრება. ის დარჩება ნებაყოფლობით არჩევანად იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც დამატებითი აკადემიური მომზადება ან ცოდნისა და უნარების გაძლიერება სურთ. ამისთვის წინასწარი რეგისტრაცია იქნება საჭირო. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კი ინფორმაციას დამატებით გაავრცელებს.

თამარ იაკობაშვილი

შესაძლებელია თუ არა კერძო უნივერსიტეტიდან სახელმწიფო უნივერსიტეტში გადასვლა და ასეთ შემთხვევაში, თუ მიეცემა სტუდენტს უფასოდ სწავლის შესაძლებლობა - ყველაფერი, რაც შიდა და გარე მობილობის შესახებ უნდა იცოდეთ